შინაარსზე გადასვლა

კოლოდიური პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ სკოტ არჩერი, კოლოდიური პროცესის გამომგონებელი

კოლოდიური პროცესიფოტოგრაფიული პროცესი, რომელშიც შუქმგრძნობიარე გარემოს წარმოადგენს კოლოდიონზე წარმოქმნილი ვერცხლის ჰალოგენიდების კრისტალები. 1850 წლებიდან აღნიშნულმა ტექნოლოგიამ სრულიად ჩაანაცვლა მისი წინამორბედი — დაგეროტიპიის პროცესი, რომელსაც შედარებით დაბალი შუქმგრძნობელობა გააჩნდა. საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ე. წ. „სველკოლოდიური პროცესი“, რომელიც მოითხოვდა ექსპონირებული ფირფიტის დაუყოვნებლივ გამჟღავნებასა და ფიქსაჟს. თუმცა აღნიშნულის პარალელურად გაჩნდა ასევე „მშრალკოლოდიური პროცესიც“, რომლის დროსაც შესაძლებელია შუქმგრძნობიარე მშრალი ფირფიტების წინასწარ მომარაგება და მათი მრავალდღიან ექსპედიციებში გამოყენება. მშრალ კოლოდიურ ფირფიტებს აქვთ გაცილებით დაბალი შუქმგრძნობელობა. ის არასაკმარისია პორტრეტების შესაქმნელად, მაგრამ იძლევა უძრავი საგნების გადაღების საშუალებას. XIX საუკუნის ბოლოსათვის კოლოდიური პროცესი ჩაანაცვლა ტექნოლოგიურად უფრო პროგრესულმა — ჟელატინის ფოტოემულსიურმა პროცესმა.

სველკოლოდიური პროცესი აღმოჩენილ იქნა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ინგლისელი მეცნიერის ფრედერიკ სკოტ არჩერის, რობერტ ბინემისა და ფრანგი მეცნიერის გუსტავ ლეგრეს მიერ. 1851 წელს გამოგონების პირველი გამოქვეყნება სრულად მიეწერება ფ. არჩერს, თუმცა მას იგი არ დაუპატენტებია. 1854 წელს აღნიშნული ფოტოგრაფირების ტექნიკა სახელად „ამბროტიპი“ (ბერძ. ambrotos — მარადიული) დააპატენტა ჯეიმზ ასტონ კატინგმა. მან მიღებულ გამოსახულებას დაასხა კანადური ბალზამი და ზევიდან დააფარა მეორე შუშა. თუმცა მალე ფოტოგრაფებმა აღნიშნული გამოგონებიდან მხოლოდ ლაქის გამოყენება დატოვეს. 1856 წელს ამბროტიპის პარალელურად გამოიგონეს ტინტაიპი ანუ ფეროტაიპი, რომელზეც გამოსახულება შუშის მაგივრად ლითონის შავადდაფარულ ზედაპირზე იქმნებოდა და წარმოადგენდა პსევდოპოზიტიურ (სარკისებულად ამოტრიალუებულ) გამოსახულებას.

გამოგონებამ ფოტოგრაფიაში მოახდინა რევოლუცია, რადგანაც მანამდე არსებული დაგეროტიპიის ფოტოგრაფიული პროცესი საშუალოდ 50-ჯერ დიდი ხანგრძლივობით ხასაიდებოდა. ამან გაადვილა პორტრეტების გადაღება, რადგანაც ადამიანს აღარ უწევდა გაუნძრევლად 30-40 წუთის განმავლობაში კამერის წინ ჯდომა. ამ ყველაფერს დაერთო ისიც რომ კოლოდიური პროცესის აღმოჩენას დაემთხვა ასევე ალბუმინის ანაბეჭდის გამოგონებაც, რომელიც გამოიყენებოდა კონტაქტურ ბეჭდვაშიც. ამ უკანასკნელმა საშუალება მისცა ფოტოგრაფ-ამბროტიპისტებს ქაღალდზე გადაეტანათ ნეგატივის პოზიტიური გამოსახულების მრავალი ასლი. ასევე ნეგატივები გამოიყენებოდა კალოტიპიაში გამოსახულების მისაღებად.

