შინაარსზე გადასვლა

პოლიკარპე ხუბულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიკარპე ხუბულავა (დ. 18 აგვისტო, 1924, ჯიხაშკარი ― გ. 1 იანვარი, 2015, ჯიხაშკარი) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ღირსების ორდენისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის (2005-2006) და ფონდი „ქართული გალობის“ ლაურეატი, კულტურის სამინისტროს ჯილდოს „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი.

პოლიკარპე ხუბულავას შემოქმედებითი საღამო, 2008.

პოლიკარპე ერასტოს ძე ხუბულავა დაიბადა 1924 წლის 18 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში. მამა, ერასტო ხუბულავა, დიაკვანი იყო, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის შემოსვლის დღიდან იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო მუშაობა. ერასტო ხუბულავა კარგი მომღერალ-მგალობელი იყო: გალობა ცნობილ მგალობელ მაქსიმე ვეკუასგან შეისწავლა. სანამ ერასტო საკუთარ ანსამბლს შექმნიდა (ხელმძღვანელობდა ჯიხაშკარის გუნდს, რომლისგანაც 1931 გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა სიმღერები), უმღერია ცნობილ ლოტბარებთან — ძუკუ ლოლუასა და რემა შელეგიასთან. პოლიკარპეს დედა, მინადორა ბიგვავა სოფელ ნარაზენიდან ყოფილა, ისიც საკმაოდ კარგად მღეროდა. მათი შვილები (პოლიკარპეს რვა და ჰყავდა) ბავშვობიდანვე გაეცნენ ხალხურს სიმღერებს.

დაწყებითი განათლება პოლიკარპემ ჯიხაშკარის სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა დაასრულა სოფელ ყულისკარის საშუალო სკოლაში. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას თავისი რამდენიმე თანატოლისაგან პატარა ანსამბლი ჩამოაყალიბა. მასწავლებლებს მოეწონათ პოლიკარპეს წამოწყება და ურჩიეს, ანსამბლის წევრთა რაოდენობა გაეზარდა. ეს იყო პირველი გუნდი მისი ხელმძღვანელობით. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1944, ჯარში გაიწვიეს – ბათუმის ქართულ დივიზიაში მსახურობდა. აქ იგი შერმადინ ჭკუასელის ანსამბლში მღეროდა, მალე შერმადინი სხვაგან გადავიდა და თავისი გუნდი პოლიკარპეს დაუტოვა. გუნდი ასი კაცისაგან შედგებოდა, უმეტესობა გურულები იყვნენ და მათგან პოლიკარპემ ბევრი გურული სიმღერა ისწავლა. მას მერე გურული სიმღერა გამორჩეულად უყვარდა. პოლიკარპე თავის ანსამბლის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა არტემ და ანანია ერქომაიშვილებს მაკვანეთში და მათთანაც იმაღლებდა ოსტატობას. პირადად იცნობდა იმერული სიმღერების შესანიშნავ მცოდნესა და ლოტბარს ბენია მიქაძეს, უმღერია აკაკი ხარებავასთან და იოსებ გუნავასთან ერთად. 1949 წელს პოლიკარპე ხუბულავა ბათუმიდან დაბრუნდა და სოფელ ყულიშკარის კლუბის გამგედ დაიწყო მუშაობა, 1954 წელს კი ახლადგახსნილ ჯიხაშკარის კლუბში გადავიდა. პარალელურად ხელმძღვანელობდა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და გალის გუნდებს. 1948 წელს პოლიკარპე დაქორწინდა წალენჯიხელ ოლღა ვეკუაზე.

პოლიკარპე ხუბულავას მოღვაწეობა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „ოდოიასთან“. ანსამბლს არაერთხელ უმოგზაურია საკონცერტო ტურნით უცხოეთში, კერძოდ ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, საფრანგეთში.

