Air New Zealand

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Air New Zealand
იატა
NZ
იკაო
ANZ
საძახისი
NEW ZEALAND
დაარსდა 26 აპრილი, 1940
(როგორც TEAL-ი)
დევიზი შუახმელეთის ავიაკომპანია
ძირითადი დანიშნულების პუნქტები ლოს-ანჯელესის აეროპორტი
მელბურნის აეროპორტი
სიდნეის აეროპორტი
ალიანსი ვარსკვლავური ალიანსი
შტაბ-ბინა ოკლენდ სითი, ა.ზ.
მმართველი კრისტოფერ ლუქსონი
(აღმასრულებელი ხელმძღვანელი)
ნორმ ტომფსონი
(აღმას. ხელმძღვანელის მოადგილე)
პერსონალი 11 000 (აპრილი, 2014)
საიტი: AirNewZealand.Com

Air New Zealand (ქართ. აირ ნიუ ზელანდი) — ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაკომპანია და დროშის გადამზიდი, რომელიც დაფუძნდა ოკლენდში. დღეისათვის ავიაკომპანია ახორციელებს 25 ადგილობრივ და 26 საერთაშორისო ფრენებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანეთის მასშტაბით.[1] 1999 წლიდან Air New Zealand არის ვარსკვლავური ალიანსის (Star Alliance) წევრი.[1]

1940 წელს Air New Zealand ოფიციალურად დაარსდა, როგორც Tasman Empire Airways Limited (TEAL; თიალი). TEAL იყო კომპანია, რომელიც იყენებდა მფრინავ ნავებს და ასრულებდა ტრანს-ტასმანურ ფრენებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის. 1965 წლიდან ახალი ზელანდიის მთავრობა TEAL-ის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, რის შემდეგაც კომპანიას სახელი შეეცვალა და დაერქვა Air New Zealand. 1978 წლამდე კომპანია მეტწილად ორიენტირებული იყო და ასრულებდა საერთაშორისო ფრენებს, თუმცა 1978 წლიდან მთავრობამ Air New Zealand სხვა შიდა ფრენებზე ორიენტირებულ ახალ ზელანდიურ ავიაკომპანიასთან New Zealand National Airways Corporation-თან (NAC; ნაკი) გააერთიანა. Air New Zealand ფართოდ იქნა პრივატიზებული 1989 წელს, თუმცა 2001 წელს ავსტრალიის გადამზიდ ავიაკომპანია Ansett Australia-სთან დაკავშირების მცდელობის კრახით დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მთავრობის საკუთრებაში დაბრუნდა (გაერთიანების კრახით დასრულების მიზეზი 2001 წლისთვის ფინანსური პრობლემები და წარუმატებელი ოპერაციები იყო). 2008 წლისთვის Air New Zealand-ის თვითმფრინავებს წელიწადში 11.7 მილიონი მგზავრი გადაყჰავდათ.[1]

დღეისათვის Air New Zealand ასრულებს ხანგრძლივ საერთაშორისო ფრენებს, როგორც შორ ისე მცირე მანზილებზე. კომპანიის პლოტში მეტწილად შედის ბოინგ 777-ის სხვადასხვა ვარიანტები, ასევე ბოინგ 767-300 და ბოინგ 787-9 დრიმლაინერის ვერსიის ავიალაინერებს. კომპანია ასევე იყენებს აირბუს A320 ტიპის საჰაერო ხომალდებს, თუმცა ისინი უმეტესად მცირე მანძილის საერთაშორისო ფრენებს ასრულებენ (იგულისმება ავსტრალია და წყნარი ოკეანის კუნძულები), ხოლო მცირე მანძილის შიდა ფრენებისთვის კომპანია ბოინგ 737-300 ტიპის ავიალაინერებს და ტურბხრახნიანი ძრავის მქონე თვითმრინავებს იყენებს. Air New Zealand-ის რეგიონალური შვილობილი კომპანიები არიან Air Nelson, Eagle Airways და Mount Cook Airline. 2010 და 2012 წლებში კი Air Transport World-მა Air New Zealand წლის ავიაკომპანიის საერთაშორისო ტიტულით დააჯილდოვა.[2][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Douglas DC-8 სიდნეის აეროპორტში, 1970-იანი წლები.
McDonnell Douglas DC-10, მასზე პირველად გამოისახა ახალი ლოგო.
Air New Zealand-ის ფლოტში 2010 წლამდე ბოინგ 747-ის ორივე -200 და -400 ვარიანტები იყო.
Air New Zealand-ის ბოინგ 767.
ბოინგ 777 Air New Zealand-ში 2004 წლიდან გამოჩნდა.