კოლოდიური პროცესის ისტორია უშუალოდაა დაკავშირებული მისი მთავარი ელემენტის კოლოდიონის გამოგონებასთან. 1847 წელს ამერიკელმა სტუდენტმა ჯონ პარკერ მეინარდმა დინიტროცელულოზა გააზავა სპირტისა და ეთერის ხსნარში, რის შედეგადაც მიიღო თხევადი წებოვანი ნივთიერება, რომელიც გაშრობისას წარმოქმნიდა დრეკად თხელ ზედაპირს, რომელსაც დაერქვა სახელი „კოლოდიონი“ (ბერძ. kolos — წებოვანი). მეინარდის აღმოჩენიდან მალე აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გამოყენება პოვა მედიცინაში თხევადი პლასტირის სახით.

მობილური ფოტოლაბორატორია სველკოლოდიური პროცესისათვის

კოლოდიონი რომელიც იყო სრულიად ნეიტრალური ყველა ქიმიურ ელემენტთან ფრედერიკ არჩერმა მასში გახსნა კალიუმის იოდიდის მარილები და შუქმგრძნელობა მიანიჭა ვერცხლის ნიტრატშის აბაზანაში ჩატვირთვით.

რის შედეგადაც კოლოდიონში წარმოიქმნა შუქმგრძნობიარე ვერცხლის იოდიდის კრისტალები. შემდგომ ის ექსპონირების შემდეგ უმალვე მჟღავნდებოდა და ფიქსირდებოდა სპეციალური ხსნარით. ერთადერთი უარყოფითი რაც ახასიათებდა კოლოდიურ პროცესს ეს სტუდიის გარეთ გადაღება იყო რადგანაც საჭიროებდა მობილურ ბნელ ოთახს, გამამჟღავნელებელისა და ფიქსაჟის თან ტარებას. მიუხედავად მისი სუსტი მხარისა ის აქტუალური იყო XX საუკუნის ბოლომდე. დღესდღეობით მას იყენებენ მხატვრულ ფოტოგრაფიაში ფოტოგრაფი-ამბროტიპისტები.

ტექნოლოგიური პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლოდიონის მომზადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლოდიურ პროცესში ზოგადად გამოიყენება კოლოდიონის 2%-იანი ხსნარი (2:43:55), რომელშიც ზავდება სხვადასხვა მარილები, შედეგად ვღებულობთ ფოტოგრაფიულ კოლოდიონს. ქვემოდ მოცემულია ფოტოგრაფიული კოლოდიონის რამდენიმე ფორმულა.

ფორმულა №1:
1 ნაწილი 
კოლოდიონი (2%) — 280 მლ.
2 ნაწილი 
კადმიუმის ბრომიდი — 1,5 გრ.
გამოხდილი წყალი — 3 მლ.
3 ნაწილი
კალიუმის იოდიდი — 2 გრ.
გამოხდილი წყალი — 3 მლ.

აღნიშნული ფრომულის მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე ნაწილი ცალ-ცალკე გაზავდეს და შემდეგ თანმიმდევრობით შეერიოს პირველ ნაწილს. აღნიშნული ფორმულით დამზადებული ფოტოგრაფიული კოლოდიონი გამოირჩევა დაბალი შუქმგრძნობელობით. ქვემოთ მოცემულია სხვა ალტერნატიული ფორმულები, რომელთა ISO ერთიორად მაღალია.

ფორმულა №2
1 ნაწილი — 2%-იანი კოლოდიონის დამზადება 
კოლოქსილინი — 2 გრ.
სპირტი — 81 გრ. (100 მლ). 
ეთერი — 72 გრ. (100 მლ).
2 ნაწილი 
ამონიუმის იოდიდი — 1 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
3 ნაწილი 
კადმიუმის იოდიდი — 1 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
4 ნაწილი 
კადმიუმის ბრომიდი — 0.4 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
5 ნაწილი 
ამონიუმის ბრომიდი — 0.4 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
ფორმულა №3
1 ნაწილი — 1.3%-იანი კოლოდიონის დამზადება (1,3:52,3:46,4)
კოლოქსილინი — 2 გრ.
სპირტი — 81 გრ. (100 მლ). 
ეთერი — 72 გრ. (100 მლ).
2 ნაწილი 
კადმიუმის იოდიდი — 2 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
3 ნაწილი 
კადმიუმის ბრომიდი — 0.8 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
ფორმულა №4
1 ნაწილი 
კოლოდიონი (2%) — 250 მლ. (125 მლ 4% კოლოდიონი, 83 მლ სპირტი და  42 მლ ეთერი)
2 ნაწილი 
ამონიუმის იოდიდი — 1,8 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
3 ნაწილი
კალიუმის იოდიდი — 1,2 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.
4 ნაწილი
ლითიუმის ბრომიდი — 0,9 გრ.
გამოხდილი წყალი — 2 მლ.

