სტეინვეი ენდ სანს
„სტეინვეი ენდ სანს“ (Steinway & Sons) — გერმანულ-ამერიკული მსოფლიოში აღიარებული როიალების მწარმოებლი კომპანია. დაარსდა 1853 წელს მანჰეტენში, გერმანელი ფორტეპიანოს მშენებლის ჰაინრიხ ენგელჰარდ შტაინვეგის მიერ (მოგვიანებით ცნობილი როგორც ჰენრი ე. სტეინვეი). კომპანია ცნობილია მაღალი ხარისხის ფორტეპიანოების დამზადებით და გამოგონებებით ფორტეპიანოს განვითარების სფეროში. „სტეინვეი ენდ სანს“-ის ფორტეპიანოებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.[1]
1855 წლიდან 1862 წლამდე „სტეინვეის“ როიალებმა მიიღო 35 ოქროს მედალი, მათ შორის სამი მედალი 1867 წლის საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში. კომპანიის ევროპული ნაწილი ფლობს დედოფალ ელისაბედ II- სამეფო ორდენს. 1996 წელს ჟურნალ The Music Trades-ის მიერ „სტეინვეი ენდ სანს“ დასახელდა წლის კომპანიად. „სტეინვეი“ ფორტეპიანოებს ასევე ყიდის ორი სხვა ბრენდის სახელით — Boston და Essex, რომლებიც იყიდება უფრო დაბალ ფასებში.
2015 წელს სტეინვეიმ წარმოადგინა ახალი ტექნოლოგიური ტიპი ფორტეპიანოს ციფრული სერიის შემოღებით, სახელწოდებით Spirio. ეს ტექნოლოგია 2007 წელს შეიქმნა უეინ შტანკეს, ავსტრიელი ინჟინრის მიერ, რომელიც ადრე ამზადებდა ციფრული ფორტეპიანოს სისტემებს სხვა კომპანიებისთვის, როგორიცაა Yamaha და Bösendorfer. სტეინვეის ფორტეპიანოებს ყიდის მსოფლიოს 200-მდე ავტორიზებული დილერის ქსელი, რომლებიც 300-მდე შოურუმს წარადგენს.
სტეინვეი ენდ სანს-ის ფორტეპიანოს მარკეტინგი დაყოფილია გაყიდვების ორ ზონად: ნიუ იორკის (the Queens) ქარხანა, რომელიც ამარაგებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, და ჰამბურგიის ქარხანა, რომელიც ამარაგებს დანარჩენ მსოფლიოს. ნაწილები ორივე ქარხნისთვის ერთი და იგივე ადგილიდან მოდის: კორპუსის კედლისათვის გამოიყენება კანადური ნეკერჩხალი, ხოლო დეკა დამზადებულია ალასკური სიტკის ნაძვისგან (Picea sitchensis). მსოფლიოს საკონცერტო დარბაზების უმრავლესობა იყენებს მინიმუმ ერთ სტეინვეის როიალს, და ზოგიერთს (მაგალითად, კარნეგი ჰოლში) აქვს მოდელი D-274 როგორც ჰამბურგის ქარხნიდან, ისე ქვინსის ქარხნიდან, რათა დააკმაყოფილოს კრიტერიუმების ფართო სპექტრი.
მას შემდეგ, რაც 1999 წელს კლივლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსმა აირჩია მხოლოდ სტეინვეი ენდ სანს-ის ფორტეპიანოების გამოყენება, იმავე გზას მიჰყვნენ ისეთი საერთაშორისო კონკურსები, როგორებიცაა ვან კლიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ფორტ-უორტში (ტეხასი), ჯინა ბახაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტა), იოჰან სებასტიან ბახის საერთაშორისო კონკურსი ლაიფციგში (გერმანია), დედოფალ ელისაბედის კონკურსი ბრიუსელში (ბელგია), ფერუჩიო ბუზონის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ბოლცანოში (იტალია) და Long-Thibaud-Crespin-ის კონკურსი პარიზში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Singer, Aaron (1986). Labor management relations at Steinway & Sons, 1853–1896. Garland, გვ. 14. ISBN 978-0-8240-8371-7.