ზეგაანის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეგაანის მონასტრერი, ღვთიშობლის ფრესკა, მეთხუთმეტე საუკუნე.

ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (V–IX საუკუნეები) — სამონასტრო კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზეგაანის მახლობლად. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. კომპლექსი მოიცავს V საუკუნის წმინდა მარინეს ეკლესიას, რომელიც XVI საუკუნეში მოიხატა, VI–VII საუკუნეების ყოვლადწმიდის სამეკლესიან ბაზილიკას და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი.

წმინდა მარინეს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამონასტრო კომპლექსში ყველაზე ადრეულ ნაგებობას წარმოადგენს წმინდა მარინეს მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით, ხოლო სარკმლებთან შირიმის ქვებია გამოყენებული.

ეკლესია მარტივი ჯვრის ტიპისაა, რომელსაც გეგმაში საფუძვლად უდევს ტოლმკლავებიანი ჯვარი. გარეგან მასებში მკაფიოდაა გამოვლენილი ჯვრის სწორკუთხოვანი მკლავები. აღმოსავლეთი მკლავი შიგნით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით და მცირე ბემით. მკლავთა გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი გარედან აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე აგებული მოცულობის ორქანობიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. ამ გრძივ მოცულობას პერპენდიკულარულად ეკვრის ჯვრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების უფრო დაბალი სახურავები. ჯვრის ყოველი მკლავი ნალისებრი ფორმის კამარითაა გადახურული; კამარის ქუსლის დონეზე გამოყოფილია შვერილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კამარათა თაღები დანარჩენებზე რამდენადმე მაღალია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა მოკლებულია სიმკვეთრეს; კუთხეები შელესილია და მოხატულობითაა დაფარული. გუმბათის ყელი ძალიან პატარაა (იგი არ აღემატება 0.5 მ-ს) ნაცვლად გუმბათისა აქ დამრეცი, უსწორო ზედაპირის მქონე კამარაა.

ეკლესიას აშუქებს ყოველ მკლავში გაჭრილი თითო პატარა, ვიწრო სარკმელი და სამხრეთით ერთადერთი შესასვლელიდან შესული სინათლე. საკურთხევლის და დასავლეთი მკლავის სარკმლები შიგნიდან სწორკუთხოვანია, გარედან კი შირიმის ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღითაა დასრულებული; დანარჩენი ორი სარკმელი შიგნიდან და გარედან სწორკუთხოვანია და რიყის ბრტყელი ქვითაა გადახურული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული იატაკის დონესთან შედარებით; საკურთხევლის ქვემოთ, კედელთან, სწორკუთხოვანი ტრაპეზე დგას. ეკლესია შიგნიდან ერთიანად შელესილი და მოხატულია.

მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად ფრაგმენტულად მოღწეული კედლის მხატვრობა მთლიანად მოიცავს ეკლესიის კედლებს. საკურთხევლის აბსიდზე გამოსახულია ვედრების თემა. კომპოზიციის მთავარანგელოზთა გამოსახულებები ბემის კედლებზეა გადანაცვლებული. სარკმლის ქვემოთ, ცენტრალურ ვერტიკალზე, გარდამოხსნილი მაცხოვრის მცირე ზომის წელზემო ფიგურა გაირჩევა (”ხატი მიძინებისა”). ის მარჯვნივ და მარცხნივ ეკლესიის მამის თითო ფიგურა დგას, ხოლო წინ, ტრაპეზთან უჩვეულო ფორმის ბარძიმია გამოსახული გარდაცვლილი იესოს თავით.

ჯვრის მკლავთა კამარებზე საუფლო ციკლია წარმოდგენილი. პირველია შობა უფლისა. სცენა მოიცავს სამხრ. მკლავის კამარის ორსავე მხარეს. მომდევნო სცენა ჩრდ. მკლავის კამარაზეა, სადაც დას.-ით ნათლისღებაა წარმოდგენილი, ხოლო აღმ-ით - ფერისცვალება. დასავლეთ მკლავზე მარჯვნივ ჯვარცმაა, მარცხნივ — ამაღლება.

მოხატულობის ქვედა რეგისტრები, არსებითად, წმიდათა და მოწამეთა გამოსახულებებს ეთმობა. მხოლოდ შესასვლელის კედლებზე, ორსავე მხარეს, ეკლესიის დამცველ მთავარანგელოზთა თითო ფიგურა დგას, მათ საპირისპიროდ, ჩრდ. მკლავის დას. კედელზე ვედრებად მუხლმოყრილი, მაყურებლისადმი მიპყრობილი კტიტორია გამოსახული. ქვედა რეგისტრთა მოხატულობაში გამორჩეულად ერთადერთი წმინდანია წარმოდგენილი — გველეშაპთან მებრძოლი წმ. გიორგი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა და დასავლეთ კედლის მეტ ნაწილს მოიცავს. დასავლეთ კედელზე. ჯვარცმის ქვემოთ ორი წელზემო გამოსახულებაა, ორ-ორი ჩრდილოეთ მკლავში, აღმოსავლეთსა და დასავლეთის კედელთა შუა რეგისტრზე; აქვე, ამავე მკლავის დას-ის 40 მოწამის ამსახველი სცენაა.

