შინაარსზე გადასვლა

გუდამაყრელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდამაყრელებიქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ზოგჯერ მთიულების ქვეჯგუფად განიხილავენ. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის ხეობის ოც სოფელში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ მთიულები, აგრეთვე მეზობელი კუთხეებიდან გადმოსახლებული მოხევეები, ხევსურები, ფშავლები. საუბრობენ ქართული ენის მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტზე. გუდამაყრელები ქრისტიანული რწმენის მიმდევრები არიან, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან განსხვავდებიან ყოფისა და კულტურის ზოგიერთი თავისებურებებით.

გუდამაყრელების მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მემინდვრეობა და მესაქონლეობა. აშენებდნენ კუდიან ცხვარს. უგზოობის გამო სატრანსპორტოდ იყენებდნენ ცხენს, ჯორსა და სახედარს. სახელი გაითქვეს საბრძოლო იარაღისა და თოფის წამლის დამზადებით, აკეთებდნენ სამეურნ. იარაღსაც. ცხენზე ჯდომის მანერით გამოირჩეოდნენ გუდამაყრელი ქალები, რომლებიც მაღალბალიშიან უნაგირზე მამაკაცებივით წელში გამართულნი ისხდნენ. გასული საუკუნის ავტორები წერდნენ, რომ ამ პატარა რეგიონში მრავალი რელიგიური დღესასწაული სცოდნიათ. აგვისტოს მიწურულში ჩოხის ფუძის ანგელოზის ეკლესიის კარზე იხდიდნენ დიდ სათემო დღესასწაულს — ახოობას. აქედან ხევსურეთში, სოფ. უკანახოში, დროშებით გადადიოდნენ ხატის მსახურნი, რომელთაც მოსახლეობა სამზადისით ხვდებოდა. მიწის სიმცირის გამო გუდამაყრელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახლობენ. წასულებს თან მიჰქონდათ თავიანთი ფუძე-სალოცავების ნიშები და ტრადიციულ დღესასწაულებს იქაც იხდიდნენ.