ავიაკომპანია Air New Zealand 1940 წელს დაარსდა, როგორც Teal (Tasman Empire Airways Limited), რომელიც Short Empire ტიპის მფრინავ ნავების იყენებდა და ტრანს-ტასმანურ ფრენებს ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, TEAL ასრულებდა ყოველკვირეულ ფრენებს ოკლენდიდან სიდნეიმდე, ასევე ემატებოდა ფრენები უელინგტონისა და ფიჯის მიმართულებით. 1953 წელს ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობებმა TEAL-ის 50%-იან წილი შეისყიდეს, რის შემდეგაც, 1960 წლისთვის ავიაკომპანიამ შეწყვიტა მფრინავი ნავების გამოყენება, ისინი ხრახნიანი და ტურბხრახნიანი ძრავის მქონე თვითმფრინავებით ჩაანაცვლეს.[4] 1865 წელს DC-8-ის დანერგვასთან ერთად ახალი ზელანდიის მთავრობამ TEAL-ში ავსტრალიის წილიც შეისყიდა, რის შემდეგაც კომპანიას სახელი შეეცვალა და Air New Zealand გახდა.[4]

Douglas DC-8-ის მომატებული ფრენის სიშორის გამო, Air New Zealand-მა ტრანსწყნაროკეანური (წყნარი ოკეანის დაგამკვეთი) სერვისები დაიწყო შეერთებულ შტატებსა და აზიაში, 1965 წლიდან დაემატა ფრენები ლოს-ანჯელესისა და ჰონოლულუს მიმართულებით. გარდა ამისა ავიაკომპანიამ DC-8-სთან შედარებით უფრო დიდი McDonnell Douglas DC-10 მოდელის ავიალაინერები შეიძინა, რომელთაგან პირველი კომპანიას 1973 წელს გადაეცა. DC-10-თან მიღებასთან ერთად ავიაკომპანიამ ახალი ლოგო შეიმუშავა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

1978 წელს შიდა ავიაკომპანია New Zealand National Airways Corporation (NAC) და მისი შვილობილი კომპანია Straits Air Freight Express Air New Zealand-ს შეუერთდნენ, რითაც ერთიანი ეროვნული ავიაკომპანია შეიქმნა, რის შემდეგაც კომპანია გაფართოვდა და ოპერაციების (ფრენების) რაოდენობამაც იმატა. NAC-ის მფლობელობაში არსებული ბოინგ 737 და Fokker F27 Air New Zealand-ის ფლოტს შეუერთდა, რომელის შემადგენლობაშიც უკვე იყვნენ DC-8 და DC-10 მოდელის ავიალაინერები. შერწმის შემდეგ კომპანიას უკვე იატას ორი მანიშნებელი გააჩნდა: TE ავიაკომპანია Air New Zealand-ის და NZ New Zealand National Airways Corporation-ის მანიშნებელი. TE გამოიყენებოდა საერთაშორისო ფრენებისთვის, ხოლო NZ შიდა ფრენებისთვის. თუმცა 1990 წლიდან ორივე, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ფრენებისთვის NZ მანიშნებელი გამოიყენება.[4]

