მალაიზიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიზიის გეოგრაფია

მალაიზია — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მალაიზიის ფართობია 329 847 კმ². სამხრეთ ჩინეთის ზღვა ყოფს ორ ნაწილად: დასავლეთი მალაიზია (მალაია) — მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთი მალაიზია (სარავაკი და საბაჰი) — კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მალაიზია ვიწრო კაშხლით დაკავშირებულია სინგაპურთან; საზღვაო საზღვრები გააჩნია ვიეტნამთან და ფილიპინებთან. მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში მდებარე პიაის კონცხი წარმოადგენს მთელი კონტინენტური ევრაზიის ყველაზე სამხრეთ წერტილს.

მალაიზია მდებარეობს ეკვატორულ სარტყელში. სანაპირო ხაზი ოდნავაა შეჭრილ-შემოჭრილი. მალაკის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია (მთების სიმაღლე 1000-2000 მ, უმაღლესია მთა ტაჰანი, 2190 მ). სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთ ნაწილში დაჭაობებული ალუვიური დაბლობებია. დაბლობებია კუნძულ კალიმანტანის სანაპიროს გასწვრივაც, თვით კუნძულზე კი ბორცვები და ქედებია (სიმაღლე 2000-2400 მ), ჩრდილო ნაწილში აღმართულია კინაბალუს მთის მასივი (საიმაღლე 411 მ, მალაიზიის უმაღლესი წერტილი).

ჰავა მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და კუნძულ კალიმანტანზე ეკვატორულია, ჩრდილოეთში — სუბეკვატორული მუსონური. საშუალო თვიური ტემპერატურებია 25-28°C (ბარში). ატმოსფერული ნალექები სანაპიროზე 2000-2500 მმ წელიწადში, მთაში ზოგან 4000 მმ-მდე. კინაბალუს მასივის კალთებზე 5000 მმ-ზე მეტი.

მდინარეთა ქსელი ხშირია. მდინარეები შედარებით მოკლე, მაგრამ წყალუხვია. ყველაზე დიდი მდინარეებია რაჯანგი, ბარამი, კინაბატანგანი, პაჰანგი. მდინარეები უხვწყლიანია მთელი წლის განმავლობაში. წვიმების სეზონში მათი დონე მკვეთრად და მნიშვნელოვნად მატულობს, რაც ხშირ შემთხვევებში რიგ ადგილებში წყალდიდობას იწვევს. მალაიზიის უგრძესი მდინარეა რაჯანგი, რომელიც მიედინება სარავაკის შტატში და აქვს 760 კილომეტრი სიგრძე. სიგრძით მეორე მდინარეა კინაბატანგანი, რომლის სიგრძეა 560 კილომეტრი, იგი მიედინება საბაჰის შტატის ტერიტორიაზე. მდინარე პაჰანგის სიგრძეა 435 კილომეტრი. მალაიზიის უდიდესი მტკნარწყლიანი ტბაა ბერა, რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სიდიდით მეორე ტბაა ჩინი (ტასიკ-ჩინი), რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის ცენტრალურ ნაწილში. მისი ფართობია 5025 ჰექტარი. მალაიზიის უდიდესი წყალსაცავია კენირი, რომლის ფართობია 260 კმ². წყალსაცავი განლაგებულია ტრენგანუს შტატის ტერიტორიაზე.

მალაიზიის დიდ ნაწილზე გაეწრებული ლატერიტული ნაიდაგებია, დაბლობებზე — ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით 3/4 შემოსილია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყით, შედარებით მშრალ მთათაშუა ქვაბულებში ქსეროფიტული ბუჩქნარია, სანაპიროს გასწვრივ — მანგროვიანი.

მალაიზია მდებარეობს ხმელთაშუაზღვიური გეოსინკლინური სარტყლის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ნახევარკუნძულისა და ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის გეოლოგიური აგებულების თავისებურება ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. დასავლეთი მალაიზიისათვის დამახასიათებელია მეზოზოური დანაოჭება ქვედაპალეოზოური (დასავლეთით), მეზოზოური (ცენტრში) და ზედაპალეოზოურის (აღმოსავლეთით) თანხლებით. ამასთან ერთად, ნახევარკუნძულის დასავლეთით ჭარბობს კარბონატულ-ტერიგენული, ხოლო აღმოსავლეთით ვულკანოგენური დანალექები. არის მერიდიანული მიმართულების ტექტონიკური რღვევები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიმართული. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილისათვის ნიაშანდობლივია კაინოზოური დანაოჭება. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოება კალის, რკინის, სპილენძის მადანი, ქვანახშირი, ნავთობი, ოქრო, ალუმინი, ბოქსიტი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]