ანა ვარდიაშვილი
ანა დიმიტრის ვარდიაშვილი (დ. 31 მაისი, 1900, სოფ. საბუე, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 ოქტომბერი, 1978, თბილისი) — ქართველი ხალხური მომღერალი, პედაგოგი.
მამამისი იყო მომღერალი (იოსებ რატილის მიერ დაარსებული ქართული ხალხური სიმღერის გუნდის წევრი) და დეკანოზი დიმიტრი (ტიტე) ვარდიაშვილი, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტუდია (1931). ერთხანს ირიცხებოდა ამ თეატრის მუდმივ დასში (ასრულებდა სახასიათო როლებს). 1939 წელს შედგა მისი, როგორც მომღერლის, დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად (ხელმძღვანელი ხაჩიკ ტალგაუკოვი). 1939–1947 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის სოლისტი. 1940-50-იან წლებში იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი. ამ პერიოდში მეტად პოპულარული გახდა მის მიერ შესრულებული სიმღერები: „იავნანა”, „არწივი”, „გუთნური”, „ციცინათელა”, „სალამი, ჩიტუნებო”, „სიზმარი”, „მოხევის ქალო თინაო”, „მშვენიერო, შენ გეტრფი”, „კეკელა და მარო”, „მუხამბაზი”, „თამარ ქალის სიმღერა”, („ჩემი გმირი გიწოდე”) და სხვ.
ვარდიაშვილი ძირითადად აღმოსავლური ტიპის ანსამბლის, ე. წ. დასტის თანხლებით მღეროდა (სიმღერებს ასრულებდა ჩონგურის, დუდუკის, გიტარის თანხლებითაც). გააქართულა დასტის აღმოსავლური რეპერტუარი, ქართული სიმღერების სამხმიანი ბუნების გათვალისწინებით დაუმატა მესამე დუდუკი. ანსამბლმა დიდი პოპულარობა მოუპოვა მომღერალს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. — გვ. 171.
- ვარდიაშვილი, ანა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანა ვარდიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ანა ვარდიაშვილი — საქართველოს ხელოვნების სასახლე.