მემატლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Muscicapa)
მემატლია

რუხი მემატლია (Muscicapa striata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Muscicapa (Brisson, 1760)

მემატლია[1] (ლათ. Muscicapa) — ფრინველთა გვარი მემატლიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 9–15 სმ, მასა 8–25 გრამი. აქვთ ოჯახისათვის დამახასიათებელი სხეულის აგებულება. ფრთები წამახვილებული ან ბლაგვია (მკვიდრი ფრინველებისათვის). ზურგი მურა-რუხია, ზოგჯერ ყავისფერი, წითური ან ცისფერი იერით, ქვედა მხარე ჩვეულებრივ მოთეთროა, მკერდი და გვერდები ზოგჯერ რუხ-მურა იერითა და მუქი გრძივი ლაქებითაა, საჭის ბუმბული ერთფეროვანია. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს.[2] ცნობილია 27-მდე თანამედროვე სახეობა.[3] გავრცელებული არიან აფრიკასა და ევრაზიაში; ბინადრობენ ტყეებში, სავანებში, ეკლიან ბუჩქნარში, ბაღებსა და პარკებში, ზოგიერთი სახეობა დასახლებულ პუნქტებშიც ცხოვრობს; მთებში გვხვდება ტყის ზედა საზღვრამდე. მემატლიების უმრავლესობა მობინადრე ცხოვრებას ეწევა; ჩრდილოეთ ევრაზიის სახეობები აფრიკასა და სამხრეთ აზიაში იზამთრებენ. საქართველოში მობუდარია რუხი მემატლია (M. striata).[4] იკვებებიან უმთავრესად მწერებით (ჩვეულებრივ მათ ჰაერში იჭერენ), იშვიათად ობობებით, მცირე ზომის მოლუსკებითა და წვნიანი ნაყოფებით. გალობა ხმადაბალია, რუხ მემატლიას მკვეთრი და წრიპინა ხმა აქვს. ჯამისებრ ბუდეს აშენებენ ხის და ბუჩქის ვარჯზე ან კლდის და ნაგებობების ნაპრალებსა და ნიშებში. დებენ 3–6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ინკუბაცია 11–15 დღე გრძელდება; 11–16 დღის ასაკში ბარტყები ბუდეს ტოვებენ, ამ დროს მომქნევი და საჭის ბუმბულები ჯერ კიდევ ზრდადაუმთავრებელია. 2 სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 55, 133, 214.
  2. 2.0 2.1 Лоскот В. М. МУХОЛОВКИ // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 537.
  3. Gill, Frank; Donsker, David, eds. Chats, Old World flycatchers. World Bird List Version 6.2. International Ornithologists' Union (2016). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2016.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 564.