შინაარსზე გადასვლა

მეგავატი სუკარნოპუტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგავატი სუკარნოპუტრი
მეგავატი სუკარნოპუტრი
ინდონეზიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი, 2001 – 20 ოქტომბერი, 2004
წინამორბედიაბდურაჰმან ვაჰიდი
მემკვიდრესუსილო ბამბანგ იუდჰოიონო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1999 – 23 ივლისი,2001
პრეზიდენტიაბდურაჰმან ვაჰიდი
წინამორბედიბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
მემკვიდრეჰამზან ჰასი

დაბადებული23 იანვარი, 1947
ჯოკიაკარტა, ინდონეზია

დია პერმატა მეგავატი სეტიავატი სუკარნოპუტრი (დ. 23 იანვარი, 1947, ჯოკიაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი პოლიტიკური მოღვაწე, 2001-2004 წწ. ინდონეზიის მე-5 პრეზიდენტი, ინდონეზიის პირველი პრეზიდენტის შვილი, პირველი ქალი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში.

დაიბადა ცენტრალური იავის პროვინციაში, ქალაქ ჯოკიაკარტაში 1947 წლის 23 იანვარს, ინდონეზიაში ცნობილი პოლიტიკოსის პრეზიდენტ აჰმედ სუკარნოს ოჯახში, იგი 20 წლამდე ჯაკარტაში პრეზიდენტის სასახლე მერდეკაში იზრდებოდა. მეგავატიმ 1967 წელს დაამთავრა ბანდუნგის პაჯაჯარანის უნივერსიტეტი, აგროტექნიკოსის სპეციალობით. სწორედ ამავე წლის მარტში გენერალმა სუჰარტომ მამამისს ხელისუფლება ჩამოართვა სუკარნოს ოჯახი იძულებული გახდა მიეტოვებინათ მერდეკას სასახლე და საცხოვრებლად გადასულიყვნენ ქალაქ ბოგორში. 1970 წლის ივნისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მეგავატის მამა. პოლიტიკური ნიშნით დაიწყეს მისი ოჯახის დევნა. 1972 წელს ინდონეზიის უნივერსიტეტის გავლენიანმა აკადემიკოსებმა პოლიტიკური საბაბით მეგავატის უარი უთხრეს ფსიქოლოგის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებაზე.

მეგავატი სუკარნოპუტრი

მეგავატი არ იყო მზად იმისათვის რომ გაეგრძელებინა მამამისის საქმე და დაეფუძნებინა პოლიტიკური დინასტია ისევე როგორც ეს მოხდა ინდოეთში ინდირა განდის შემთხვევაში, ხოლო მას შემდეგ, რაც განმტკიცდა და გაძლიერდა სუჰარტოს ხელისუფლება იგი საერთოდ ჩამოშორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას და 1987 წლამდე პოლიტიკაში არ ერეოდა. 1987 წელს როცა იგი უკვე 40 წლისა იყო შეუერთდა ინდონეზიის დემოკრატიულ პარტიას და აღმოჩნდა იმ 40 ადამიანის სიაში რომლებიც აირჩიეს სახალხო წარმომადგენლობათა პალატაში – ინდონეზიის პარლამენტში. 1999 წელს მცირედით დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ იმის შიშით რომ ოპოზიციაში არ გადასულიყო პრეზიდენტმა ვაჰიდმა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად. 2001 წლის აპრილში სახალხო წარმომადგენელთა პალატამ მთავრობაში გამოავლინა ფინანსური სკანდალი. აბდურაჰმან ვაჰიდი გადაყენებულ იქნა. 26 ივლისს კი დატოვა ქვეყანა და აშშ-ში გაემგზავრა. 23 ივლისს მეგავატიმ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მისი უფლებამოსილება კონსტიტუციის საფუძველზე გაგრძელებულ იქნა 2004 წლამდე ანუ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

მეგავატის ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე თვეს 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ზუსტად ერთ კვირაში მეგავატი სუკარნოპუტრი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აშშ-ში და თავისი ქვეყნის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მეგავატი კიცხავდა მუსლიმანი ტერორისტების მსგავს სისხლიან იერიშებს, თუმცა არ სურდა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. პრეზიდენტმა პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლო და იძულებით იქნა გაწევრიანებული ანტიტერორისტულ კოალიციაში. მუსულმანური ინდონეზია ფაქტობრივად წინააღმდეგი წავიდა მუსლიმი ოსამა ბინ ლადენის ტერორისტული ორგანიზაციისა "ალ-ქაიდა". ინდონეზიელმა მუსლიმებმა წამოიწყეს დიდი ანტიდასავლური კამპანია. პარტიები არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომას, რადიკალური ჯგუფები მოსახლეობას მოუწოდებდნენ საღვთო ომისაკენ – ჯიჰადისაკენ, ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ავღანეთის თალიბანის რეჟიმის დაბომბვა ინდონეზიის მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში და მხარი დაუჭირა ალ-ქაიდას და თალიბანს.

ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ ინდონეზიის მთავრობას არ აპატია კოალიციაში გაწევრიანება და 2002 წლის 12 ოქტომბერს ინდონეზიის ისტორიაში მოხდა ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტი: ტურისტებისათვის მიმზიდველ კუნძულ ბალიზე ააფეთქეს ორი კლუბი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 22 ქვეყნის 202 ადამიანი. გარდა იმისა, რომ ეს იყო უდიდესი ტრაგედია ეს იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზეც, რომელიც ინდონეზიის შემოსავლების ძირითადი წყაროა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეში დაადანაშაულა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჯამაა ისლამია", რომელიც ეკუთვნის ბინ ლადენის ტერორისტულ ქსელს.

2003 წლის 7-8 ოქტომბერს ბალიში ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორგანიზაციის – ასეანის IX შეხვედრა, რითაც მეგავატის სურდა მსოფლიოსათვის დაენახვებინა რომ კუნძული უსაფრთხოა და ამით აღედგინა ტურისტების თვალში კურორტის შელახული ავტორიტეტი.

მეგავატი ყოველთვის გამოირჩეოდა ინდონეზიელი სეპარატისტების და კონფლიქტური ტერიტორიებისადმი მკაცრი დამოკიდებულებით იგი ერთიანი სახელმწიფოს მომხრე იყო და სუჰარტოს მთავრობას ყოველთვის ბრალს სდებდა ექსტრემისტების წაქეზებაში. მეგავატი სუკარნოპუტრი აკრიტიკებდა 1999 წელს აღმოსავლეთ ტომორში ჩატარებულ რეფერენდუმს რომელშიც დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს და დაიწყეს მზადება დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის (აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2002 წლის 20 მაისს).

კონფლიქტი იყო აჩეხშიც. აჩეხის ადგილობრივი ტრადიციები ასიმილაციას განიცდიდა ინდონეზიურთან, რასაც ვერ ეგუებოდა ადგილობრივი მოსახლეობა რომელსაც „აჩეხის განთავისუფლების მოძრაობა“ ხელმძღვანელობდა. მეგავატი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კუნძულ სუმატრის ამ პროვინციის რაიმე სუვერენიტეტს. 2002 წელს აჩეხის განთავისუფლების ორგანიზაციამ და ინდონეზიის მთავრობამ 9 დეკემბერს ჟენევაში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას თუმცა ეს შეთანხმება ვერ გამოდგა მშვიდობის გარანტი. კონფლიქტი კი გრძელდებოდა . სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2003 წლის მაისში, რასაც მოჰყვა ინდონეზიის მთავრობის 40 000 ჯარისკაცის შესვლა აჩეხის პროვინციაში.

განსხვავებით აჩეხისაგან აღმოსავლეთ ტიმორი, სადაც ინდონეზია 1999 წლის ოქტომბრიდან ვერ ახორციელებდა თავის იურისდიქციას, შევიდა გაეროს ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ და 2002 წლის 20 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მეგავატი ამ პროცესის წინააღმდეგი იყო მაშინ როცა ჰაბიბის ოპოზიციაში იდგა, ახლა კი დილიში – აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქში – პირადად ესწრებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 2 ივლისს მეგავატი და აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი შანანა გუჟმაუ მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს ჯაკარტაში და დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. ინდონეზიამ აღიარა აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობა, განსაზღვრეს საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ტიმორს შორის და გაცვალეს ელჩები.

2004 წლის 5 ივლისს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები რომლის რეზულტატიც ასეთი იყო: სუსილო იოდოიონო – 33,6 %, მეგავატი სუკარნოპუტრი – 26,2 %, ვირანტო – 22,2 %, ამიენ რაისი – 14,9 % და ჰამსან ჰასი – 3,1 %. 2004 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მეგავატი დამარცხდა და მიიღო ხმების მხოლოდ 39,1 %.

მეგავატი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

1971 წლის იანვარში მეგავატიმ დაკარგა მეუღლე საჰაერო ძალების ლეიტენანტი სურინდრო სუპხარსო, იგი საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა მაშინ როდესაც მიფრინავდნენ ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილის ტყიანი ტერიტორიების თავზე. გარდაცვლილის ცხედარი ვერ იპოვეს. 1972 წელს მეგავატი მეორედ გათხოვდა ეგვიპტელ დიპლომატ ჰასან გამალ აჰმად ჰასანზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში დაშორდა კიდეც. 1973 წელს კი მესამედ გათხოვდა ტაუფიკ კიემასზე, რომელიც იყო ცნობილი ბიზნესმენი კუნძულ სუმატრაზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი პუან მაჰარანი. ქალბატონ მეგავატის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ბიჭი მუჰამად რიკი პრატამა იგივე ტატამი და მუჰამად პრანადა პრაბოვო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
აბდურაჰმან ვაჰიდი
ინდონეზიის პრეზიდენტი

20012004
შემდეგი:
სუსილო ბამბანგ იუდჰოიონო