შინაარსზე გადასვლა

რუსეთის დროებითი მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთის დროებითი მთავრობა (რუს. Временное правительство России; 15 (2) მარტი191726 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1917) — რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებს შორის. შეიქმნა თებერვლის რევოლუციის მსვლელობისას, რუსეთის დუმის დროებით კომიტეტსა და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის მეფის მმართველობა შესუსტდა და ხელისუფლებას ორი მოწინააღმდეგე ძალა — დუმა და პეტროგრადის საბჭოები — ეცილებოდა. 15 მარტს მეფე ნიკოლოზ II გადადგა, ხოლო მომდევნო დღეს მისმა ძმამ დიდმა თავადმა მიხეილმა საიმპერიო ძალაუფლებაზე უარი განაცხადა, რითაც ლეგალურად (მის მიერ მომზადებული პროკლამაციით) უფლებამოსილება მიანიჭა დროებით მთავრობას სანამ კონსტიტუციური ასამბლეა გადაწყვეტდა რუსეთის მმართველობის ფორმას. დროებითი მმართველობის მოვალეობა იყო არჩევნების მოწყობა ასამბლეისთვის, თუმცა მისი ძალაუფლება პეტროგრადის საბჭოების მზარდი ავტორიტეტის გამო შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბჭოები დროებით მთავრობას უჭერდნენ მხარს, დროთა განმავლობაში ისინი მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ვინაიდან საბჭოები არმიას, ქარხნებსა და რკინიგზას აკონტროლებდნენ, ასევე მუშების მხარდაჭერაც ჰქონდათ, ამ პერიოდში ხელისუფლება გაორებული იყო.

5 მარტიდან (18 მარტიდან) პეტროგრადში დაიწყო ახალმა გაზეთმა გამოსვლა: „დროებითი მთავრობის უწყებანი“.

1917 წლის 27 თებერვალს (12 მარტს) მთავრობასა და სათათბიროს შორის ატეხილ ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა. არსებული მთავრობა სათათბირომ უარჰყო და ჩამოაგდო. მისი ადგილი დაიჭირა საგანგებოდ შემდგარმა აღმასრულებელმა კომიტეტმა. კომიტეტში შევიდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სულ 12 კაცი:

  1. მ. როძიანკო — სათათბიროს თავმჯდომარე, ოქტომბრისტ-ერობისტი;
  2. ა. კერენსკი — შრომის ჯგუფი;
  3. ნ. ჩხეიძე — სოციალ-დემოკრატი;
  4. ვ. შულგინი — მემარცხენე ნაციონალისტი;
  5. პ. მილიუკოვი — კადეტი;
  6. მ. კარაულოვი — კადეტი;
  7. ა. კონოვალოვი — პროგრესისტი;
  8. ი. დმიტრიუკოვი — მემარცხენე პროგრესისტი;
  9. ვ. რჟევსკი — პროგრესისტი;
  10. ს. შიდლოვსკი — ოქტომბრისტი;
  11. ნ. ნეკრასოვი — კადეტი;
  12. გ. ლვოვი — პროგრესისტი[1].

1 (14) მარტს სათათბიროს აღმასრულებელმა კომიტეტმა ახალი მთავრობა წარადგინა შემდეგი შემადგენლობით:

  1. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — გ. ლვოვი;
  2. საგარეო საქმეთა მინისტრი — მილიუკოვი;
  3. იუსტიციის მინისტრი — ა. კერენსკი;
  4. გზათა მინისტრი — ნ. ნეკრასოვი;
  5. ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი — ა. კონოვალოვი;
  6. სახალხო განათლების მინისტრი — მანუილოვი;
  7. სამხედრო და დროებით საზღვაო მინისტრი — გუჩკოვი;
  8. მიწათმოქმედების მინისტრი — შინგარევი;
  9. ფინანსთა მინისტრი — ტრეშჩენკო;
  10. სახელმწიფო კონტროლი — გოდნევი;
  11. ობერ-პროკურორი — ნ. ლვოვი.

მთავრობის ეს შემადგენლობა სათათბიროს აღმასრულებელი კომიტეტისა და მუშათა დეპუტატების კომიტეტის შეთანხმებით დადასტურდა[2].

