შინაარსზე გადასვლა

დავით მამამთავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით მამამთავრიშვილი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1905(1905-05-30)
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1980(1980-06-09) (75 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

დავით გრიგოლის ძე მამამთავრიშვილი (დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 7 მაისი], 1905, თბილისი ― გ. 9 ივნისი, 1980, იქვე) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955). იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატი.

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ასისტენტად პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, 1932 წლიდან მუშაობდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის კლინიკაში.

1941 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და არჩეულ იქნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის პროფესორად.

1941–1945 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ფრონტის მთავარ ქირურგად, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 1950 წლამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ ქირურგი იყო; 1950 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორად; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრას; 1953 წელს გახდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; 1955 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი; 1954–1959 წლებში — საქართველოს სსრ-ის ჯანდაცვის მინისტრი.

მამამთავრიშვილს ეკუთვნის 240 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 20 მონოგრაფიაა. მისი ძირითად შრომებში განხილულია ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობა, კიჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირირგიული ენდოკრინოლოგიის საკითხები.

იყო ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილი წევრი, საქართველოს ქირურგთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის, წითელი ვარსკვლავის და საპატიო ნიშნის ორდენებით და აგრეთვე სხვა მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]