ვარლაამი და იოასაფი
„ვარლაამი და იოასაფი“, „ვარლამი და იოსაფატი“ („Barlaam kai Joasaph“) — შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი სიუჟეტი ბუდა ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. გადმოსცემს ინდოეთის მეფის ვაჟის იოასაფის გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობის და სახარებიდან გადმოღებული იგავები, ქრისტიანული პოლემიკური დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. მსუბუქი თხრობითი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა“ თეოლოგიასთან. XI საუკუნეში შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. XII საუკუნიდან მოყოლებული (სარაინდო რომანი „პარციფალი“), თვალსაჩინოა მისი გავლენა ევროპული ლიტერატურის ბევრ თხზულებასა და მწერალზე (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით).
თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და „ვარლაამი და იოასაფის“ ავტორობის საკითხი თანამედროვე ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია — ფალაური და არაბული. არის აგრეთვე თვალსაზრისი, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბერძნული და ლათინური ხელნაწერთა ტრადიციის კვალად, ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია იოანე დამასკელი. XI საუკუნის ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობები კი ავტორად ექვთიმე იბერს (ექვთიმე მთაწმიდელს) ასახელებს. ამ თვალსაზრისის მეცნიერების არგუმენტაცია 1931 წელს წარმოადგინა პ. პეეტერსმა. დღეისათვის იგი დასტურდება შემდეგი ფაქტორებით:
- ექვთიმე მთაწმიდლამდე ბერძნულ ენაზე არ არსებობდა რომანის არც ხელნაწერები, არც დამოწმება სვინაქსარებში, არც რაიმე რემინისცენცია, გადაკრული მნიშვნელობაც კი;
- თხზულების გამოჩენის ადგილი არის ათონის მთა, სადაც მოღვაწეობდა ექვთიმე მთაწმიდელი;
- მსგავსი მეტაფრასული სტილის ჰაგიოგრაფიული თხზულება შეუძლებელია ჩამოყალიბებულიყო მეტაფრასტიკის წარმოშობამდე - ექვთიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის დრომდე.
- ბერძნული, არაბული და ქართული რედაქციათა საერთო ნაწილში ბერძნული ტექსტი შორდება არაბულს და უახლოვდება ქართულს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973;
- ხინთიბიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 303-304.