I დალაი ლამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გედუნ დრუპაupright=300პქ
I დალაი ლამა
უცნობია
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: II დალაი ლამა
 
დაბადება: 1391
უ-ცანგი, ტიბეტი
გარდაცვალება: 1474, (82-83 წლის)
უ-ცანგი, ტიბეტი
მამა: გონპო დორჯი
დედა: ჯომო ნამხა კი

გედუნ დრუპა (ტიბ. དགེ་འདུན་གྲུབ་པ།; დ. 1391 — გ. 1474) — ისტორიაში პირველი დალაი ლამა, რომლის მმართველობის პერიოდიც უცნობია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გედუნ დრუპა დაიბადა 1391 წელს უ-ცანგში, ცენტრალურ ტიბეტში. იგი იყო მომთაბარე განპო დორჯისა და მისი მეუღლის, ჯომო ნამხა კის ვაჟი. შვიდ წლამდე იგი მწყემსად იზრდებოდა. ამის შემდეგ, 1405 წელს მშობლებმა იგი ნართანგის ბუდისტურ მონასტერში გააგზავნეს, სადაც შეუდგა რელიგიურ ცხოვრებას.

1411 წელს, 20 წლის ასაკში მან ბერის აღთქმა დადო, რის შემდეგაც მიიღო სახელი გედუნ დრუპა. ამის შემდეგ იგი დაუახლოვდა ბუდისტ მეცნიერსა და რეფორმატორ ჯე ცონგხაპას, რომელიც ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ბიძამისი იყო. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში იგი ნართანგის მონასტრის პირველი აბატი გახდა. ამ პერიოდში გედუნ დრუპა ტიბეტში ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ მეცნიერად და წმინდა ადამიანად იქცა, რის გამოც ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1415 წელს, 25 წლის ასაკში იგი უში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ცონგხაფა დრაპკას. ბუდისტმა ბერებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს და განდენში დასახლდნენ, სადაც გედუნ დრუპამ თორმეტი წელი დაჰყო, მაგრამ ცონგხაფა დრაპკა მათი შეხვედრიდან სულ ოთხ წელიწადში გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში დაეწყო მას ხილვები, რომელთა დახმარებითაც დაადგინა ტიბეტელი ბერების ცხოვრების წესი.

ტრადიციულ მოძღვრებაში ნათქვამია, რომ საიდუმლო ტბის სული ლჰამო ლა-ცო გედუნ დრუპას დაჰპირდა, რომ იგი დაიცავდა დალაი ლამათა რეინკარნაციის ხაზს, რის მიხედვითაც ყველა დალაილამა მისი რეინკარნაციაა. ამის შემდეგ ბუდისტი ბერები მიდიოდნენ ტბაზე მედიტაციისათვის და ხილვების საშუალებით ეძებდნენ პიროვნებას, რომელშიც ჩასახლდებოდა განსვენებული დალაი ლამას სული.

გედუნ დრუპას სახელს მიეწერება 1447 წელს ტაგილჰუნპოს მთავარი მონასტრის დაარსება, რომელიც შემდეგში პანჩენ ლამას რეზიდენციად იქცა.

გედუნ დრუპას პოლიტიკური ძალაუფლება არასდროს ჰქონია. მისი ეპოქისგან გამომდინარე, იგი იძულებული იყო დამორჩილებოდა ცანგის მთავარსა და მონღოლთა ყაენს. დალაი ლამებმა პოლიტიკური სახე მხოლოდ V დალაი ლამას დროს მიიღეს.

იგი სიცოცხლის ბოლომდე ტაგილჰუნპოს მონასტრის აბატად დარჩა და გარდაიცვალა 1474 წელს, 82-83 წლის ასაკში, მედიტაციისას. შემდეგი დალაი ლამა მხოლოდ 1492 წელს იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ დალაი ლამათა ციკლი დღემდე გრძელდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ტიბეტი დაიპყრო რიგით მეთოთხმეტე დალაი ლამა იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო, სადაც იმყოფება დღემდე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გედუნ დრუპამ სიცოხცლეში რამდენიმე ფილოსოფიური ნაწარმოები შექმნა:

  • მზის შუქი თავისუფლების ბილიკზე, ინახება ადჰიდარმა-კოსაში;
  • ბოროტი ძალების მტვრის სიყვარული, ინახება გაუტამა-ბუდჰას ბიბლიოთეკაში;
  • აღმოსავლური მთის თოვლის სიმღერა, პოემა, რომელიც შთააგონა ჯე ცონგხაპას ნაწარმოებებმა;
  • ქვებიანი ქალბატონის, ტარას ქება-დიდება, მიუძღვნა ქალღმერთ ტარას;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mullin, Glenn H. (2001). The Fourteen Dalai Lamas: A Sacred Legacy of Reincarnation, pp. 50–85. Clear Light Publishers. Santa Fe, New Mexico. ISBN 1-57416-092-3.
  • Dalai Elan Roebuck. (1991) Freedom in Exile: The Autobiography of the Dalai Lama. San Francisco, CA.
  • Selected Works of the Dalai Lama I by Anne Kandt, Christine Cox, Dalai Lama Dge-Dun-Grub I, Glenn H. Mullin, Sidney Piburn (1985)
  • Thubten Samphel and Tendar (2004). The Dalai Lamas of Tibet. Roli & Janssen, New Delhi. (2004). ISBN 81-7436-085-9
  • McKay, A. (editor) (2003): History of Tibet. Publisher: RoutledgeCurzon. ISBN 0-7007-1508-8
  • Laird, Thomas (2006). The Story of Tibet: Conversations with the Dalai Lama, pp. 139, 264–265. Grove Press, N.Y. ISBN 978-0-8021-1827-1
  • Chö Yang: The Voice of Tibetan Religion and Culture. (1991) Year of Tibet Edition, p. 79. Gangchen Kyishong, Dharmasala, H.P., India.
  • The Power-places of Central Tibet: The Pilgrim's Guide, (1988) p. 268. Keith Dowman. ISBN 0-7102-1370-0.