ნიკოლოზ ბერძნიშვილი
ნიკოლოზ ბერძნიშვილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რუს. Николай Бердзенов |
დაბადების სახელი | ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) |
დაბადების თარიღი |
4 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1829 სოფელი არდონი |
გარდაცვალების თარიღი |
1874 თბილისი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი. |
ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) (დ. 16 სექტემბერი [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], 1829, სოფ. არდონი, ახლანდელი ჩრდილოეთი ოსეთი ― გ. 1874, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“, რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა — „თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით“ (1870) და გამოკვლევა (რუსულ ენაზე) „სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში“ (1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864–1874 წლებში იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის „აქტების“ შედგენაში. საყურადღებოა "კავკაზში" 1857–1859 წლებში გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ბერძნიშვილი ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნული თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974;
- Бакрадзе Д. З., Бердзенов и его литературная деятельность, Тфл., 1874;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 337.