2 (15) მარტს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა და იგი მის ძმას დიდ მთავარ მიხეილ ალექსანდრეს ძეს დაუთმო. 3 მარტს (15 მარტს) მიხეილ ალექსანდრეს ძემ განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ იკისრებდა უმაღლეს ვალდებულებებს, თუ ამას მოისურვებდა რუსეთის ხალხი და საყოველთაო არჩევნების გზით დაკომპლექტდებოდა დამფუძნებელი კრება. მანამდე კი მისი აზრით სახელმწიფო ხელისუფლება უნდა გადასულიყო დროებითი მთავრობის ხელში[3].

ახალმა მთავრობამ რუსეთში გუბერნატორები გადააყენა. გადაყენებულ იქნენ მაზრის მოხელენიც. მათი მოვალეობის აღსრულება საზოგადოებრივ დაწესებულებებს ჩაბარდა. მართვა-გამგეობის სათავეში ჩადგნენ: ქალაქებში ქალაქის მოურავები, რომელთა მეთაურობით შედგა აღმასრულებელი კომიტეტები, ხოლო გუბერნიებში საერობო გამგეობის თავმჯდომარენი.

რუსეთის დროებითმა მთავრობამ დაადგინა დაარსებულიყო განსაკუთრებული საბჭო, რომელსაც დაევალებოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო წესდების პროექტის მომზადება. საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები დაინიშნებოდნენ დროებითი მთავრობის მიერ. დროებითმა მთავრობამ დააარსა იურიდიული კომისია, რომელიც დამფუძნებელ კრების საარჩევნო კანონის შესადგენად საკითხებს ამზადებდა.

ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად დაინიშნა ირაკლი წერეთელი.

14 ივნისს რუსეთის დროებითმა მთავრობამ დამფუძნებელი კრების არჩევნების დღედ 17 სექტემბერი, ხოლო მოწვევის დღედ 30 სექტემბერი დანიშნა. არჩევნები უნდა ყოფილიყო ფარული, თანასწორი და საყოველთაო[4]. თბილისი 83 საარჩევნო უბნად დაიყო[5]. დამფუძნებელ კრების არჩევნებისათვის განაპირა ქვეყნების კომისიის საგანგებოდ მომხდარმა საბჭომ დაადგინა: ამიერკავკასია გამოყოფილიყო ერთ ოლქად, დაღესტანი შეერთებულიყო თერგის ოლქში, შავი ზღვის ოლქი ყუბანს, თერგის ოლქის ნოღაელები სტავროპოლის ოლქს შეუერთდებოდნენ[6].

25 ივლისს შედკა ახალი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით[7]:

  1. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — კერენსკი;
  2. ფინანსთა მინისტრი — ნეკრასოვი;
  3. ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი — პლეხანოვი;
  4. მიწათმოქმედების მინისტრი — ჩერნოვი;
  5. სურსათის მინისტრი — პეშეხონოვი;
  6. შრომის მინისტრი — სკობელევი;
  7. ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი — სალტიკოვი;
  8. საგარეო საქმეთა მინისტრი — ტერეშჩენკო;
  9. სახელმწიფო შეწყალების მინისტრი — გოლოვინი;
  10. სახელმწიფო კონტროლის მინისტრი — ასტროვი;
  11. სინოდის ობერპროკურორი — კარტაშევი;
  12. იუსტიციის მინისტრი — ეფრემოვი;
  13. რკინიგზის მინისტრი — კისლიაკოვი;
  14. სახალხო განათლების მინისტრი — ოლდენბურგი;
  15. შინაგან საქმეთა მინისტრი — ავქსენტიევი.

დამფუძნებელი კრების არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 ივნისის სხდომაზე დამფუძნებელი კრების არჩევნების განსასაზღვრავად შემდგარმა საბჭომ დაადგინა: დამფუძნებელ კრების დეპუტატთა რიცხვი 800 არ უნდა აღემატებოდესო. ასევე მომზადდა წინასწარი ცხრილი გუბერნიებში დეპუტატთა რიცხოვნობისა[8].

