ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი
ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი | |
---|---|
56°19′46″ ჩ. გ. 44°00′23″ ა. გ. / 56.32956000° ჩ. გ. 44.00640000° ა. გ. | |
დაარსდა | 25 ივნისი, 1896 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
ოფიციალური საიტი | [artmuseumnn.ru artmuseumnn.ru] |
ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი (რუს. Нижегородский государственный художественный музей) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმი რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში სახვითი ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმი. იგი გაიხსნა 1896 წლის 25 ივნისს და გახდა რუსეთის პროვინციებში პირველი საჯარო მუზეუმი.
თანამედროვე ეპოქაში მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ორ შენობაში, რომლებიც თავის მხრივ არიან ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები:
- სამხედრო გუბერნატორის სახლი (კრემლი, კორპუსი 3)
- ვაჭარ დიმიტრი სიროტკინის სახლი (ზემო-ვოლგის სანაპირო, სახლი 3)
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიჟნი-ნოვგოროდის სამხატვრო მუზეუმი განეკუთვნება რუსეთის ყველაზე ძველ საჯარო მუზეუმთა რიცხვს. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნიკოლაი კოშელევი და ცნობილი ფოტოგრაფის ანდრეი კარელინის შვილი, მხატვარი ანდრეი კარელინი, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი ინტელიგენცია.
მუზეუმი დააარსეს ქალაქის დუმის 1894 წლის გადაწყვეტილებით. ამ დროიდან ნიჟნი-ნოვგოროდში ოფიციალურად მოქმედებდა სამი მუზეუმი: ქალაქის ბუნებრივ-ისტორიული, ეპარქიული საეკლესიო სიძველეთა საცავი სასულიერო სემინარიასთან და პეტროვსკის ისტორიული მუზეუმი.
სამხატვრო მუზეუმის გახსნა დაუკავშირეს ნიჟნი-ნოვგოროდში მიმდინარე XVI სრულიად რუსულ სამხატვრო-სამრეწველო გამოფენას და შედგა 1896 წლის 25 ივნისს. მუზეუმის გახსნის აღსანიშნავად გამოუშვეს სამახსოვრო მედალი 25 ვერცხლისა და 300 ბრინჯაოსაგან დამზადებული, მათთვის ვინც მონაწილეობა მიიღო მუზეუმის ჩამოყალიბებასა და გახსნაში. მუზეუმის პირველი სტუმრების რიცხვში აღმოჩნდა იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი მეუღლე ალექსანდრა თევდორეს ასული, რომელთათვისაც ჩამოასხეს ორი სპეციალური ოქროს მედალი.
თავდაპირველად მუზეუმი გახსნეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის დმიტრიევის კოშკში და შედგებოდა ორი განყოფილებისაგან: ისტორიული და სამხატვრო. ამავდროულად კოშკში განათავსეს არეულობის ხანისადმი მიძღვნილი ისტორიული ფერწერის მხატვართა საზოგადოების გამოფენა, რომლის ექსპონატების ნაწილი გადასცეს ახალ მუზეუმს.
მუზეუმის შენობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შენობებში იყო განთავსებული. კერძოდ:
- დმიტრიევის კოშკი (1896-1912 წწ.)
- თავადთა საკრებულოს შენობა (1912-1918 წწ.)
- რუკავიშნიკოვის სახლი (1918-1924 წწ.)
- ყოფილი ქალაქის თავის, ვაჭარ დმიტრი სიროტკინის სახლი (1924 წლიდან)
- სამხედრო გუბერნატორის სახლი (1992 წლიდან)
გუბერნატორის სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამსართულიანი, სამხედრო გუბერნატორის სახლის მშენებლობა დაიწყეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძრის მოპირდაპირე ჩრდილოეთის მხარეს 1837 წლის გაზაფხულზე და დაასრულეს 1841 წელს. მისი მშენბელობის ადგილი პირადად ნიკოლოზ I-მა შეარჩია 1834 წელს ნიჟნი-ნოვგოროდში თავისი ვიზიტის დროს.
