შინაარსზე გადასვლა

ბელგრადის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელგრადის ციხესიმაგრე (სერბ. Београдска тврђава) — ისტორიულ-კულტურული ძეგლი ბელგრადში, სერბეთი. მდებარეობს სტარი-გრადის თემში, მდინარეების სავასა და დუნაის შესართავთან.

ბელგრადის ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანების კვალი დადასტურებულია ქვის ხანის პერიოდიდან და განეკუთვნება მუსტიეს კულტურას. მუდმივი მოსახლეობა ქალაქის ტერიტორიაზე კი გვხვდება ნეოლითის ხანიდან, რომელიც წარმოდგენილია სტარჩევო-კრიშისა და ვინჩის კულტურების სახით. ამ პერიოდის მოსახლეობა დაკავებული იყო მიწათმოქმედებითა და ხელოსნობით.

ძვ. წ. III საუკუნეში ბალკანეთში შეიჭრნენ კელტები და ბელგრადის ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტური ტომები სკორდისკები. მათ გამაგრებულ დასახლებას ეწოდებოდა სინგიდუნუმი. ერთ-ერთი ვერსიით სახელწოდება ითარგმნება, როგორც „მრგვალი ქალაქი“. ერთ-ერთი ვერსიით კელტების შემოსვლამდე აღნიშნული ტერიტორია ეკავათ ფრანკულ ტომებს სინგებს, რომლის მიხედვით კელტებმა სახელი უწოდეს ქალაქს.

სინგიდუნუმის, როგორც საბრძოლო ქალაქის დანიშნულება გაიზარდა ახ. წ. III საუკუნეში, გოთური ტომების შემოჭრების პერიოდში. სინგიდუნუმი გახდა გამაგრებული ქალაქი რომის იმპერიის საზღვარზე. 395 წელს რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ ქალაქი სინგიდუნუმი შევიდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში[1][2].

იმპერიის დაყოფამ გამოიწვია ხალხთა დიდი გადასახლება, რომლის ფარგლებშიც 441 წელს ქალაქი სიგინდუნუმი ჰუნებმა მოაქციეს ალყაში და გადაწვეს. 454 წელს ბიზანტიის იმპერია შეეცადა დაებრუნებინა იგი, მაგრამ მალევე დაიკავეს სარმატებმა. 470 წელს აიღეს ოსტგოთებმა. 488 წლისთვის ფლობენ გეპიდები. 512 წელს ბიზანტიის იმპერატორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დაასახლა ჰერულები, რათა იმპერიის საზღვრები დაეცვა გეპიდებისა და დუნაის პირზე მცხოვრები სხვა ტომების თავდასხმებისაგან[1][3].

584 წელს ქალაქი აიღეს ავარებმა და სლავებმა, თუმცა მალევე დაიბრუნა ბიზანტიის იმპერიამ. დაახლოებით 630 წლისთვის ქალაქის გარშემო დასახლდნენ სერბები. 878 წლის რომის პაპის წერილში ბულგარეთის მთავრისადმი, მოიხსენიება ქალაქი სინგიდუნუმი, მაგრამ უკვე სლავური სახელით ბელგრადი. ამ პერიოდში იგი შედის ბულგარეთის პირველი სამეფოს შემადგენლობაში[1][3].

არქიტექტურული კომპლექსი შედგება კოშკების, კარიბჭის, ქვედა ციხისა და ზედა ციხისაგან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Istorija Beograda. ციტირების თარიღი: 2017-02-21.
  2. Антички период. ციტირების თარიღი: 2017-02-21.
  3. 3.0 3.1 Византија. ციტირების თარიღი: 2017-02-21.