საბაწმინდის ეკლესია
საბაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 700 მეტრზე. მონასტერი აერთიანებს ორ ეკლესიას — წმინდა საბას სახელობის დიდ გუმბათოვან ეკლესიას, რომლის სახელსაც მონასტრი ატარებს და მასთან ახლოს მდგარ სამეკლესიიან ბაზილიკას (წმინდა ნიკოლოზის სახელობისა), რომელიც ასევე ცალკე ატარებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს. ჩანს რომ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც ასევე მონასტრის ეკლესია იყო.
საბაწმინდის ეკლესია განეკუთვნება XIII საუკუნის პირველ ნახევარს. ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რამდენადმე წაგრძელებული აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებით. ნაგებია ძირითადად აგურით, გარედან მთლიანად შირიმის ქვითაა მოპირკეთებული. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ სწორკუთხა ბოძს. გუმბათის ყელის საფუძველი ხაზგასმულია შვერილი ზოლურით, რომელიც გამოყვანილია ნახევარწრიული ფორმის ლეკალური აგურის ორი რიგით.
ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ღერძზე.
XX საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათის ყელი და ლავგარდანი.
საბაწმინდის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 166-170.