საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1918 |
გაუქმდა | 1921 |
თანამშრომლები | გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, პარმენ ჭიჭინაძე |
მინისტრი | ნოე რამიშვილი |
მთავარი დოკუმენტი | (და ა. შ.) |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე დიდი უწყება იყო. 1918 წლის 26 მაისიდან საბჭოთა ოკუპაციამდე სამინისტროს უცვლელად ხელმძღვანელობდა ნოე რამიშვილი, სხვადასხვა დროს მისი მოადგილეები იყვნენ გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი და პარმენ ჭიჭინაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო შედგებოდა 10 განყოფილებისგან: 1. ადმინისტრაციული; 2. საერთო; 3. საერობო; 4. სამეურნეო; 5. საანგარიშო; 6. საპენსიო; 7. სამზრუნველო; 8. საექიმო-სასანიტარო (1920 წელს დეპარტამენტად გარდაიქმნა); 9. ლტოლვილთა; 10. განსაკუთრებული რაზმი. თითოეულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა გამგე, განსაკუთრებულ რაზმს კი მეთაური. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მილიცია და საგანგებო რაზმი ზრუნავდა ქვეყნის ფარგლებში წესრიგის დამყარებაზე. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო რაზმი, მილიცია და მისი მფრინავი ცხენოსანთა რაზმი მონაწილეობდა მანგლისის აჯანყების ლიკვიდაციაში და სხვა სამხედრო ოპერაციებში, რომელიც ძირითადად ბოლშევიკების მიერ იყო ინსპირირებული. სამინისტრო ცდილობდა, მოეგვარებინა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოშობილი ლტოლვილთა უკონტროლო მასის განთავსების პრობლემა. სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადგილობრივ ერობათა გამართული საქმიანობისათვის ხელშეწყობა იყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მაზრების კომისრებს, სამინისტროს ფარგლებში არსებობდა ცენტრალური საერობო ორგანო. ადგილობრივ დონეზე ფინანსური სიმწირის გამო, რეალურად სამინისტრო რჩებოდა ერობათა მთავარი დამხმარე. სამინისტროს ფუნქციებში შედიოდა, ფაქტობრივად, არარსებული საპენსიო-სამზრუნველო საქმის გამართვა და საექიმო საქმის გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამინისტროს ყველაზე ქმედითი ორგანო ქვეყნის შიგნით სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში საგანგებო რაზმი იყო, რომელსაც მექი კედია ხელმძღვანელობდა. რაზმის მუშაობის მთავარ მიმართულებად ბოლშევიკური ნაწილების აღმოჩენა და განეიტრალება იყო, დამოუკიდებლობის პერიოდში საგანგებო რაზმმა ათასზე მეტი ბოლშევიკი დააპატიმრა, აღმოაჩინა არალეგალური ორგანიზაციები და აღკვეთა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები. სამინისტრო თავისი სამაზრო მილიციის განყოფილებების საშუალებით მუდმივად იღებდა მონაცემებს კრიმინალური სიტუაციისა და მასთან ბრძოლის შესახებ. საერობო განყოფილებისა და მაზრის კომისრების საშუალებით სამინისტროს, სხვა უწყებებთან შედარებით, ყველაზე მარტივად შეეძლო მიღებული კანონების ადგილობრივ დონეზე სწრაფი და ეფექტიანი გატარება. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა მოქალაქეთა აღრიცხვა, მათთვის პირადი დოკუმენტების გაცემა და სხვა ადმინისტრაციული ხასიათის საქმიანობის წარმოება. სამინისტროს ქვეყნის შიგნით სიმშვიდის შესანარჩუნებლად და ცრუ ინფორმაციის მასობრივად გავრცელებისგან დასაცავად რამდენიმეჯერ მოუწია სხვადასხვა პრესის ორგანოს დახურვა ან დროებით შეჩერება, თუმცა ეს პროცესი რამდენიმე კვირაზე მეტხანს არასდროს გაგრძელებულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 488.