შინაარსზე გადასვლა

სუფილულიუმა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუფილულიუმა Iხეთების სამეფოს მეფე, ძე თუთხალია III-ისა (შესაძლოა II-ისა). ხეთების ახალი სამეფოს დამაარსებელი. იმეფა დაახლ. ძვ. წ. 1380-1340 წწ. სუფილულიუმას დროს ხეთების სახელმწიფომ დიდ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია. ილაშქრა ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, რითაც მეტოქეობა გაუწია ეგვიპტეს. დაიპყრო მითანი და მიწასთან გაასწორა მისი დედაქალაქი ვაშუქანი, შეიჭრა სირიაში და დაამხო ხალაფი (ახლანდ. ჰალაბი), ალალახი (ახლანდ. თელ-აჩანა), ქარხემიში და სხვა. ვასალური ხელშეკრულება დაადებინა მითანის, ნუხაშეს, ამურუს, ქარხემიშის, ქიცვათნის, ხაიასისა და უგარითის მეფეებს. სუფილულიუმას სამხედრო ლაშქრობები აღწერილია მისი ძმის – მურსილი II-ის მიერ შედგენილ ე. წ. „სუფილულიუმას ანალებში“.