ჰუგო ჰუპერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰუგო ჰუპერტი
დაბ. თარიღი 5 ივნისი 1902(1902-06-05)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Bielsko
გარდ. თარიღი 25 მარტი 1982(1982-03-25)[1] [2] [3] (79 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[1]
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი, ავტორი, მთარგმნელი, მწერალი, სამხედრო, პროზაიკოსი და კრიტიკოსი
ენა გერმანული ენა[2]
ეროვნება ავსტრიელები
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია
Flag of Austria-Hungary (1869-1918).svg ავსტრია-უნგრეთის იმპერია
Flag of Poland.svg პოლონეთი
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი წითელი პროფესორების ინსტიტუტი
ჟანრი ესე და ნარკვევი
ჯილდოები გდრ-ის ეროვნული პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი

ჰუგო ჰუპერტი (გერმ. Hugo Huppert; დ. 5 ივნისი, 1902, ბიალა-ბიელიცი, სილეზია — გ. 25 მარტი, 1982, ვენა) — ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლიდან ავსტრიის კომპარტიის წევრი. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში, 1928-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში, 1936 წლიდან ჟურნალ ინტერნაციონალური ლიტერატურის (გერმანული ფურცლები) მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1939-1941 წლებში იყო მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1944-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1963 წელს აირჩიეს გდრ-ის ხელოვნების აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1964 წელს მიენიჭა ჰ. ჰაინეს პრემია, 1967 წელს გდრ-ის ეროვნული პრემია, 1969 წელს ავსტრიის რესპუბლიკამ მიანიჭა პროფესორის წოდება და დააჯილდოვა მეცნიერებისა და ხელოვნების საპატიო ჯვრით.

ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენში იგი პირველად ჩამოვიდა 1949 წელს და დაიწყო მზადება ვეფხისტყაოსნის სათარგმნელად, რომელიც დაასრულა 1954 წელს. წიგნი პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა“ (ილუსტრაციები ს. ქობულაძისა), მეორედ გამოიცა 1970 წელს (ილუსტრირებული ლ. ცუცქირიძის მიერ), მესამედ 1980 და მეოთხედ 1982 წლებში. საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული ყარიბის ქართული არგანი. 1956 წლიდან ცხოვრობდა ვენაში. თანამშრომლობდა გდრ-ის ჟურნალებში, უმთავრესად „ველტბიუნეში“, სადაც აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს — „რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი“ (1956, №47), „ღირსპატივსაცემი თბილისი“ (1959, №2), რომლებიც შევიდა ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში „წუთები და მომენტები“ (1978, გდრ). 1958 წლიდან ავსტრიის სხვადასხვა ქალაქებში კითხულობდა მოხსენებათა ციკლს საერთო სახელწოდებით „საქართველო — კალიფორნია შავი ზღვის პირას“. 1966 წელს მონაწილეობდა რუსტაველის საიუბილეო ზეიმში, გამოვიდა სიტყვით, მისი ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ „კომუნისტში“ (1966, 2 ოქტ.). ჰუპერტის სამწიგნიანი მემუარების მესამე წიგნში „ქიში ორეულს“ (1979) შევიდა მოგონებები საქართველოზე. მის ბოლო რილიკულ კრებულში „ნიშნები ანუ სავსე მთვარე შეკვეთით“ (1981) ჩართულია ლექსი „კავკასიაში, ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით“ (1979).

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1967).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]