ეკლესიის სამრრეთი შესასვლელი სწორკუთხოვანი მოხაზულობისაა ორივე მხრიდან; იგი ფიქალის ფილითაა გადახურული. მოგვიანებით კარის მალი დაუვიწროვებიათ. გარედან ეკლესიის ფასადები სადაა, შელესილია ბათქაშით. კედლები დასრულებულია რიყის ქვით გამოყვანილი შელესილი ლავგარდნით, რომელსაც ფრონტონის კუთხეებში თარაზული შემონაკეცები აქვს.

ყოვლაწმინდის სამეკლესიიანი ბაზილიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეგაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ყოვლადწმიდის სამეკლესიიანი ბაზილიკა ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, ხოლო ფასადების კუთხეები, კამარის საბჯენი თაღები და სარკმელთა მოჩარჩოება-ნაწყობია შირიმის ქვით.

ბაზილიკის (19.5 X 14 ) შუა ეკლესიას სამმხრივი გარშე-მოსავლელი აქვს, რომელიც გვერდის ეკლესიებსა და მათ შემაერთებელ დას. გასასვლელს შეიცავს. საკურთხევლის ორსავე მხარეს გამოყოფილია გეგმაში სწორკუთხოვანი სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დასავლეთ ნაწილში მეორე სართულზე პატრონიკეა განთავსებული.

მთავარი ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ბაქანი სამი საფეხურითაა ამაღლებული. სატრიუმფო თაღი ნალისებრი და ოდნავ შეისრული მოხაზულობისაა. ბემის თაღიც ნალისებრი ფორმისაა. აბსიდს მთელ პერიმეტრზე ამაღლებული საფეხური დაუყვება, რომელსაც სარკმლის ქვეშ მონასტრის წინამძღვრისთვის გამოყოფილია დასაჯდომი. სარკმლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხი ნიშია დატანებული. საკურთხევლის ცენტრში გვიანდელი სწორკუთხი აგურის ტრაპეზე დგას. მაღალი ვრცელი შუა ეკლესია გადახურულია სხმული კამარით, რომელიც ბემასთან, ცენტრში და დას. კედელთან მდებარე საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი. კამარა და საბჯენი თაღები ოდნავ ოვალური და წვეროში მცირედ შეტეხილი მოხაზულობისაა. საბჯენი თაღები თლილი ქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. დასავლთ ნაწილში მდებარე პატრონიკე ერთ დიდ ნალისებრ და წვეროსთან ოდნავ შეისრული ფორმის თაღს ეყრდნობა, რომელსაც გვერდებზე ძალიზე დაბალი პილასტრები აქვს დასაბჯენად. თაღის ჩრდ. ნაწილში ზევით ვერტიკალური ხვრელია მოწყობილი პატრონიკეზე ასასვლელად. ხვრელი იატაკის დონიდან საკმაოდ მაღალზეა და, როგორც ჩანს, მასზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. პატრონიკეს დას. კედელში ორი ფართო, ნალისებრი თაღით დასრულებული ღიობია, რომლითაც პატრონიკე სტოას მეორე სართულს უკავშირდება.

მონაზონთა საცხოვრებელი

გარდა საკურთხევლის სარკმლისა, ეკლესიას კიდევ 5 სარკმელი აშუქებს: ორ-ორი სამხრერთისა და ჩრდილოეთის კედლების ზედა ნაწილში და ერთიც დასავლეთის კედელში, მაღლა. სარკმლები შიგნიდან სწორკუთხოვანია, გარედან (გარდა დას-სა) შირიმის ქვაში გამოყვანილი ნალისებრი თაღითაა გადახურული. ასეთივე ფორმის თაღითაა დასრულებული ეკლესიის სამივე კარი – ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. ჩრდ. კარი მშენებლობის დროსვე ამოუშენებიათ, პატრონიკეს საბჯენი პილასტრების ამოყვანისას.

თავის დროს კანკელით გამოყოფილი საკურთხევლის სივრცე ჩრდ-ითა და სამხრ-ით სწორკუთხოვანი კარით უკავშირდებოდა გვერდითი ეკლესიების აღმ. ბოლოებში მოწყობილ სამკვეთლოსა და სადიაკვნეს.