80-იანი წლების ბოლოს საქართველოს რადიოს პირველმა არხმა (ფოლკლორისტი, ხმის რეჟისორი ნუკრი ჟორდანია, ფოლკლორისტი ნუნუკა შველიძე) პოლიკარპე ხუბულავას გუნდების საარქივო ჩანაწერები მოამზადა. მის შემოქმედებას საგანგებო გადაცემა მიუძღვნა ანზორ ერქომაიშვილმა. 1979-1987 წწ. პოლიკაპე ხუბულავა რამდენიმეჯერ გამოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ორგანიზებულ ფოლკლორულ საღამოებზე.

1986 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემა „ერთი სოფლის თვითმოქმედება — სოფელი ჯიხაშკარი,“ მიეძღვნა პოლიკარპე ხუბულავას გუნდსა და სოფლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს.

2001 წელს პოლიკარპე ხუბულავა მიწვეული იყო საფრანგეთში და ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასები ჩაატარა ანსამბლ „მარანთან“.

2003 წელს გამოვიდა სამი კომპაქტ დისკისაგან შემდგარი ალბომი „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ანსამბლ „ოდოიას“ შესრულებით.

2005 წელს გამოქვეყნდა ოთხდისკიანი სანოტო კრებული, მასში მეგრული სასიმღერო ფოლკლორის 24 მარგალიტია წარმოდგენილი. იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის სამწლიანი (2002-2005) პროექტის ფარგლებში პოლიკარპე ხუბულავა ლია სალაყაიასთან (სიონის სამრევლო სკოლის დირექტორი) ერთად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლას.

2005 წელს საგანგებოდ შერჩეულ, ოთხმოც წელს გადაცილებულ ექვს ქართველ მომღერალთან ერთად მონაწილეობა მიიღო იაპონიაში გამართულ ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური დღეგრძელობისადმი მიძღვნილ გერონტოლოგიურ ფორუმში. რამდენიმე წლის შემდეგ ქართულ-იაპონური დღეების ფარგლებში კვლავ ესტუმრა იაპონიას.

2007 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ზუგდიდში, ანსამბლ „ოდოიასგან“ ოცი სასიმღერო ნიმუში ჩაწერა. 2013 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის გმირი“ პოლიკარპე ხუბულავას მიეძღვნა. ამავე წელს, ხობის VII საერთაშორისო ფესტივალისათვის, პოლიკარპე ხუბულავას ანსამბლის კიდევ ერთი ჩანაწერი გამოიცა.

2008 წლის 26 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პოლიკარპე ხუბულავას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო მოუწყო. შემოქმედებით საღამოს უძღვებოდა პროექტის ავტორი ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ნატალია ზუმბაძე. პოლიკარპე ხუბულავა ღირსების ორდენის და წმინდა გიორგის ორდენის კავალერია. ასევე 2005-2006 წწ. ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის, ფოლკლორის ეროვნული და ფონდი „ქართული გალობის“ პრემიების ლაურეატია.

2014 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა ღვაწლმოსილი ლოტბარისა და მომღერლის 90 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი. პოლიკარპე ხუბულავას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

2015 წელს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ სერიიდან „ქართული სიმღერის მოამაგები“ გამოსცა მონოგრაფია „პოლიკარპე ხუბულავა“ ავტორი ნინო კალანდაძე-მახარაძე. გამოცემას დართული აქვს კომპაქტდისკი, სადაც ჩაწერილია პოლიკარპე ხუბალავას, მისი ანსამბლების „ჩელასა“ და „ოდოიას“ მიერ შესრულებული სიმღერები და საგალობლები. მონოგრაფია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დაჯილდოვდა პრემიით, როგორც 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი.

პოლიკარპე ხუბულავა გარდაიცვალა 2015 წლის 1 იანვარს, დაკრძალულია სოფელ ჯიხაშკარში.

  • კალანდაძე-მახარაძე, ნინო., ქართული სიმღერის მოამაგენი „პოლიკარპე ხუბულავა“, ფონდი ქართული გალობა, გამომცემლობა უსტარი, 2015.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]