კონდოლის წმინდა მარიამის ეკლესია
კონდოლის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კონდოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, ძლიერ წაგრძელებული. შედგება სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისაგან. მცირე, დარბაზული ეკლესიისგანდ, რისთვისაც, ფართობის გაზრდის მიზნით დასავლეთიდან იმავე სიმაღლის ოდნავ განიერი ნაგებობა მიაშენეს, რომელიც ეკლესიასთან ერთად, საერთო, ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. ორივე ნაგებობა რიყის ქვითა და კვადრატული აგურითაა ნაგები. კედლები, ძირითადად, რიყის ქვისაა. კონტრასტული ელემენტები, კარ-სარკმელთა ღიობები და გარეთა კუთხეების ნაწილი გამოყვანილია აგურით. კედლები გარედან და შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ორივე მინაშენის კედელშია გაჭრილი, სამხრეთით და დასავლეთით. სამხრეთ კარი ორივე მხრიდან თრაზულადაა გადახურული, დასავლეთ კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა.
აღმოსავლეთით ოდნავ გაბრტყელებული აფსიდაა, რომელიც დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდის ცენტრში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი. სარკმლის აქეთ-იქით თითო ნიშაა. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ერთსაფეხუროვანი პილასტრია.
გარედან ეკლესიის კედლებს, უმეტეს ფართობზე, ნალესობა ჩამოცვენილი აქვს. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, კვარცხლბეკზე აღმართული, წყობაში ჩაღრმავებული, თითო ჯვარია გამოსახული.
ეკლესიის სახურავის აღმოსავლეთ კეხზე დადგმულია ცილინდრული ფორმის, თუნუქის კონუსისებრი სახურავით გადახურული, დაბალი, ყრუ ნაგებობა, რომელზეც ლითონის ჯვარია აღმართული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 285-286.