ფირნი
ფირნი (გერმ. Firn < ძვ. ზემო გერმ. firni — შარშანდელი, ძველი)[1] — მარცვლოვანი ყინული, რომელიც წარმოიშობა თოვლის გადაკრისტალებისა და მისი დნობით წარმოქმნილი წყლის თოვლის ფენებში ჩაჟონვით და ჩაყინვით, წყლის ორთქლის გადაკრისტალებისა და სუბლიმაციის შედეგად. თოვლის ზედა ფენების სიმძიმით ფირნი თანდათან გარდაიქმნება ყინულად.[2]
ფირნი წარმოიქმნება მთიან მხარეებში, თოვლის მიჯნის ზემოთ, და პოლარულ ქვეყნებში, სადაც ატმოსფერული ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის და ზაფხულის განმავლობაში გადნობას ვერ ასწრებს. ფირნის სიმკვრივე 450-იდან 800 კგ/მ³-მდე მერყეობს. თოვლი ფირნად გადაიქცევა მზის რადიაციის, ლეღმის, წყლის ორთქლის გადაკრისტალებისა და სუბლიმაციის შედეგად. ფირნსა და ყინულს გააჩნიათ სხვადასხვა კრისტალური სტრუქტურა, მარცვლების ორიენტირი და ზომები.[3]
განასხვავებენ ინფილტრაციულ ფირნს, რომელიც წარმოიქმნება თოვლში წყლის განმეორებითი გაყინვის შედეგად, რომელსაც თან სდევს ჩამოწოლა და გადაკრისტალება, რეჟელაციური ფირნი, რომელიც ყალიბდება დამრგვალების, კრებსითი გადაკრისტალებისა და ჩამოწოლის შედეგად და რეკრისტალიზაციური ფირნი, რომელიც თავის მხრივ, თოვლის მეტამორფიზმის შედეგად ყალიბდება თხევადი წყლის მონაწილეობის გარეშე.[3] ინფილტრაციული ფირნი ჩვეულებრივ გვხვდება მთის მყინვარების ფირნულ აუზებში (20–30 მ-მდე), რეჟელაციური და რეკრისტალიზაციური ფირნი ყინულსაფრების ზედა ჰორიზონტებში.[4]
სიდიდის მიხედვით გამოიყოფა წვრილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1 მმ), საშუალომარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1-3 მმ) და მსხვილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 3 მმ და მეტი) ფირნი.[4]
ფირნი გროვდება ფირნის აუზში — მყინვარულ ცირკში და აწარმოებს მყინვარის კვებას. აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდაში ფირნის სისქე 100 მ-მდეა. ესკიმოსები ფირნისგან აშენებენ საცხოვრებლის უნიკალურ ტიპს — გუმბათისებრ ქოხს — იგლუს.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lliboutry L., Traité de glaciologie, v. 1–2, P., 1964–66.
- Калесник С. В., Очерки гляциологии, М., 1963.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Firn | Encyclopedia Britannica
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ 3.0 3.1 Фирн | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-15. ციტირების თარიღი: 2021-01-27.
- ↑ 4.0 4.1 География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: 2006.
- ↑ На Обском море построили сотню иглу — смотрим на самые необычные. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-13. ციტირების თარიღი: 2021-01-27.