შინაარსზე გადასვლა

ინფექცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლაზმოდიუმის გვარის პარაზიტი, რომელიც იწვევს მალარიას.

ინფექცია (გვიანდ. ლათ. infectio - დასნებოვნება), პათოგენური პარაზიტის შეჭრა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში და მისი დასნეულება. ორგანიზმში შეჭრისთანავე ინფექციის გამომწვევი იბუდებს გარკვეულ ორგანოებსა და ქსოვილებში. შეჭრილ პარაზიტსა და „მასპინძლის“ ორგანიზმს შორის მყარდება რთული ურთიერთზემოქმედება - ინფექციური პროცესი, რომელიც მოიცავს გამომწვევის არსებობის ახალ პირობებთან შეგუებას, გამრავლებას, პროცესის დისემინაციას, მეტასტაზების გაჩენას, დაავადებული ორგანიზმის ინტოქსიკაციას და სხვა. ინფექცია ვლინდება დაავადების მწვავე ან ქრონიკული ფორმით ანდა ინფექციის მატარებლობით. ინფექციის ფორმა დამოკიდებულია გამომწვევის თვისებებზე - ვირულენტობაზე, ეგზო- და ენდოტოქსინების გამომიშავების უნარზე, შეჭრილი გამომწვევების რაოდენობაზე და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ორგანიზმის მდგომარეობას, მის ამთვისებლობის უნარს ან ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილებას. ზოგიერთი გამომწვევის ორგანიზმში დაბუდება არ იწვევს პათოლოგიური პროცესის განვითარებას. ასეთ გამომწვევებს პირობით პათოგენურს უწოდებენ. მათ დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ უსიმპტომოდ იარსებონ კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე, კუჭ-ნაწლავში და სხვაგან, ვიდრე ტრავმა, გაცივება ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორი არ შეუქმნის სათანადო პირობებს მაავადებელი თვისებების გამოსავლენად.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინფექცია“-დან