შინაარსზე გადასვლა

ვახუშტი კოტეტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახუშტი კოტეტიშვილი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1935
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 2008 (73 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია ფილოლოგია
ცნობილია როგორც მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლიტერატურადმცოდნე
ცნობილი ნაშრომები „მართალს ვიტყვი...“ (კრებული, ავტორი)
მშობლები მამა: ვახტანგ კოტეტიშვილი
დედა: ნინო დილევსკი
ჯილდოები პრემია საბა, ირანის სამთავრობო სიგელი, საფრანგეთის და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი

ვახუშტი კოტეტიშვილი (დ. 4 აგვისტო, 1935, თბილისი — გ. 7 აგვისტო, 2008, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი 1994 წლიდან. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები — 1958 წელს.[1]

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აფეზის ლირიკის გაგებისათვის“, დაიცვა 1964 წელს, სადოქტორო — „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა“, დაიცვა 1975 წელს.

სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა.[1]

იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი; საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე; საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ფოლკლორისტული კლუბი „ჯავარი“-ს პრეზიდენტი.[1]

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“. იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]