1917 წლის 12 (25) ნოემბერს ჩატარდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები, ხოლო 1918 წლის 18 იანვარს დამფუძნელი კრების პირველი სხდომა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ არსებულ რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნიკურმა ერთეულებმა გამოაცხადეს სურვილი რუსეთის ფარგლებში ჩამოყალიბებულიყვნენ ტერიტორიულ ავტონომიებად, რაც რუსეთის ფედერალური მოწყობისკენ იხრებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული ავტონომიის საკითხი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ერებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, საფრონტო ყრილობამ შემდეგი რეზოლუცია მიიღო:

ვიკიციტატა
„ყრილობა აღნიშნავს, რომ რუსეთის ყველა ერი ერთნაირად დაინტერესებულია რუსეთის რევოლუციის გამარჯვებით და მისგან დასახულ მიზნების განხორციელებით, რადგანაც მხოლოდ რევოლუცია მიანიჭებს ერებს თავისუფლებას ეროვნულ განვითარებისას. ეროვნულ საკითხის მთელის სისრულით გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ დამფუძნებელ კრებას. ყოველი ცდა ამ საკითხის გადაწყვეტისა დამფუძნებელ კრებამდე, როგორც მავნე, შეუწყნარებელია. ამასთანავე ყრილობა შესაძლებლად სცნობს წინასწარ იდეურ მზადებას, რათა ეროვნული საკითხი დამფუძნებელმა კრებამ ამათუ იმ მსოფლმხედველობის თანახმად გადაჭრას[9].“

ხარკოვში უკრაინელთა კრებამ დაადგინა, რომ მოწვეულიყო დამფუძნებელი კრება და დამყარებულიყო დემოკრატიული რესპუბლიკა; განმტკიცებულიყო უკრაინული ავტონომია და სკოლებში სასწავლებლად შეტანილიყო უკრაინული ენა; მუშათა დეპუტატების საბჭომ გამოსცეს გაზეთი უკრაინულ ენაზე.

უკრაინელ პედაგოგთა საბჭომ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა განცხადებით, რომ განზრახული ჰქონდათ კიევში დაეარსებინათ უმაღლესი, საშუალო და დაწყებითი სასწავლებლები, სადაც სწავლება უკრაინულ ენაზე იწარმოებდა[10].

უკრაინის კრებამ მხარი დაუჭირა რუსეთის დროებით მთავრობას, მაგრამ ამავდროულად უკრაინის ავტონომიის განხორციელებისათვის უფრო თამამი ნაბიჯები გადაედგათ, ხოლო საბოლოო დასტური რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის გადაეცათ. ამასთანავე გადაწყდა დაარსებულიყო სპეციალური კომისია, რომელიც უკრაინის ავტონომიის პროექტს შეიმუშავებდა და უკრაინულ ბანკს დააარსებდა.

უკრაინელებმა აქტიური მოქმედება დაიწყეს უკრაინის ავტონომიის მოსაპოვებლად. ყველა პარტია გაერთიანდა რადაში, რომლის თავმჯდომარე მიხაილო გრუშევსკი იყო. გაიხსნა უკრაინულლი გიმნაზია და სკოლები. მიმდინარეობდა უნივერსიტეტის უკრაინულად გადაქცევის პროცესი. დაარსდა უკრაინული სამხედრო კლუბი, შედგა უკრაინული ლეგიონები[11].

პეტროგრადში დაარსდა უკრაინულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა — უკრაინული ნაციონალური საბჭო. ის შედგებოდა 5 წევრისაგან და მინდობილი ჰქონდა დროებით მთავრობასთან ერთად უკრაინის საქმეების მოწესრიგება[12].

5 (18) მარტს ქალაქ ხარკოვში პოლონელთა დარბაზში მოხდა ხარკოვისა და მის განაპირა ადგილებში მცხოვრები პოლონელების კრება. კრებას ესწრებოდა 5 ათასამდე ადამიანი. კრებაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი, რომელმაც საზოგადოებას თავი ქართული პრესისა და სტუდენტობის წარმომადგენელად წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მან მოუწოდა პოლონელებს ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, რაზეც მიიღო დამსწრე საზოგადოებისაგან მქუხარე ტაში და შეძახილები „vivat Грузiя“[13].

გაზეთებში აქტიურად დაიწყო პოლონეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მოწოდებები[14].

18 მარტს პეტროგრადში შეიკრიბა ლიტვის ეროვნული საბჭო, რომლის დადგენილებით გადაწყდა, რომ ლიტვა უნდა გამოყოფილიყო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად[15].

