მარია ტრაპიზონელი
მარია ტრაპიზონელი | |
---|---|
ბიზანტიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | სექტემბერი, 1427 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი, 1439 |
წინამორბედი: | სოფია მონფერატელი |
მემკვიდრე: | იმპერიამ არსებობა შეწყვიტა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 17 დეკემბერი, 1439 |
მეუღლე: | იოანე VIII, ბიზანტიის იმპერატორი |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ალექსი IV, ტრაპიზონის იმპერატორი |
დედა: | თეოდორა კანტაკუზენე |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
მარია ტრაპიზონელი (ბერძ. Μαρία της Τραπεζούντας; დ. თარიღი უცნობია, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია — გ. 17 დეკემბერი, 1439, კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია) — კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი IV-ის ასული. ბიზანტიის უკანასკნელი დედოფალი 1427-1439 წლებში როგორც იმპერატორ იოანე VIII-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიას დაბადების თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ტრაპიზონში დაიბადა. იგი იყო ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი IV კომნენოსისა და მისი მეუღლის, დედოფალ თეოდორა კანტაკუზენეს ქალიშვილი.
1427 წლის სექტემბერში მარია მიათხოვეს ბიზანტიის იმპერატორ იოანე VIII-ს, რითაც იგი ბიზანტიის ახალი დედოფალი გახდა. ცნობილია, რომ იმპერატორმა ტრაპიზონელებთან მოლაპარაკებები თავიდან ელჩების მეშვეობით აწარმოა, თუმცა საბოლოოდ, 1427 წლის აგვისტოს ბოლო დღეს იოანე გემით თავად ჩავიდა ტრაპიზონში და დაამთავრა მოლაპარაკებები. როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლში მას ხშირად მარია კანტაკუზენეს უწოდებდნენ, რადგან იგი ძალიან ჰგავდა თავის დედას. აღსანიშნავია, რომ დედოფალი მარია აღწერილია როგორც ძალიან ლამაზი და სათნო ქალი, რის გამოც იმპერატორს იგი ძალიან უყვარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე II მას უწოდებდა „მარია, ტრაპიზონის იმპერატორ ალექსის ქალიშვილს“. აღსანიშნავია, რომ მარია იოანესათვის მესამე ცოლი იყო, რადგან მისი პირველი ორი მეუღლე: ანა მოსკოველი და სოფია მონფერატელი უშვილოდ გარდაიცვალნენ და იმპერატორმა მასზე მემკვიდრის გასაჩენად იქორწინა.
ცნობილია, რომ როდესაც 1432 წელს ბურგუნდიელმა პილიგრიმმა ბერტრანდონ დე ლა ბროკიერმა დედოფალი მარია კონსტანტინოპოლში ვიზიტისას დაინახა, განადიდა მისი სილამაზე და თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა: „მე ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ მას პორტრეტები არ ჰქონია, თუმცა არც ყოფილა ამის საჭიროება, რადგან მისი სილამაზე მათ გარეშეც დაატყვევებს ყველას.“
1437 წლის ნოემბერში დედოფალ მარიას შეხვდა ესპანელი მოგზაური პერო ტაფური, რომელმაც აღნიშნა, რომ დედოფალი ყოველდღიურად აოცებდა მნახველებს. პერო ტაფური აგრეთვე წერს მარიას ძმაზე, ალექსანდრეზე, რომელზეც ასეთ რამეს ამბობს: „იგი მშობლიური ქალაქიდან გადაასახლეს თავის დასთან, დედოფალთან, თუმცა როგორც ამბობენ, მისი ურთიერთობა მასთან კვლავ არაკეთილსინდისიერია.“ რამდენიმე თვეში პერო ტაფური კვლავ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, სადაც მისივე თხოვნით იმპერატორმა იოანემ მას აია-სოფიას ტაძარი დაათვალიერებინა, სადაც მათთან ერთად იმყოფებოდნენ დედოფალი მარია და მისი ძმა, ალექსანდრე კომნენოსიც.
მარიასა და იოანეს ქორწინება სულ თორმეტ წელს გაგრძელდა, თუმცა მემკვიდრე არ დაბადებულა. დედოფალი მარია 1439 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, რა დროსაც მისი ქმარი, იმპერატორი იოანე VIII ფლორენციაში იმყოფებოდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე. როგორც ცნობილია, იმპერატორმა უარი თქვა სხვა ცოლის შერთვაზე და იგი 1448 წელს გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, კონსტანტინე XI-მ დაიკავა, რომლის დროსაც დაეცა კონსტანტინოპოლი და ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა, რის გამოც მარია ბიზანტიის ისტორიაში უკანასკნელი დედოფალი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barbara Morgan: Maria of Trebizond. In: Anne Commire (Hrsg.): Women in World History. Bd. 10 (2001), p. 340.
- Doukas, 20.7; translated by Harry J. Marguoulias, Decline and Fall of Byzantium to the Ottoman Turks (Detroit: Wayne State University, 1975), p. 114
- Chronicle 14:3-4; translated by Marios Philippides, The Fall of the Byzantine Empire: A Chronicle by George Sphrantzes, 1401-1477 (Amherst: University of Massachusetts, 1980), p. 30
- Runciman, The Fall of Constantinople, 1453 (Cambridge: University Press, 1965), p. 21
- A. Vasiliev, "Pero Tafur, a Spanish Traveler of the XVth Century and His Visit to Constantinople, Trebizond, and Italy", Byzantion 7 (1932), p. 95