კოლოდიონი მასში ქიმიური ელემენტების შერევისთანავე ღებულობს მოყვითალო შეფერილობას, რაც მასში რეაქციების წარმატებით მიმდინარეობაზე მეტყველებს. ფოტოგრაფიული კოლოდიონის პრაქტიკაში გამოსაყენებლად საჭიროა, დამზადებიდან მისი ორი კვირის მანძილზე გაჩერება და ნივთიერებათა უკეთ გაზავებისათვის მისი პერიოდული შენჯღრევა. ორი კვირის ბოლოს კოლოდიონს უკვე მკვეთრად გამოკვეთილი ყვითელი ფერი ექნება. დროთა განმავლობაში კოლოდიონი გადავა ჯერ მოსტაფილოსფეროში ხოლო შემდეგ მიიღებს მუქი წითელ ფერს. ჩვეულებრივ მინაზე მუშაობისათვის არაა რეკომენდებული ისეთი კოლოდიონის გამოყენება რომელშიც მარილები დიდი ხნის გახსნილია, რადგანაც გაშრობისთანავე ხდება მინის ზედაპირიდან მისი აქერცვლა. გაცილებით სხვანაირად იქცევა კოლოდიონი ორგმინასთან მიმართებაში, სადაც დროს არ ენიჭება მნიშვნელობა.

ვერცხლის ნიტრატის აბაზანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კომპონენტები
1 ნაწილი
გამოხდილი წყალი — 800 მლ.
ვერცხლის ნიტრატი — 100 გრ.
2 ნაწილი
გამოხდილი წყალი — ~200 მლ (1 ლიტრამდე შესავსებად).

საწყის ვერცხლის ნიტრატი ზავდება დაახლოებით 800 მლ გამოხდილ წყალში ხოლო შემდეგ ემატება იმდენი წყალი რომ სითხის სიმკვრივე არეომეტრზე ნიშნული უნდა მერყეობდეს 1060-1080-ის ფარგლებში, ხოლო წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20 °C. აღნიშნულ სითხეს ემატება დაახლოებით ძმარმჟავას ერთი წვეთი Ph-ის შესაცვლელად. ვერცხლის ნიტრატის აბაზანის Ph-ის დონე უნდა მერყეობდეს 3-4,5-ის ფარგლებში. სასურველია აბაზანის გაფილტვრა ყოველის სესიის დასრულების შემდეგ.

შაქრიანი გაგამჟღავნებელი
გამოხდილი წყალი — 200 მლ.
რკინის სულფატი — 10 გრ.
შაქარი — 12 გრ.
ძმარმჟავა — 8 მლ.
სპირტი — 8 მლ.

ვაზავებთ წყალში ნივთიერებებს თანმიმდევრობის დაცვით და მიღებულ სითხეს ვფილტრავთ.

ჩვეულებრივი ფიქსაჟი
ნაწილი 1
გამოხდილი წყალი — 800 მლ.
ნატრიუმის ტიოსულფატი — 200 გრ.
ნაწილი 2
გამოხდილი წყალი — ~200 მლ (1 ლიტრამდე შესავსებად).

ვაზავებთ წყალში და მიღებულ სითხეს ვფილტრავთ.

სანდარაკის ლაქი
სანდარაკის ფისი — 57 გრ.
სპირტი — 415 მლ.
ლავანდის ზეთი — 47 მლ.

ვაზავებთ თანმიმდევრობით და ვტოვებთ რამდენიმე დღე სანდარაკის ფისის სრულ გადნობამდე. მიღებულ ერთგვაროვან სითხეს ვფილტრავთ რამდენიმეჯერ.

სველკოლოდიური პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლოდიონის მინაზე დასხმის პროცესი

წინასწარ ცარციანი სპირტით გასუფთავებულ ზედაპირზე ასხამენ ფოტოგრაფიულ კოლოდიონს, ისე რომ ზედ დასხმული მასა გადანაწილდეს ფირფიტის მთელ ზედაპირზე. დასასრულს ზედმეტი მასა ჩამოიწურება უკანვე ქილაში. ფოტოგრაფიული კოლოდიონი სწრაფად შრება, ამიტომ აუცილებელია როგორც დასხმის პროცესის სწრაფად დასრულება, ასევე კოლოდიონის ქილისათვის თავსახურის დაფარება. დროთა განმავლობაში ქილაში არსებული ეთერი ქროლდება და საჭიროა კონსისტენციის შესანარჩუნებლად მასში ეთერის დამატება.

