სიბრძნე ბალავარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„სიბრძნე ბალავარისი“ — შუა საუკუნეების პოპულარული ჰაგიოგრაფიულ-მორალური ხასიათის სასულიერო რომანის „ბალავარიანის“ ქართული რედაქცია.

თხზულება ინდური წარმოშობისაა. ქართულად იგი არაბული ენიდან უნდა იყოს გადმოკეთებული. მასში მოთხრობილია ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების ამბავი: ინდოეთის მეფის აბენესის ვაჟს იოდასაფს ქრისტიანობაზე მოაქცევს მეუდაბნოე ბალავარი. იოდასაფი ქრისტიანობას ინდოეთის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს. თხზულება შუა საუკუნეებში ინტერესს იწვევდა თხრობის იგავარაკული სტილით (ბალავარის ბრძნული შეგონებანი იოდასაფისადმი წარმოდგენილია იგავებად) და სიუჟეტის რომანული ელემენტით (იოდასაფს ცთუნების მიზნით მეფე ულამაზეს ასულებს მიუჩენს, ერთი მათგანი უფლისწულს შეუყვარდება).

ქართულ ხელნაწერებში ამ თხზულების 2 რედაქციაა დაცული: ვრცელი — „ცხოვრებაჲ იოდასაფისი“ და მოკლე „სიბრძნე ბალავარისი“ ვრცელი რედაქცია ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით (Ter. № 140, XI ს., გამოიცა 1957). დღეისათვის გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ვრცელი რედაქცია IX-X საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი, ხოლო მოკლე - X საუკუნის დამლევს თუ XI საუკუნეში. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვრცელი რედაქციის შემოკლებაა, თუმცა მასში სხვა წყაროებიც უნდა იყოს გამოყენებული. მკვლევართა აზრი ვრცელი და მოკლე რედაქციის მიმართებაზე ერთგვარი არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოკლე რედაქცია უსწრებს ვრცელს, ზოგის აზრით კი ვრცელი და მოკლე რედაქციები საერთო დედნიდან მომდინარეობს.

„ბალავარიანის“ ქართული ვერსია რომანის პირველი ქრისტიანული გადამუშავება უნდა იყოს. იგი შუალედური საფეხურია ამ სიუჟეტის აღმოსავლურ (სანსკრიტული, ფალაური, არაბული) და დასავლუ (ბერძნული) გადამუშავებას შორის. შუა საუკუნეების ევროპაში უაღრესად პოპულარული „ვარლაამისა და იოსაფის“ რომანი ქართული ვერსიიდან უნდა იღებდეს სათავეს.

„სიბრძნე ბალავარისი“ თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე. რუსულად მოკლე რედაქცია თარგმნა ი. ჯავახიშვილმა (პეტერბურგი, 1899), ვრცელი რედაქცია — ბ. აბულაძემ (თბილისი, 1962); ინგლისურად მოკლე (ლონდონი, 1957) და ვრცელი (ლონდონი, 1966) რედაქციაც — დევიდ ლენგმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ბალავარიანის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 6, თბ., 1960;