პროტოხეთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხათები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტოხეთები, ხათები — აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ავტოქტონური, მკვიდრი მოსახლეობა ინდოევროპული ტომების (ნესიტები, ხეთები, ლუვიელები, ფალაელები) ანატოლიაში გამოჩენამდე (დაახ. ძვ. წ II ათასწლეულის დასაწყისი). ბინადრობდნენ ხათის ქვეყანაში — ცენტრალურ ანატოლიაში, ტავრის მთებიდან პონტოს ზღვის სანაპიროებამდე. მათი ქვეყანა ძირითადად მოიცავდა დღევანდელ კაპადოკიას. პოლიტიკური ცენტრი იყო ხათუსა (ახლანდელი ბოღაზქოი, თურქეთი). ლაპარაკობდნენ ხათურ (პროტოხეთურ) ენაზე. ამ ენაზე შედგენილი ტექსტები აღმოჩენილ იქნა ბოღაზქოის არქივში. ტექსტები ატარებს რელიგიურ ხასიათს.

ძვ.წ. II ათასწლეულში ხათური ენა უკვე „მკვდარი“ იყო. მას უკვე ხეთების სამეფოს დროს გამოიყენებდნენ მხოლოდ ტექსტების შესადგენად. ენისათვის დამახასიათებელია პრეფიქსაცია, შესაბამისად იგი თავისი სტრუქტურით უახლოვდება კავკასიურ, კერძოდ კი აფხაზურ-ადიღეურ და ქართველურ ენებს.

პროტოხეთური საზოგადოება ადრეკლასობრივი იყო. ამას ადასტურებს სამეფო ხელისუფლების ამსახველი ისეთი სიტყვების გამოჩენა ტექსტებში როგორიცაა „მეფე“, „დედოფალი“ — შესაბამისი ტიტულებით „თაბარნა“, „თავანანა“, „დიდი ტახტი“ და ა.შ. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს რომ სოციალური დიფერენციაცია შორს იყო წასული საზოგადოებაში. დასტურდება სამეფო და სატაძრო მომსახურე პერსონალის არსებობა („მესუფრენი“, „ქურუმნი“, „ღვინის მწდენი“ და სხვა). პროტოხეთურ პოლითეისტურ პანთეონს ჰყავდა ამინდის ღვთაება „თარუ“, მზის ღვთაება „ეშთან“, სამყაროს მაცოცხლებელი ღვთაება „თელიფინუ“, მეუფე ქვეყნისა „ვურუნქათე“ და სხვანი. ხათის ქვეყანაში და ზოგადად ხათებში გავრცელბული იყო ლითონის (სპილენძი, ოქრო, ვერცხლი) დამუშავება, მსგავსად სხვა პროტო-ქართველებისა. ხათებისა და ანატოლიაში გადმოსახლებული ინდოევროპელების (კერძოდ ნესიტებისა და ფალაელების) აღრევის შედეგად, ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში ჩამოყალიბდა ხეთური მოსახლეობა (ხეთები) რომელმაც მთლიანად მიითვისა ხათების კულტურული ტრადიციები და სახელიც მსგავსი დაირქვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гамкрелидзе Т.В. „Хеттские языки“ и вопрос о переселении в Малую Азию индо-европейских племен
  • „ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები. აღმოსავლურ ენათა სერია“, 1957, ტ. 2.