ახალგაზრდა ფინელთა კრებამ დაადგინა, რომ ფინელი ხალხი მიისწრაფოდა მეტი დამოუკიდებლობისაკენ, ამიტომ საჭირო იყო აღნიშნული უფლების მოპოვება და გაფართოება.

რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობისთანავე მთელ მის ტერიტორიაზე გავრცელდა რუსეთის დროებითი მთავრობის ხელისუფლება. ამიერკავკასიაში მეფისსანაცვლო გადაიბარა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დადგენილმა ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა.

8 (21) მარტს პეტროგრადიდან თბილისში გამოემართა აღმასრულებელი კომიტეტის დელეგაცია (ხარლამოვი, პაპაჯანოვი, ჯაფაროვი, კიტა აბაშიძე და პერევერზოვი. ამ უკანასკნელის მაგივრად მალევე დაინიშნა აკაკი ჩხენკელი) კავკასიაში წესრიგის დასამყარებლად და ახალი წესწყობილების გასამტკიცებლად[16].

18 (31) მარტს თბილისში მატარებლით ჩამოვიდნენ კომისრები ვ. ხარლამოვი, ჯაფაროვი და პაპაჯანოვი[17].

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, მასთან არსებული ეროვნული საბჭო, მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები, ქალაქის საარჩევნო კომიტეტი და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ ამიერკავკასიისათვის დამფუძნებელი კრების საარჩევნო წესის შედგენაში. პეტროგრადის კომისია კოკოშკინის თავმჯდომარეობით თვლიდა, რომ ამიერკავკასია ერთი საარჩევნო ოლქად წარმოდგენილიყო[18].

12 (25) მარტს ქართულ გაზეთებში პირველად გამოჩნდა ტერმინი „საქართველოს ტერიტორიული ავტონომია“[19].

8 მაისს აკაკი ჩხენკელი სიღნაღში იმყოფებოდა. მიტინგის შემდეგ კლუბის დარბაზში გაიმართა საუბარი საქართველოს ავტონომიის შესახებ. გლეხებმა მოსთხოვეს აეხსნათ მისთვის ავტონომიის მნიშვნელოვნება და მიზანშეწონილობა. კომისრის სიტყვებით ტერიტორიული ავტონომია მართალია სახელმწიფოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმათაგანი იყო, მაგრამ რეკომენდირებული იყო დამფუძნებელ კრებამდე მოცდა[20].

1916 წელს გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა აფხაზთა თვალსაზრისი და მოთხოვნილებები. წერილი ეძღვნებოდა აფხაზთა მეთაური წრის წარმომადგენლებს: თავად მელიტონ ემუხვარს და თავად პეტრე ანჩაბაძეს. წერილში აფხაზთა ჯგუფი გამოთქვამდა სურვილს, რომ დაცულიყო მათი ეროვნული ტრადიციები. მათივე სიტყვებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისტრიულად და გარემოებით შეკავშირებულნი მოძმე ქართველები ყოველნაირად ხელს შეგვიწყობენ შევინახოთ ჩვენი ერუვნული თავისებურობა. ძლიერ კარგად გვესმის, რომერთობა ქართველობასთან გვიხსნის მრავალნაირ განსაცდელისაგან და ამიტომაც ყოველ საქმეში ჩვენ ერთად ვართ და ვიქნებით ქართველ მოღვაწეებთან“.

1917 წლის 24 მაისისთვის დაინიშნა აფხაზეთის საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო აფხაზეთის ანუ „სოხუმის“ ეპარქიის ბედი. არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ აფხაზეთში არსებობდა სეპარატისტული განწყობილება, რომელიც მოსახლეობას აჯერებდა, რომ ქართველი ყოველთვის იყო აფხაზი კაცის მტერი არაკეთილმოსურნე. კომისარ აკაკი ჩხენკელის სიტყვებით აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო და შესაბამისად წარმოადგენდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის იურისდიქციასაც[21].

მოსკოვის სომეხთა კომიტეტმა თავად ლვოვს დეპეშა გაუგზანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სომხეთი უნდა იყოს თავისუფალი და სახელმწიფოებრივ ავტონომიურიო[22].

პარტიათაშორისმა კრებამ, რომელსაც სომეხთა პირველ ყრილობის ორგანიზაცია ჰქონდა მინდობილი, „მშაკის“ სიტყვით შემდეგი პროგრამა შემუშავდა: ათიათასი მცხოვრები ერთ დელეგატს აირჩევდა, რადგანაც რუსეთის სომხობა 1.800.000 იყო ამიტომ დელეგატიც 180-200 იქნებოდა.