შენობა შეიქმნა არქიტექტორ იოსებ შარლემანის პროექტის მიხედვით, გვიანი კლასიციზმის სტილში. გუბერნატორის სასახლის ჩრდილოეთი მხარე მიმართულია ვოლგისაკენ, ხოლო სამხრეთი მხარე ეკლესიისაკენ. პირველ სართულზე განთავსებულია გუბერნატორის ოჯახის წევრთა საცხოვრებელი ოთახები. მეორეზე - საიმპერატორო ოთახები (ნიჟნი-ნოვგოროდში სამეფო ოჯახის წევრების სტუმრობის შემთხვევისათვის): სასტუმრო, სამზარეულო, კაბინეტი, საძინებლები, ბუფეტი და კიდევ რამდენიმე ოთახი. მესამე სართულზე განთავსებულია სულიწმინდის ეკლესია, რომელიც მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის კუთხეში. მისი კურთხევა შედგა 1845 წლის 18 სექტემბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოს იოანეს მიერ. მანვე აღასრულა პირველი ლიტურგია.
სახლის კუთხეებში მიაშენეს ფლიგელები: აღმოსავლეთით, რომელშიც განთავსებულია გუბერნატორის კანცელარია და თანამდებობის პირთა ოთახები, დასავლეთისაში (არ შემონახულა) განთავსებული იყო გარნიზონის ჰაუპტვახტი.
გუბერნატორის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიჟნი-ნოვგოროდის 14 გენერალ-გუბერნატორი, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ 1917 წლამდე.
გუბერნატორის სახლის ისტორია დაკავშირებულია რამდენიმე ცნობილ ისტორიულ პერსონაჟთან. 1858 წელს გუბერნატორ ალექსანდრე მურავიოვს სტუმრობდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა მამა.
1917 წლი ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ შენობაში განთავსდა სკკპ-ის გორკის ოლქის კომიტეტი.
1990 წელს გუბერნატორის სახლის შენობა გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმს. გუბერნატორის სახლში გამოფენილია მუდმივი ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება XIV-XX საუკუნეების რუსულ ხელოვნებას.
სიროტკინის სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი გილდიის ვაჭრის, ნიჟნი-ნოვგოროდს ქალაქისთავის დიმიტრი სიროტკინის სახლი აგებულია მოსკოველი ხუროთმოძღვრების ძმები ვესნინების (ლეონიდ, ვიქტორ და ალექსანდრე) პროექტის მიხედვით 1913-1916 წლებში ნეოკლასიციზმის სტილში. სახლის მშენებლობა გაგრძელდა 635 დღე.
ზომებით მცირე ორსართულიან სახლს აქვს იდეალური პროპორციები და საინტერესო არქიტექტურა. პირველ სართულზე განთავსებულია შესასვლელი ვესტიბიული, ბიბლიოთეკა მასზე მიბმული საბილიარდოს, კანტორის, ხელით შრომისა და საწყობის ოთახები. მეორე სართულზე განთავსებულია სასადილო, სასტუმრო, ოჯახის უფროსის კაბინეტი, მასპინძელთა საძინებლები.
თავად სიროტკინს პრაქტიკულად არ უცხოვრია ამ სახლში, მან ქვეყანა დატოვა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძალიან მალევე. ამბობენ, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს იგი დაინტერესდა საკუთარი სახლის ბედით, როდესაც უთხრეს, რომ მასში მუზეუმი განათავსეს, ძალიან გაეხარდა და თქვა: დააფასეს, გადაარჩინეს!
შენობის კედლებში სამხატვრო მუზეუმი არსებობდა 1992 წლამდე. ამ წელს დაიწყო მისი პირველი კაპიტალური რემონტი და რესტავრაცია. 2009 წელს სიროტკინის სახლი 70-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის. შენობაში გაიხსნა XV-XX საუკუნეების დასავლეთ ევროოპის მხვილმასშტაბიანი ექსპოზიცია. აქვეა გამოფენილი კონსტანტინ მაკოვსკის სურათი „მინინის მოწოდება“.