1981 წელს Air New Zealand-მა პირველი ბოინგ 747 წარმოადგინდა, ერთი წლის შემდეგ კი ახალი სერვისი (ფრენა) შემოიღო, ლონდონის მიმართულებით ლოს-ანჯელესის გავლით. ბოინგ 737-სა და ბოინგ 747-ს შორის არსებული უფსკრულის ამოვსების მიზნით (როგორიც 1983 წელს DC-8-სა და DC-10-ს შორის იყო) 1985 წლიდან ავიაკომპანიაში ბოინგ 767-200ER მოდელის ავიალაინერები გამოჩნდნენ. 1990 წელს ახალი ზელანდიის საჰაერო ტრანსპორტის ბაზარმა დერეგულაცია გაიარა, რითაც 1995 წელს Air New Zealand-მა ავიკომპანია Ansett Australia-ს 50%-იანი წილის შეძენა შეძლო.[4] 1999 წლის მარტში Air New Zealand ვარსკვლავური ალიანსის (Star Alliance) წევრი გახდა.

Ansett-თან შერწყმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს Air New Zealand-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს გადაწყვიტილება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია Ansett Australia-ში წილის შესყიდვის მაგივრად News Corporation-სგან მას მთლიანად შეიძენდნენ $680 მილიონად. ბევრს ეს გადაწყვეტილება კრიტიკულ შეცდომად მიაჩნდა, რადგან Ansett-ის ფლოტი დაკომპლექტების დონითაც და ინფრასტრუქტურითაც ბევრად აღემატებოდა Air New Zeland-ს. ამის შემდეგ, ორივე კომპანის შემოსავლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამავდროულად განიხილებოდა უცხოური შემოთავაზებებიც Air New Zealand Group-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. 2001 წლის სექტემბრისთვის დიდმა ხარჯებმა და სხვადასხვა მიზეზებმა Air New Zealand-ისა Ansett Group-ის გაერთიანების გეგმა კრახით დაასრულეს. Virgin Blue Airlines-ის შესყიდვის მცდელობის ჩაშლა უკანასკნელი წვეთი იყო, 12 სექტემბრისთვის, Air New Zealand-ში როგორც დროის, ასევე ფულის უქონლობის გამო, Ansett Australia იძულებული გახდა ოპერაციები შეეწყვიტა. Air New Zealand-მა განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ $1.425 მილიარდი ახალ ზელანდიური დოლარის საოპერაციო დანაკარგი განიცადა.

ოცდამეერთე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის ოქტომბერში ავიაკომპანია ხელახალი იქნა ნაციონალიზებული ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ, რომელიც ითვალისწინებდა $885 მილიონ ახალ ზელანდიურ დოლარიან სამაშველო გეგმას (ამასთან მთავრობა იღებდა ავიაკომპანიის 76.5%-იან წილს), ამავდროულად Air New Zealand-ში დანიშნულ იქნა ახალი ხელმძღვანელობა. ეს იყო ერთადერთი აქტი, რომელიც დაეხმარა Air New Zealand-ს ეკონომიის გაკეთებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის Ansett-ის მსგავსად გაკოტრდებოდა.

2002 წელს, Air New Zealand-მა ავიაკომპანიის დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს გეგმის ფარგლებში შიდა ფრენების რეკონფიგურაცია მოახდინა, ამ დროისთვის კი ახალი ზელანდიის მთავრობა განიხილავდა (მოგვიანებით კი უარყო) Qantas-ის შემოთავაზებას, რომელსაც ავიაკომპანიის ერთი მეხუთედი წილის შეძენა სურდა. ავიაკომპანიამ შემოსავლის კვლავ მიღება (მოგება) 2003 წლიდან დაიწყო, კომპანია იტყობინებოდა, რომ იმ წელს სუფთა მოგებამ $165.7 მილიონი ახალ ზელანდიური დოლარი შეადგინა. მზარდი მოგება დაფიქსირდა 2004 და 2005 წლებშიც.[4] 2004 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი დასაჯდომი ადგილები, როგორც ბიზნეს ისე პრემიუმ-ეკონომ და ეკონომ კლასებში.

