შინაარსზე გადასვლა

გმირთა მოედანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გმირთა მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი

გმირთა მოედანი (ყოფ. საბჭოთა კავშირის გმირთა მოედანი) — მოედანი თბილისში, მთაწმინდის რაიონსა და საბურთალოს რაიონში (ვერე, საბურთალო). თამარ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს, ვარაზისხევისა და მერაბ კოსტავას ქუჩებს შორის.

1935 წლის 23 დეკემბერს ტფილისის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ახალ მოედანს, რომელიც წარმოიქმნა სანაპირო ახალი გზის, ჩელიუსკინელების ქუჩისა და ვარაზისხევის ქუჩების შეერთების შედეგად — „საბჭოთა კავშირის გმირების მოედანი“ ეწოდა.[1] სახელი დაერქვა საბჭოთა კავშირის პირველი გმირების (წოდება შემოიღეს 1934 წელს), გემ „ჩელიუსკინის“ ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად. მდებარეობს მდინარე ვერის ხეობაში, იქ, სადაც ადრე ცნობილი ვერის ბაღები იყო. ძველი ნაგებობებიდან მოედნის ფარგლებში შემორჩენილი იყო XVII საუკუნის ბრტყელი, ე. წ. ქართული აგურით ნაშენი ხიდის ნაშთი. XIX საუკუნის ბოლოს აქ თავდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გმირთა მოედნის ტერიტორია ითვლებოდა თბილისელ მოქეიფეთა საყვარელ ადგილად, სადაც მრავლად იყო პატარა სამიკიტნოები სახელებით: „ფანტაზია“, „ედემი“, „რასსვეტი“, „ნუ უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი“.

გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია. 1935 წელს, მოედნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით არსებული კლდოვანი ბორცვის გაჭრის შემდეგ, წარმოიქმნა ჩელიუსკინელების ქუჩა (ახლანდელი თამარ მეფის გამზირი) და მის გაგრძელებაზე აიგო ხიდი (ახლანდელი თამარ მეფის ხიდი). 1957 წელს მოედნის სამხრეთ მონაკვეთში ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა ვარაზისხევის ქუჩა, კიდევ ერთი მძლავრი განივი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც ჩამოდის გმირთა მოედანზე და თამარ მეფის ხიდითა და გამზირით უკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს, დავით აღმაშენებლის გამზირსა და ვაგზლის მოედანს.

1927 წელს მოედნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსდა ზოოლოგიური პარკი. მოედანზე გამოდის ასბინიანი საცხოვრებელი სახლის 11-სართულიანი კოშკურა (1939, არქიტექტორი მ. კალაშნიკოვი), ხოლო ბორცვზე აღმართულია ცირკის შენობა (1942, არქიტექტორები: ნ. ნეპრინცევი, ს. სატუნცი, ვ. ურუშაძე). 70-იან წლებში, განტვირთვის მიზნით, მოხდა მოედნის რეკონსტრუქცია (არქიტექტორი კ. ნახუცრიშვილი), აშენდა საკმაოდ მოზრდილი კომპლექსის ნაწილი — მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბი და გადასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის. 2003 წლის 27 სექტემბერს მოედანზე გაიხსნა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი. დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება ქანდაკება „ამაღლება“ (მოქანდაკე გ. შხვაცაბაია).