მომზადებულ ფირფიტას გარე ტემპერატურის შესაბამისად ოდნავ შეშრობას აცდიან, შემდეგ უკვე ბნელ ოთახში, სპეციალური დამჭერით ნახევრადვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფ ვერცლისნიტრატიან აბაზანაში უშვებენ 4 წუთით. დროის გასვლის შემდეგ იღებენ მინის ფირფიტას, რომელზეც კოლოდიონის მხარეს წარმოქმნილია ვერცხლის ჰალოგენიდები და შეფერილია რძისფრად. ფირფიტა მზადაა ექსპოზიციისათვის. მთავარია რომ დაცული იყოს დროის ჩარჩოები, კერძოდ აბაზანიდან მინის ფირფიტის ამოღების შემდეგ ფოტო უნდა გამჟღავნდეს მაქსიმუმ 10 წუთში. 10 წუთის შემდეგ უკვე იწყება ე. წ. „მშრალკოლოდიური პროცესის“ პერიოდი, რომელსაც სხვანაირად სჭირდება დამუშავება. სველკოლოდიური პროცესის შემთხვევაში ფოტოგრაფირების პროცესის დასრულებისთანავე, კასეტა ფირითურთ შეგვაქვს ბნელ ოთახში და ვიღებთ მინის ფირფიტას და ზედ ნელ ნელა ვასხამთ წინასწარ მომზადებულ გამამჟღავნებელს, წითელ შუქზე კონტურების გამოჩენიდან ვაცლით 20 წამს და ვაჩერებთ გამჟღავნებას გამოხდილი წყლით. წყლით გადარეცხვის შემდეგ ის უკვე შეიძლება გატანილ იქნეს შუქზე და ჩაიდოს ჰორიზონტალურ ფიქსაჟან აბაზანაში. სრული ციკლის გასვლისათვის საჭიროა რომ ფიქსაჟით მოიხსნას ე. წ. ვუალი ანუ რძისფერი სივრცე რომლითაც დაფარულია მთელი ფირფიტა. მას შემდეგ რაც ფიქსაჟი სრულად გამოიყვანს გამოსახულებას ხდება მისი გადარეცხვა გამდინარე წყალში.

გადარეცხილ ფირფიტას, ან ბუნებრივი ტემბით ან დაჩქარებით (ქურით) აშრობენ და მიღებულ გამოსახულებას დაცვის მიზნით ფარავენ წინასწარ მომზადებული ლაქით. ლაქგადასმული გამოსახულება უკვე სამუდამოდ დაცულია ნებისმიერი კოროზიისაგან და თუ ფოტო შესრულებულია ჩვეულებრივ მინაზე მაშინ მისი შენახვის ვადა ფიზიკურად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ დაზიანებას.

მშრალკოლოდიური პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სველკოლოდიური პროცესის უარყოფითი მხარეების დაძლევაზე მუშაობდა ბევრი მეცნიერი, როგორებიცაა: ჯოსეფ საიდბოტემი, რიჩარდ კენნეტი, მეიჯორ რასელი და ფრედერიკ რეტენი, თუმცა მათმა აღმოჩენებმა კარდინალური ცვლილებები ვერ მოიტანა. მათი ინოვაციები დაკავშირებული იყო კოლოდიონში ისეთი ნივთიერებების შერევასთან, რომლებიც ანაელებდნენ შრობის პროცესს. ნებისმიერი წარმატებული ცდა რომელიც ახანგრძლივებდა სისველი პერიოდს პირდაპირპროპორციულად ზრდიდა თავად ექსპოზიციის დროსაც. აღნიშნული პროცესზე მუშაობამ აზრი დაკარგა ჟელატინის ფოტოემულსიური ტექნიკის გამოჩენისთანავე.

კოლოდიური პროცესით გადაღებული ფოტოები ხასიათდება სინათლის განსაზღვრული სპექტრისადმი მგრძნობელობით. მაგალიტად ის აბსოლუტურად ან ნაწილობრივ ვერ ხედავს ინფრაწითელ ფერს და პირიქით ზემგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ასე ვთქვათ გადანაცვლებულია შუქმგრძნობიარეობის შკალა. ამიტომ მიღებულ გამოსახულებაზე, როგორც წესი წარმოისახება ის სხივები რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ხილული არაა. ამიტომ ხშირად ადამიანისთვის იდუმალებით აღსავსე შედეგს ვღებულობთ.

