შინაარსზე გადასვლა

კარბონული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
კარბონული სისტემა პენსილვანიური ეპოქა გჟელური 299–303,4
კასიმოვური 303,4–307,2
მოსკოვური 307,2–311,7
ბაშკირული 311,7–318,1
მისისიპური ეპოქა სერპუხოვური 318,1–328,3
ვიზეური 328,3–345,3
ტურნეული 345,3–359,2
წინა წინა წინა უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

კარბონული სისტემა (პერიოდი) — პალეოზოური ჯგუფის რიგით მეხუთე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეხუთე პერიოდი). მოსდევს დევონურ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს პერმულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით კარბონული სისტემა დაიწყო 350 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 75 მლნ. წელს. კარბონული სისტემა (პერიოდი) დაადგინეს ინგლისელმა გეოლოგებმა უ. კონიბირმა და უ. ფილიპსმა 1822 წელს დიდ ბრიტანეთში. კარბონული სისტემის (პერიოდის) ერთიანი დანაწილების სქემა არ არსებობს. კარბონული სისტემა განსაკუთრებით მისი I ნახევარი, თალასოკრატიული პერიოდი იყო. კონტინენტურ მასივს წარმოადგენდა გონდვანა. კარბონული სისტემის II ნახევარში ჰერცინული დანაოჭების ზონაში (ურალი, ტიან-შანი, ყაზახეთი, ჩრდილო-დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთი აზია, ჩრდილოეთი ამერიკა) წარმოიშვა მთები. ამ პროცესს დაუკავშირდა ძლიერი ეფუზიური და განსაკუთრებით ინტუზიული მაგმატიზმი. ხმელეთის ჰავას თითქმის ყველა სარტყელში მაღალი ტენიანობა ახასიათებდა, რაც ხელს უწყობდა ტყისა და ჭაობის მცენარეულობის ფართოდ გავრცელებას ყველა კონტინენტზე და ქმნიდა ტორფისა და ქვანახშირის უმდიდრესი საბადოების წარმოქმნის პირობებს. კარბონული სისტემაში მცენარეთაგან გავრცელებულია გიგანტური კალამიტები, მახათასნაირნი, ლიკოპოდიუმები (ლეპიდოდენდრონი, სიგილარია). თესლოვანი და სპორიანი გვიმრები, კორდაიტები, ჩნდება წიწვიანები, ზღვებში ბატონობს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. მტკნარ წყლებში — მწვანე წყალმცენარეები. ცხოველთა სამყაროში 3 მთავარი ზოოგეოგრაფიული ოლქი გამოიყოფა: ხმელთაშუაზღვის, ჩრდილოეთ ევროპისა და ციმბირის. მრავალფეროვანია ზღვის ფაუნა-ფორამინიფერები, ბრაქიოპოდები, ზღვის შროშნები და ზღარბები, მარჯნები, ცეფალოპოდები, ორსაგდულიანები, მუცელფეხიანები, კიბოსნაირნი. ვითარდებიან ხრტილიანი და ძვლიანი თევზები. ხმელეთზე ბატონობენ ამფიბიები, სტეგოცეფალები, გიგანტური მწერები (კალიები) და სხვა.

კარბონული სისტემის ქანები ფართოდაა გავრცელებული. ყოფილ სსრკ-ში კლასიკურად ითვლება დონეცისა და მოსკოვის აუზების, ურალის, ტუნგუსკისა და სხვა ჭრილები. საქართველოში კარბონული სისტემის ნალექები ცნობილია სვანეთში (დიზის სერიის ნაწილი) და ხრამის მასივზე (ქვედა- და შუაკარბონული ასაკის ვულკანოგენურ-დანალექი წყება).

სასარგებლო წიაღისეულიდან კარბონული სისტემაში თავმოყრილია მსოფლიოს ქვანახშირისა და მურა ნახშირის მარაგის უდიდესუ ნაწილი, ყოფილ სსრკ-ში ქვანახშირის დიდი საბადოებია დონეცკის, ყარაღანდის, კუზნეცკისა და ტუნგუსკის აუზებში. პოლონეთში — (სილეზია), გერმანიაში (რურის აუზი), ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, აშშ-ში (პენსილვანია) და სხვა. გვხვდება აგრეთვე ნავთობისა და აირის (ვოლგა-ურალის, დნეპრ-დონეცკის), სპილენძის (ჯეზყაზღანი), ტყვიის, თუთიის და სხვა საბადოები.

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 5, გვ. 396-397, თბ., 1980
  1. ICS Timescale Chart.