აფონსუ I (ბრაგანსის ჰერცოგი)
აფონსუ I | |
---|---|
წოდებები
ბრაგანსის ჰერცოგი | |
დაიბადა | 10 აგვისტო, 1377 |
გარდაიცვალა | 15 დეკემბერი, 1461, (84 წლის) |
საგვარეულო |
ჯერ ავისები შემდეგ ბრაგანსები (დამფუძნებელი) |
მეუღლე(ები) |
ბეატრიზ პერეირა კონსტანცა ნორონა |
შვილ(ებ)ი |
აფონსუ, ვალენცას მარკიზი იზაბელა, მონზარასის ქალბატონი ფერნანდუ I, ბრაგანსის ჰერცოგი |
მამა | ჟუან I, პორტუგალიის მეფე |
დედა | ინეს პერესი |
რელიგია | კათოლიციზმი |
აფონსუ I (პორტ. Afonso I; დ. 10 აგვისტო, 1377 — გ. 15 დეკემბერი, 1461) — პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟი. ავისის დინასტიის წარმომადგენელი და ბრაგანსის დინასტიის დამაარსებელი, რომელიც შემდგომში მართავდა პორტუგალიასა და ბრაზილიას. ბრაგანსის ჰერცოგი 1442-1461 წლებში და ბარსელოს გრაფი 1401-1461 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფონსუ დაიბადა 1377 წლის 10 აგვისტოს. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი საყვარლის, ინეს პერესის უკანონო ვაჟი. იგი თავის ღვიძლ დასთან, ბეატრიზთან ერთად იზრდებოდა პორტუგალიის სამეფო კარზე, სადაც მათ აღზრდა-განათლებაზე ჟუან I-ის ინგლისელი ცოლი, დედოფალი ფილიპა ლანკასტერი ზრუნავდა.
1415 წელს, სეუტას დაპყრობისას აფონსუს ევალებოდა ესტრემადურას პროვინციის მომზადება ბრძოლისთვის. სეუტადან დაბრუნების შემდეგ, გმირობისათვის მამამისმა მას გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა. 1433 წელს, ჟუან I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე აფონსუს ნახევარ-ძმა, დუარტე I გახდა, რომელთანაც მართალია მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მეფემ აფონსუს ნება არ დართო ტანჟერის ალყაში მიეღო მონაწილეობა.
1438 წელს, დუარტეს გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი მცირეწლოვანი ვაჟი აფონსუ V გახდა. ტრადიციის მიხედვით მეფის რეგენტი დედამისი, ამ შემთხვევაში დედოფალი ელეანორ არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტემ დატოვა ანდერძი, რის გამოც რეგენტი მისი ძმა, პედრუ გახდა. აფონსუსა და პედრუს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომაც რეგენტობისათვის დაწყებულ ბრძოლაში იგი ელეანორს მიემხრო. 1442 წლის 30 დეკემბერს, შერიგებისა და დაახლოვების მიზნით პედრუმ აფონსუს ბრაგანსის ჰერცოგობა უბოძა, რითაც იგი არა მხოლოდ პორტუგალიაში, არამედ ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად აქცია. ამან ძმები მაინც ვერ დააახლოვა. აფონსუ ახლოს იყო მეფე აფონსუ V-თან, რომელსაც იგი ძალიან უყვარდა.
1448 წელს აფონსუ V სრულწლოვანი გახდა და პედრუს რეგენტობა ჩამოართვა. სულ მალე პედრუსა და მეფეს შორის ომი დაიწყო, სადაც აფონსუცა და მისი ნახევარ-ძმებიც მეფის მხარეს დადგნენ და 1449 წელს ბრძოლაში მოკლეს პედრუ, მიუხედავად იმისა, რომ აფონსუ V პედრუს ასულ იზაბელ კოიმბრელზე იყო დაქორწინებული.
ბრძოლის შემდეგ აფონსუ V-მ ბრაგანსის ჰერცოგს ახალი ტიტულები და პრივილეგიები მიანიჭა, აფრიკული კამპანიისას კი მთელი სამეფო ხელისუფლება მას ჩააბარა. აფონსუ გარდაიცვალა 1461 წლის 15 დეკემბერს, 84 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფონსუს შვილები მხოლოდ პირველი ცოლის, ბეატრიზ პერეირასგან ჰყავდა:
- აფონსუ (1401-1460), ვალენცას პირველი მარკიზი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- იზაბელა (1402-1466), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ვაჟ ჟუან პორტუგალიელს;
- ფერნანდუ (1403-1478), ბრაგანსის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ხუანა დე კასტრო, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nobreza de Portugal e Brasil, Vol. II pages 437 to 439. Published by Zairol Lda., Lisbon 1989.
- Gerli, E. Michael, and Armistead Samuel G., Medieval Iberia, p. 182, Taylor & Francis, 2003 ISBN 9780415939188