2003 წელს Air New Zealand-მა მოკლემანძილიანი საერთაშორისო ფრენებისთვის ფლოტში ახალი წევრი, Airbus A320 მოდელის ავიალაინერები მიიღო. 2005 წელს კომპანიას გადაეცა პირველი ბოინგ 777 მოდელის –200ER ვარიანტი. მოგვიანებით ავიაკომპანიამ დააანონსა, ფრენებში ბოინგ 787-ის -9 ვარიანტის გამოყენების დაწყება.

2010 წლის 21 დეკემბერს ახალი ზელანდიის მთავრობამ Air New Zealand-ისა და Virgin Blue Airlines-ს (დღეს Virgin Australia) ალიანსი ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც საშუალებას აძლევდა ორივე ავიაკომპანიას გაეფართოვებინათ ფრენები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის. მოგვიანებით, ურთიერთობების გამყარების მიზნით Air New Zealand-მა Virgin Australia Holdings-ის (Virgin Australia-ს V Australia-ს Pacific Blue-ს და Polynesian Blue-ს მფლობელი) აქციების 26% შეიძინა, როგორც Air New Zealand-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს ამ ეტაპზე არ სურდათ უფრო მეტი აქციის შეძენა.

2011 წელს Air New Zealand-მა ფლოტში ახალი წევრი ბოინგ 777-300ER მოდელის ავიალაინერი მიიღო. 2014 წლის 9 ივლისს კი 4 წლიანი შეფერხების შემდეგ Air New Zealand-მა პირველი ბოინგ 787-9 მოდელის ავიალაინერი მიიღო. ხოლო 2014 წლის 12 სექტემბერს 33 წლიან მუშაობის შემდეგ ავიაკომპანიამ ბოინგ 747 ჩამოწერა, რის შემდეგაც Air New Zealand-ის ფლოტში მხოლოდ ტყუპძრავიანი რეაქტიული ავიალაინერები დარჩნენ.[5]

2013 წლის 18-19 ნოემბრისთვის მეხუთე ეროვნული მთავრობამ Air New Zealand-ში მათი წილი 73%-დან 53%-მდე შეამცირა, როგორც საკამათო აქტივების გაყიდვების პროგრამის ნაწილი. ამ გარიგების ღირებულებამ $365 მილიონი დოლარი შეადგინა.

მომსახურება (სერვისები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Koru Lounge[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Koru Lounge-ის სერვისი, უელინგტონი

Koru Lounge (კორუ ლაუნჯი) არის Air New Zealand-ის ქსელი (სერვის), რომელიც მდებარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Air New Zealand-ის Koru-ს პროგრამის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური მოსასვენებელი ოთახით, ასევე პარკირების ადგილით, აქვთ პრიორტეტი მომლოდინეთა სიაში, ექსკლუზიური რეგისტრაცია, ბარგის უმაღლესი ხარისხის შემოწმება და პრივილეგირებული დასაჯდომი ადგილები.

რეგისტრაციის კიოსკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითრეგისტრაციის კიოსკები, უელინგტონი

თვითრეგისტრაციის კიოსკები მუშაობაში პირველად 2008 წლის ოქტომბერში ოკლენდის ტერმინალში გაუშვეს. მომხმარებელი იყენებს სპეციალურ კოდს, რომელიც გაიცემა ხელზე, მისი მიღება შესაძლებელია მობილურ ტელეფონითაც, რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია პასპორტის სკანიებითაც. მოგვიანებით ამავე წლის ნოემბერში კიოსკები უელინგტონშიც და კრაისტჩერჩშიც დაამონტაჟეს, ხოლო დიდი პროვინციული ქალაქები პატარა სისტემებით იქნა მოდერნიზებული (იგულისმება ბანკომატის ზომის მოწყობილობები). რეგისტრაციის კიოსკებს კომპანია Bolloré-ს ფილიალი IER-ი (აი-ი-არი) აწარმოებს.