15 (28) აპრილს ბაქოში გაიხსნა სრულიად კავკასიის მაჰმადიანთა ყრილობა[23].

სათათბიროს წევრი კომისარი მ. კარაულოვი ვლადიკავკაზში ჩავიდა. 14 მარტს თერგი სამხედრო ოლქის კრება იყო თვითმართველობის ახალ საფუძველთა გამოსარკვევად, რომელზეც უნდა აერჩიათ საბჭო და ატამანი[24].

1 (14) მაისს ვლადიკავკაზსში გაიხსნა მთიელთა ყველა ერების წარმომადგენელთა I ყრილობა[25].

23 აპრილს ბაქოში შედგა ბაქოელი ოსების ყრილობა ნაციონალ-პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. ყრილობამ მოისმინა ჩრდილოკავკასიის დელეგატების ყარაევის და ჰაგკაევის მოხსენებები, რის შედეგადაც გადაწყდა მთიელ ხალხებთან და მათ კომიტეტთან ვლადიკავკაზში მუდმივი კავშირი ქონოდათ. მთიელთა ყრილობის პრეზიდიუმს ვლადიკავკაზში ყაზახთა მეორე ყრილობისგან დეპეშა მოუვიდათ: „პეზიდიუმში თავისუფალი ყაზახთა მეორე წრისა ამით აუწყებს, რომ მას საჭიროდ მიაჩნია მთიელთა და ყაზახთა დამეგობრება. ამისთვის გადაწყვეტილი გვაქვს ამ მოკლე დროში მოვახდინოთ შეერთებული ყრილობა ამ ორ მეზობელ ხალხისა. პრეზიდიუმი იმედოვნებს, რომ მთიელთა კრება მთიელთა კრება სიხარულით მიეგებება ყაზახთა მოწოდებას და საერთო საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად ხელს შეუწყობს დამეგობრებას“. აღნიშნულის პასუხად 5 მაისს ვლადიკავკაზში გაერთიანებული კრება ჩატარდა[26].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გაზ. „საქართველო“ №49, 3 მარტი, 1917
  2. გაზ. „საქართველო“ №50, 4 მარტი, 1917
  3. გაზ. „საქართველო“ №51, 1 მარტი, 1917
  4. გაზ. „საქართველო“ №130, 17 (29) ივნისი, 1917
  5. გაზ. „საქართველო“ №131, 18 (30) ივნისი, 1917
  6. გაზ. „საქართველო“ №137, 25 (7) ივნისი, 1917
  7. გაზ. „საქართველო“ №161, 25 (7) ივლისი, 1917
  8. გაზ. „საქართველო“ №169, 3 (16) აგვისტო, 1917
  9. გაზ. „საქართველო“ №103, 16 (29) მაისი, 1917
  10. გაზ. „საქართველო“ №62, 18 მარტი, 1917
  11. გაზ. „საქართველო“ №75, 7 აპრილი, 1917
  12. გაზ. „საქართველო“ №100, 11 მაისი, 1917
  13. გაზ. „საქართველო“ №61, 17 მარტი, 1917
  14. გაზ. „საქართველო“ №63, 19 მარტი, 1917
  15. გაზ. „საქართველო“ №69, 28 მარტი, 1917
  16. გაზ. „საქართველო“ №56, 11 მარტი, 1917
  17. გაზ. „საქართველო“ №63, 19 მარტი, 1917
  18. გაზ. „საქართველო“ №141, 1 (13) ივლისი, 1917
  19. გაზ. „საქართველო“ №57, 12 მარტი, 1917
  20. გაზ. „საქართველო“ №100, 11 მაისი, 1917
  21. გაზ. „საქართველო“ №107, 20 (2) მაისი, 1917
  22. გაზ. „საქართველო“ №67, 24 მარტი, 1917
  23. გაზ. „საქართველო“ №85, 21 აპრილი, 1917
  24. გაზ. „საქართველო“ №61, 17 მარტი, 1917
  25. გაზ. „საქართველო“ №96, 5 მაისი, 1917
  26. გაზ. „საქართველო“ №103, 16 (29) მაისი, 1917