თანამედროვე გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მხატვრულ ფოტოგრაფიაში სველკოლოდიურმა ფოტოპროცესმა თავისი ადგილი იპოვა, როგორც ალტერნატიულმა ტექნიკამ. მიუხედავად ტექნოლოგიური სირთულისა, პროცესს ისევ იყენებს ზოგი ფოტოგრაფი, როგორც ორიგინალური ფორმით, ასევე ამბროტიპიის ტექნიკით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა პორტრეტის ჟანრში, რომლის დროსაც იქმება რეტრო სტილის ერთადერთი ეგზემპლარი. თანამედროვე ფოტოგრაფები იციან რა კოლოდიონში გაზავებული მინარევების მიდრეკილება განსაკუთრებით სინათლის ლურჯი-იისფერი სპექტრის ნაწილში, ქმნიან სხვადასხვა შედევრებს. შედეგად ღებულობენ განსხვავებული ტონალობის ფერებს. აღნიშნულმა პროცესმა განვითარება შეწყვიტა 1875 წელს უოთერხაუზის მიერ შექმნილმა და ტექნოლოგიურად განვითარებულმა პროცესმა — ვერცხლის ჟელატინის პროცესმა.

ნეგატივის შესრულების ტექნიკის დასადგენად საკმარისია, მის ქვემოთ ამოვდოთ შავი ფერის ფონი, თუ გამოსახულებამ გამოკვეთილი პოზიტიური გამოსახულება მიიღო ესე იგი ჩვენს წინაშეა კოლოდიონის პროცესით შერულებული გამოსახულება, თუ არა მაშინ მშრალი ჟელატინის ემულსიით.

  • Алексей Алексеев Мокрый коллодионный процесс. Вечный коллодий (рус.) // «Foto&video» : журнал. — 2009. — № 2. — С. 86—93.
  • Барт Дорса Похититель душ (рус.) // «Foto&video» : журнал. — 2009. — № 2. — С. 94—95.
  • К. В. Вендровский Вы нажимаете на кнопку — мы делаем остальное (рус.) // «Химия и жизнь» : журнал. — 1988. — № 11. — С. 30—37. — ISSN 0130-5972.
  • Александр Галкин Светлый образ (рус.) // «Foto&video» : журнал. — 2006. — № 4. — С. 120—125.
  • Е. А. Иофис. Фотокинотехника. — М.: «Советская энциклопедия», 1981. — С. 192—193. — 449 с. — 100 000 экз.
  • Владимир Левашов. Лекция 2. Развитие фотографической технологии в XIX веке // Лекции по истории фотографии / Галина Ельшевская. — 2-е изд.. — М.: «Тримедиа Контент», 2014. — С. 29—53. — 464 с. — ISBN 978-5-903788-63-7.
  • Э. Митчел. Фотография / А. Г. Симонов. — М.: «Мир», 1988. — 420 с. — 100 000 экз. — ISBN 5-03-000742-3.
  • Сергей Морозов. Часть I // Творческая фотография / А. Фомин. — 2-е изд.. — М.: «Планета», 1986. — С. 8—24. — 415 с. — 25 000 экз.
  • А. В. Редько. Основы фотографических процессов. — 2-е изд.. — СПб.: «Лань», 1999. — С. 14—15. — 512 с. — (Учебники для ВУЗов. Специальная литература). — 3000 экз. — ISBN 5-8114-0146-9.
  • Э. Фогель. Карманный справочник по фотографии / Ю. К. Лауберт. — 14-е изд.. — М.: «Гизлегпром», 1933. — 368 с. — 50 000 экз.
  • А. Фомин Портретный жанр (рус.) // «Советское фото» : журнал. — 1988. — № 2. — С. 36. — ISSN 0371-4284.
  • Мишель Фризо. Новая история фотографии = Nouvelle Histoire de la Photographie / А. Г. Наследников, А. В. Шестаков. — СПб.: Machina, 2008. — 337 с. — ISBN 978-5-90141-066-0.
  • К. В. Чибисов. Очерки по истории фотографии / Н. Н. Жердецкая. — М.: «Искусство», 1987. — С. 30—37. — 255 с. — 50 000 экз.