Air New Zealand-ის მგავრების მიერ თვითრეგისტრაციის კიოსკების გამოყენების თანაფარდობა ყოველდღიურად იზრდება. ამ სერვისის გამოყენება უკვე შესაძლებელია ოკლენდის საერთაშორისო ტერმინალიდან, ასევე უელინგტონის აეროპორტიდან, როგორც ტრანს-ტასმანური ისე წყნარი ოკეანის კუნძულების ფრენების უმეტესობისათვის, სერვისი სასუალებას აძლევს მგზავრებს თავად გაიარონ რეგისტრაცია ბარგთან ერთად. თვითრეგისტრაციის კიოსკები დამონტაჟდა ისეთ ოფშორულ აეროპორტებში როგორებიცაა სიდნეისა და მელბურნის აეროპორტები.

Airpoints[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Airpoints (აირფოინთს) არის ავიაკომპანია Air New Zealand-ის ბონუს პროგრამა. წევრები გამოიმუშავებენ Airpoints დოლარებს, რომელთა ნომინალური ღირებულების ანაზღაურება შესაძლებელია. Airpoints დოლარებით შეგიძლიათ შეიძინოთ Air New Zealand-ის რომელიმე ფრენის ბილეთი ან მიიღოთ სხვადასხვა სახის ჯილდოები. წევრები დანიშნულები არიან სტატუსების მიხედვით, შესაძლებელია პრივილეგიების გაზრდაც, არის სტატუსი ნეფრიტი (Jade), შემდეგ ვერცხლის (Silver) სტატუსი, ოქროს (Gold) და ოქროს ელიტა (Gold Elite). Airpoints-ის ოქროს ან ოქროს ელიტის სტატუსს აქვს იგივე აღიარება, რაც Star Alliance-ის (ვარსკვლავური ალიანსი) ოქროს სტატუსს, მათი მიღებით ასევე გეძლევათ პრივილეგიები Star Alliance-ის ქსელშიც. იგივე სისტემაა Airpoints-ის ვერცხლისა და Star Alliance-ის ვერცხლის სტატუსებს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში პრივილეგიები შედარებით შეზღუდულია. არსებობს მიერთების საფასური, რომელიც $50 ახალ ზელანდიურ დოლარს შეადგენს, თუმცა თუ ადამიანს ერთხელ მაინც უფრენია Air New Zealand-ის ბიზნეს კლასით, მაშინ მიერთების საფასური უქმდება. მიერთების საფასური უქმდება იმ შემთხვევაშიც თუ Air New Zealand-ის რომელიმე ფრენის დროს გაწევრიანდებით ბონუს პროგრამაში. ახლა უკვე Airpoints-ის ყველა წევრი იღებს Status Points (სტატუს ქულებს; სტატუს ფოინთს) Air New Zealand-ის ყოველი ფრენის დროს, სტატუს ქულებს იღებენ ასევე ვარსკვლავური ალიანსის სხვა წევრების ფრენების დროსაც. სტატუს ქულები ეხმარება წევრებს უფრო სწრაფად მიაღწიონ უმაღლეს სტატუსს.[6]

რეკლამირება და პოპულარიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამპანია დასამალი არაფერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Air New Zealand-ის პილოტები, კამპანია დასამალი არაფერია

2009 წლის 10 მაისს Air New Zealand-მა დაიწყო სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დასამალი არაფერია (Nothing to hide). სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა Air New Zealand-ის ოთხმოცდაათამდე თანამშრომელი, რვა მათგანი მთავარ როლში იყო, რომლებსაც ნამდვილი უნიფორმების ნაცვლად შიშველი სხეული უნიფორმის მსგავსად ჰქონდათ მოხატული (შეღებილი). კამპანია მიზნად ისახავდა სხვაობის წარმოჩენას Air New Zealand-სა და სხვა დაბალი ღირებულების კონკურენტებს შორის, რომლებიც მგზავრებს დამატებით ხარჯებს ახდევინებდნენ, იმ შემთხვევაში თუ მათ ბარგის შემოწმება ან სასმელი სურდათ. Air New Zealand-ს გააჩნია ავიაბილეთები, რომლებიც მოიცავენ შეღავათებს ბარგთან და გამაგრილებელ სასმელებთან დაკავსირებით.[7][8]

