შინაარსზე გადასვლა

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 33)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის 80-იან წლებში. მდებარეობს მდინარე ოცხეს ნაპირზე.

ყოფილი „ზაკვო“ (ზაკავკასკი ვოენნი ოკრუგს) სახელს აბასთუმანში რემერტის პარკისა და აბანოს შენობის სიახლოვეს, მის სამხრეთით მდებარე კომპლექსი ატარებს. სახლი სამხედრო ჰოსპიტალის კომპლექსი იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში „ზაკავკასკი ვოენნი ოკრუგის“ სანატორიუმად გადაკეთდა. აქ მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალი იყო მოწყობილი. ორსართულიანი შენობა მაღალ ცოკოლზე დგას და ყაზარმული ტიპისაა. მისი არქიტექტურული მორთულობა მკაცრია და კლასიცისტურ ტრადიციას მისდევს, სწორკუთხა ღიობთა სადა საპირეები და საჭექი ქვები, სართულშუა გადახურვის პროფილირებული სალტე, ფასადის მიმართ სიმეტრიულად მოთავსებული მთავარი შესასვლელის თარო, მეტოპისა და ტრიგლიფის მონაცვლეობით მიღებული ფრიზი, რუსტირებული საპირე და სხვა ქვით მოპირკეთებული შენობის ერთიან სახეს ქმნის. რამდენიმე საარქივო ფოტოს მიხედვით შენობას პირველ სართულზე, ხის ერთიანი გადასასვლელი-აივნით გაერთიანებული ისრულთაღიანი აივნები ეკვროდა. ეს აივნები XX საუკუნის დასაწყისში მომხდარი ხანძრის დროს უნდა დაღუპულიყო. შენობის აღდგენისას უნდა დაგეგმილიყო ის ორსართულად მიშენებული ჭვირულმოაჯირიანი შემინული აივნები, რომელიც დღესაც ამკობს საცხოვრებლად გადაკეთებულ სამხედრო კომპლექსის მთავარ შენობას. აღსანიშნავია ყაზარმული შენობის ინტერიერის მორთულობაც - შესასვლელის პარადული სივრცე კამაროვანი გადახურვით, სპეციფიკური პროფილის კარნიზები და სხვა. რუსთაველის ქუჩის შენობა მის შუა წელზე, პარადული შესასვლელის წინ მდებარე ოცხეზე გადებული ხიდით უკავშირდება. ნაგებობის თავდაპირველი კორიდორული გეგმარება ნაწილობრივ შენარჩუნებულია. აღწერილ შენობას კარგი პროპორცია აქვს და არქიტექტურული ღირებულების მატარებელია. იგი ყოფილი „ზაკვოს“ კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტია. ყოფილი „ზაკვოს“ კომპლექსის სხვა შენობათაგან აღსანიშნავია მთავარი შენობის უკან მდებარე ერთსართულიანი ნაგებობა. მას აღმოსავლეთით ვეებერთელა კლდის მასივი ფარგლავს. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით ამ შენობაში სანატორიუმ „ზაკვოს“ სასადილო ყოფილა მოწყობილი. შენობა კლასიცისტური სტილის არის, ვიწრო ფასადის ტრადიციული სამკუთხა ფრონტონით, ღიობთა საჭექქვიანი სათაურებით და სხვა. ოდესღაც ქვით მოპირკეთებული შენობა დღეს შელესილია, ერთ-ერთი ღიობის საჭექი ქვის თავზე, საგანგებო დაფაზე სამშენებლო წარწერაა — შენობის აშენების თარიღი 1882-1884 წლებია ამოკვეთილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6264