მაურეგატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაურეგატო
Mauregato
ასტურიის სამეფოს მე-7 მეფე
მმართ. დასაწყისი: 783
მმართ. დასასრული: 789
წინამორბედი: სილო
მემკვიდრე: ბერმუდო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 789
გარდ. ადგილი: პრავია
მეუღლე: კრეუსა
შვილები: გერმენგილდი
მამა: ალფონსო I

მაურეგატო (ესპ. Mauregato; დ. უცნობია — გ. 789) — ასტურიის მეფე 783–789 წლებში.

მაურეგატოს დედის სახელი თანამედროვე ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის. უფრო გვიანდელი წყაროები კი მას სისალდას უწოდებენ. იგი იყო მუსლიმი მონა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. ალფონსო I-მა იგი თავის ხარჭად დასვა და მისგან შეეძინა მაურეგატო.

783 წელს მეფე სილო გარდაიცვალა და მისმა ქვრივმა, ადოსინდამ, მოინდომა ტახტზე ასულიყო თავისი ძმისშვილი ალფონსო, მაგრამ იგი ჯერ კიდევ პატარა იყო. მაურეგატომ ტახტის უზურპაცია მოახდინა, რაშიც არა მარტო ასტურიელი ფეოდალები, არამედ აბდ ალ-რაჰმან I-იც დაიხმარა, რის სანაცვლოდაც მაურეგატო ყოველწლიურ გადასახადს უხდიდა მავრებს. ალფონსო კი თავის თანამოაზრეებთან ერთად ალავაში გაიქცა, სადაც დედამისის ნათესავები ცხოვრობდნენ.

მაურეგატოს დროს ეკლესიაში დაიწყო განხეთქილება, რაც გამოიწვია ადოფციონიზმის გაძლიერებამ, რომელსაც მხარს უჭერდა ტოლედოს არქიეპისკოპოსი ელიპანდი.

მაურეგატო ქვეყანას მართავდა 789 წლამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის აურელიუსის ძმა ბერმუდო I.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]