სატელევიზიო რეკლამას თან ახლდა ახალი ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვიდეო, რომელიც იგივე თემაზე იყო მორგებული. უსაფრთხოების ვიდეო სახელწოდებით Bear Essentials (ბეარ ესენჩელს; ბეარის პირველადი მოხმარების საგნები) ნაჩვენებ იქნა Boeing 737-300 მოდელით ოპერირებული ყველა ფრენის დროს.[9] ვიდეო რგოლში მონაწილეობდა პილოტი და სალონის პერსონალის ოთხი თანამშრომელი, მათ შორის უილიამ კოქსჰედი, რომელიც Air New Zealand-ის სარეკლამო რგოლებში ხშირად ჩნდება.[10] მოგვიანებით ამავე თემატიკის კიდევ ერთი ვიდეო იქნა ნაჩვენები Airbus A320 მოდელის ავიალაინერებში.[11]

კამპანიის ოფიციალური საიტზე (დასამალი არაფერია დაარქივებული 2011-01-09 საიტზე Wayback Machine. ) განთავსებული იყო, კამპანიის დროს მომხდარი კურიოზებისა და კულისებს მიღმა განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო რგოლები, რომელთა ნაწილი დღემდე არის YouTube-ზე. 2013 წლის დასაწყისისთვის კამპანიის უსაფრთხოების ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. კამპანია გააშუქეს ისეთმა საერთაშორისო ტელეარხებმა როგორებიც არიან CNN და BBC.[12]

ჰობიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ნოემბერში Air New Zealand-მა გამოაქვეყნა უსაფრთხოების ახალი ვიდეო, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰობიტები, ჯუჯები და ორკები. კამპანია ასევე მიზნად ისახავდა სერ პიტერ ჯექსონის ახალი ფილმის The Hobbit-ის პირველი ნაწილის რეკლამირებას. ვიდეო რგოლში მონაწილეობდა პიტერ ჯექსონიც.[13] ვიდეოში მონაწილეობა მიიღო უილიამ კოქსჰედმაც, რომელიც Air New Zealand-ის სარეკლამო რგოლებში ხშირად ჩნდება.[14]

2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა უსაფრთხოების ახალი ვიდეო სახელწოდებით ყველაზე ეპიკური უსაფრთხოების ვიდეო, რომელიც ოდესმე შექმნილა (The Most Epic Safety Video Ever Made). ვიდეო რგოლში მონაწილეობდნენ ცნობილი მსახიობები ფილმიდან, მათ შორის პიტერ ჯექსონი და ელაიჯა ვუდი.[15][16]

ინციდენტები და უბედური შემთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლისთვის Air New Zealand და მისი შვილობილი კომპანიები 10-ზე მეტი ინციდენტის და უბედური შემთხვევის მონაწილეები გახდნენ.

