ნიბლია, სკვინჩა (ლათ.Fringilla coelebs) — მთიულასებრთა ოჯახის, ნიბლიისებრთა გვარის ფრინველი. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან. ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სანტიმეტრს აღწევს), მგალობელი ფრინველია. მასა 18–29 გ-ს შეადგენს.[1] გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველია. ბინადრობს ყველა ტიპის ტყესა და ანთროპოგენურ ლანდშაფტში, უმთავრესად კი — მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 3-6 კვერცხს, რომლებიც ფერად მკრთალი ცისფერია მოწითალო ლაქებით,[1] კრუხობს მხოლოდ დედალი. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე, ზოგჯერ მეორედ ბუდობს ივნისში. იკვებება მცენარეების მწვანე ნაწილებით (განსაკუთრებით სარეველებით), თესლებით, ნაყოფით და სხვა ნაწილებით, ზაფხულში — მწერებით, ობობებით და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში ბინადრობს ორი ქვესახეობა — კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs caucasica) და ყირიმული ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi). სიცოცხლის ხანგრძლივობა 7–15 წელს შეადგენს.[1]