შინაარსზე გადასვლა

ტერა-როსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერა-როსა

მალვაზია ტერა-როსაზე
WRB კოდი LP
მთავარი მინერალები კაოლინიტი, ილიტი, ჰემატიტი და სხვა
დედაქანი კარბონატი
კლიმატი სუბტროპიკული კლიმატი
pH ნეიტრალური

ტერა-როსა (იტალ. Terra rossa — წითელი ნიადაგი) — კარგად დრენირებული, მოწითალო, თიხიანი ან თიხიან-ლამიანი ნიადაგი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოწითალო ფერი უპირატესად, ჰემატიტის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ტიპურად წარმოდგენილია, როგორც წყვეტილი ფენა, რომლის სისქე მერყეობს რამდენიმე სმ-დან რამდენიმე მ-მდე. გავრცელებულია კარსტული რაიონების კირქვულ და დოლომიტურ მკვიდრ ქანებზე.[1]

ტერა-როსას მაღალი შიდა დრენაჟი და ნეიტრალური pH მდგომარეობა ქვეფენილი კირქვული და დოლომიტური კარსტული ლანდშაფტის შედეგია.[2] ტერა-როსა აგრეთვე დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის კლიმატთან და კარსტთან მსოფლიოს სხვა ადგილებშიც. სხვა თიხოვან ნიადაგთან შედარებით, ტერა-როსას აქვს საოცრად კარგი სადრენაჟი მახასიათებლები. ეს ნიადაგი პოპულარულია ღვინის საწარმოებლად. აღსანიშნავია ტერა-როსაზე განვითარებული ღვინის რეგიონი ლა-მანჩა ესპანეთში და კუნავარა, ფლერიე და ბაროსის ხეობა ავსტრალიაში. მდიდარია რკინის ჟანგეულების ჰიდრატებითა და ალუმინით.[3]

ტერა-როსა აღწერილი იყო ძველად როგორც კირქვებზე განვითარებული სპეციფიკური მოწითალო ფერის ნიადაგი ევროპის ხმელთაშუაზღვიურ რაიონში, ხოლო მოგვიანებით მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ყირიმში, კალიფორნიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მისთვის დამახასიათებელ თვისებად ითვლებოდა მძლავრი მრავალმეტრიანი გამოფიტვის ქერქი, რაც სუბტროპიკულ კლიმატთან ასოცირდებოდა. თუმცა, ამასთან ერთად, ვერ აიხსნებოდა ამავე რაიონების კირქვებზე განვითარებული თანამედროვე შავად შეფერილი ნიადაგის — რენძინების, აგრეთვე ყომრალი და სხვა ნიადაგის ერთობლივი გავრცელება. გამოსავალი იქნა ნაპოვნი, როდესაც ავსტრიელმა ნიადაგმცოდნემ ვალტერ კუბიენამ უჩვენა მათი სპეციფიკა, როგორც ძველი ტროპიკული გამოფიტვისა და ნიადაგწარმოქმნის რელიქტი. ტერა-როსა განიხილება, როგორც ძველი გამოფიტვის ქერქი, რომლის ზედაპირულ ფენაში ყალიბდება თანამედროვე სუსტადგანვითარებული ნიადაგი, წარმოდგენილი მცირესიმძლავრიანი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით.[4] გენეზისთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.[5]

ტერა-როსა გავრცელებულია იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ჩინეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში და სხვა.[6]

ტერა-როსა ფრაგმენტულადაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ცაგერის, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, კორდიან-კარბონატული ნიადაგების ზოლში, კირქვებზე.[7]

  1. Vingiani, S., Di Iorio, E., Colombo, C. and Terribile, F., 2018. Integrated study of Red Mediterranean soils from Southern Italy. Catena.
  2. Torrent, J., 2005. Mediterranean soils. In: Hillel, D. (Ed.), Encyclopaedia of Soils in the Environment, vol. 2. pp. 418–427.
  3. Huggett, J.M., 2006. Geology and wine: a review. Proceedings of the Geologists' Association, 117(2), pp. 239-247.
  4. Почвоведение. В 2 частях. Тип почв, их география и использование. Том 2. 1988, Ст. 20
  5. Yaalon, D.H., 1997. Soils in the Mediterranean region: what makes them different? Catena, 28, 157–169.
  6. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2014, გვ. 328.
  7. საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი, თბილისი, 2018, გვ. 27