  • 1966 წლის 4 ივლისი, Air New Zealand-ის DC-8 მოდელის თვითმფრინავი საცდელი ფრენის დროს აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 გარდაიცვალა (თვითმფრინავში მგზავრები არ ყოფილან).
  • 1978 22 დეკემბერი, პატარა Cessna 188 მოდელის თვითმფრინავი დაიკარგა წყნარი ოკეანის თავზე ფრენის დროს, Air New Zealand-ის ფრენა 103-მა მონაწილეობა მიიღო სამძებრო სამუშაოებში, საბედნიეროდ ტექნიკური ნავიგაციის მეთოდის დახმარებით თვითმფრინავი პოვნა მოხერხდა.
  • 1979 წლის 17 თებერვალი, Air New Zealand-ის Fokker F27 Friendship მანუკაუს პორტში საბოლოოდ მიდგომის დროს პორტს შეეჯახა, ხეჯახებისას ეკიპაჟის ერთი წევრი და კომპანიის ერთი წევრი დაიღუპა.
  • 1979 წლის 28 ნოემბერი, Air New Zealand-ის ფრენა 901, რომლის დროსაც DC-10 მოდელის თვითმფრინავი ასრულებდა ფრენა ანტარქტიკაზე, რა დროს თვითმფრინავი მთა ერებუსს შეეჯახა. შეჯახების დროსაც თვითმფრინავზე მყოფი ეკიპაჟის 20 წევრი და 237 მგზავრი გარდაიცვალა.
  • 1987 წლის მაისი, Air New Zealand-ის ფრენა 24, რომელიც ასრულებდა ფრენა ტოკიოდან ოკლენდის მიმართულებით ნადის გავლით, ნადის საერთაშორისო აეროპორტში გაიტაცეს. საბოლოოდ ეკიპაჟის 24 წევრი და 105 მგზავრი უვნებელი გადარჩა. ამ ინცინდენტის შემდეგ Air New Zealand-მა მომდევნო 7 თვის მანზილზე ნადის გავლით ყველა ფრენა შეაჩერა.
  • 2008 წლის 8 თებერვალი, Eagle Airways-ის ფრენა 2279, რომელიც სრულდებოოდა Jetstream-ის მოდელის თვითმფრინავით, ბლენემიდან კრაისტჩერჩის მიმართულებით. ქალბატონი Air New Zealand-ის პერსონალ დაემუქრა და განუცხადა, რომ მას ბორტზე ბომბი ჰქონდა. საბოლოოდ თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტში, ქალბატონი კი დააპატიმრეს. მცირე დაზიანებები მიიღეს ორივე პილოტმა და ერთმა მგზავრა, დანარჩენი მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.
  • 2008 წლის 27 ნოემბერი, XL Airways Germany-ის ფრენა 888T ხმელთაშუა ზღვაში, საფრანგეთის სანაპიროს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 2 გერმანელი პილოტი და 5 ახალზელანდიელი მგზავრი გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Air New Zealand: Facts & Figures. Star Alliance.
  2. Awarded ATW Airline of the Year 2010 (dead link: June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-18. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  3. Walker, Karen. (10 January 2012) ATW names Air New Zealand 2012 Airline of the Year. Air Transport World. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Air New Zealand History (PDF). Air New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 28 February 2007.
  5. Bradley, Grant (12 September 2014). „Queen of the Skies takes her last Air NZ flight“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 12 September 2014.
  6. Air NZ Status Points. Air New Zealand (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-10. ციტირების თარიღი: 2015-05-07.
  7. „Air New Zealand's "Nothing to Hide" TV Ad Campaign goes live“. Air New Zealand. 10 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 16 March 2013.
  8. Air NZ staff have nothing to hide. Air New Zealand. http://www.youtube.com/watch?v=7-Mq9HAE62Y.
  9. Air NZ Bare Essentials of Safety in-flight video. Youtube.com (22 June 2009). ციტირების თარიღი: 30 June 2013.
  10. „Safety In-flight – the Bare Essentials“. Air New Zealand. 26 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 12 November 2010.
  11. YouTube – Bare Essentials of Safety from Air New Zealand for our A320 aircraft (dead link: June 2011)
  12. Nothing To Hide And Bare Essentials Make Headlines Around The World. Voxy (6 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 16 March 2013.
  13. „Air New Zealand has a Hobbit makeover“. 3 News NZ. 1 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2015.
  14. An Unexpected Briefing. Air New Zealand. 31 October 2012. http://www.youtube.com/watch?v=cBlRbrB_Gnc.
  15. The Most Epic Safety Video Ever Made. Air New Zealand. 22 October 2014. http://www.youtube.com/watch?v=qOw44VFNk8Y.
  16. Air New Zealand releases new Middle-earth video დაარქივებული 2014-03-17 საიტზე Wayback Machine. . 3 News NZ. 20 November 2013.