ორივე სადგომი ერთნაირია: ისინი გეგმაში სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთითით გაჭრილია შიგნიდან სწორკუთხოვანი, გარედან თაღოვანი სარკმელი; თითო ღრმა ნიშია სამკვეთლოს სამხრ. და სადიაკვნეს ჩრდ. კედლებში; გარდა ამისა, ჩრდილოეთის სადგომში მეორე სარკმელია ჩრდილოეთით და დაბალი კარია დასავლეთით, რომლითაც იგი ჩრდ. გვერდის ნავს უკავშირდება. კამარა ბეტონისაა, სხმული, ოდნავ ოვალური ფორმის. ჩრდ. ნავის აღმოსავლეთი ნაწილი უაბსიდოა — გეგმაში სწორკუთხა მოხაზულობისაა. ჩრდილოეთ კედელში სვეტზე დამყარებულ ორმალიან თაღოვან შესასვლელს მკვეთრად გამოხატული ნალისებრი ფორმა აქვს. ჩრდილოეთ ნავისაგან განსხვავებით, სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული. აბსიდის კონქი ოდნავ ნალისებრი ფორმისაა. მისი საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. სამხრ. მხარეს აქ ორ სვეტზე დამყარებული სამმალიანი თაღით გახსნილი შესასვლელია მოწყობილი. თაღებს აქაც ნალისებრი მოხაზულობა აქვს. სვეტები ყველა შესასვლელში რიყის ქვითაა ნაწყობი (თავდაპირველი შელესილობა ჩამოცვენილია). სამხრეთსა და ჩრდილოეთის ეკლესიები სიგრძეში მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზეა დამთავრებული, სადაც სამივე ეკლესიას დამოუკიდებელი ორსართულიანი სტოა ეკვრის. ქვედა სართულის თავდაპირველად კამაროვანი გადახურვა კი არ ჰქონია, არამედ — ბრტყელი. ჯვროვანი კამარის ნაშთები შემორჩენილია სწორკუთხოვანი კომპარტიმენტების დასავლეთ კედელზე, რაც გვიანდელი შეკეთების შედეგია. დასავლეთ სტოას პირველი სართული გრძელ კორიდორს წარმოადგენს, სიმეტრიულად განთავსებული 4 ნიშით მის ჩრდ-სა და სამხრეთის ბოლოებში და სვეტებზე დამყარებული ორმალიანი შესასვლელით დასავლეთით, რომელიც გვერდითი ნავების შესასვლელების ანალოგიურადაა დამუშავებული. პატრონიკეზე ასასვლელად გარდა ვერტიკალური ხვრელისა, რომელიც მთავარი ნავის დას. ნაწილშია, უთუოდ იქნებოდა კიბე.

ტაძრის ინტერიერი

ეკლესიის ფასადები მარტივია, სამკაულის გარეშე. რიყის ქვით ნაწყობი გლუვი კედლების ფართო ზედაპირები მცირედ დანაწევრებულია. აღმოსავლეთი ფასადის ასახულობაში დამახასიათებელია დაბალ გვერდით ნავებს შორის ძლიერ აზიდული შუა ნავი ორქანობიანი სახურავით. სიმაღლის შთაბეჭდილებას აძლიერებს საკურთხევლის გრძელი, ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელი. რამდენიმე უფრო ქვემოთ, გვერდითი ნავების ღერძზე, ვიწრო სარკმლებია გაჭრილი. გარდა ამისა, მიწის დონეზე ნავებთან საკურთევლის ქვეშ მოწყობილ გრძელ სამარხებში შესასვლელი ორი დაბალი სწორკუთხი კარია გაჭრილი.

დანარჩენი ფასადების გადაწყვეტაში, ყურადღებას იპყრობს ორ-ორ თაღიანი და სამთაღიანი (სამხრ-ით) შესასვლელები. თაღები ნალისებრი მოხაზულობისაა და მსხვილ სვეტებს ეყრდნობა. შენობის გარეგნობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შუა ეკლესიისა და გარშემოსავლელის მასების შეფარდებას: დასავლეთ მხარეს გვერდის ეკლესიების შემაერთებელ სტოას მეორე სართულიც აქვს, რის გამოც ამ მხარეს დამატებითი მოცულობითი მახვილი იქნება. ფასადები დასრულებულია წვრილი თაღების მწკრივით გამოყვანილი ლავგარდნით.

რესტავრაცია და მიშენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამონასტრო კომპლექსი ეკუთვნის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას, რომელსაც მართავს გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). ამჟამად მიმდინარეობს ამ უძველესი სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. მონასტრის წინამძღვარია მღვდელ-მონოზონი სელაფიელი (სულამანიძე).

აშენდა მონაზონთა საცხოვრებელი სახლი. პირველ სართულზე განთავსებულია სატრაპეზო, ხოლო მეორეზე კელიები. ტაძარი შეიმკო ხატებით, კანდელებით, საშანდლეებით, ანალოღიებით და სხვ. მონასტერი ამოქმედებისა და აღორძინებისათვის საჭიროებს ფინანსურ დახმარებას.

წირვა-ლოცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 27 აპრილს, მრავალი საუკუნის შემდეგ (ტაძრები V–VIII საუკუნეებშია აშენებეული), მონასტერში პირველად აღევლინა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა. წირვა აღავლინა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონოზონმა სელაფიელმა.

აქედან მოყოლებული, მონასტერში დიდ დღესასწაულებზე და კვირა დღეებში ტარდება წირვა-ლოცვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 492-493.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974.
  • ციციშვილი ირ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]