ჰაიტური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიტური გრიოტი ბოსტნეულით

ჰაიტური სამზარეულო (ფრანგ. Cuisine haïtienne) — ტრადიციული ჰაიტური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ადგილობრივი ინდიელების, ესპანელების, ფრანგების, აფრიკელებისა და არაბების გასტრონომიების შერწყმით. ჰაიტური სამზარეულო თავისი კერძებითა და კულინარიული ტექნიკებით ძალიან ჰგავს დანარჩენი ლათინური და კარიბული ქვეყნების გასტრონომიებს.

პოპულარული კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქათამი სოუსში

ჰაიტის სამზარეულოს მრავალი საერთო აქვს კარიბის ზღვის სხვა კუნძულოვანი სახელმწიფოების გასტრონომიებთან, თუმცა გარკვეულწილად იგი მაინც ინარჩუნებს ავთენტურ არომატებს. ჰაიტელები ამ ყველაფერს მწვანილებისა და წიწაკის დიდი რაოდენობით გამოყენებით აღწევენ. ტიპურ ჰაიტურ კერძად შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. riz collé aux pois, რომელიც მზადდება წითელი ლობიოთი, დამარინადებული პომიდვრითა და ხახვით.

აქ ასევე ერთობ პოპულარულია მოხარშული ბრინჯი, რომელსაც ხშირად მხოლოდ ლობიოსთან ერთად მიირთმევენ ხოლმე. იგი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ხორცის კერძთან ერთადაც. აღსანიშნავია ტრადიციული ჰაიტური სოუსი, რომელიც განსაკუთრებული სიმსუბუქით ხასიათდება და მზადდება შავი ლობიოსაგან. მისი არაერთი ვარიაცია არსებობს, რომლებშიც შავ ლობიოს წითელი ან თეთრი ლობიოთი, ან სულაც ბარდით ანაცვლებენ. აგრეთვე ხშირად იყენებენ ქათმის, თხისა და საქონლის ხორცს. როგორც წესი, ჰაიტელები ხორცს მომზადებამდე კარგად ამარინადებენ ლიმონის წვენით, მჟავე ფორთოხლით, წიწაკით, ნივრითა და სხვა სანელებლებით და წვავენ მანამ, სანამ იგი კარგად ხრაშუნა არ გახდება.

ჰაიტური პატეები

ერთ-ერთი ცნობილი კერძია ჰაიტური ლეგუმი, რომელიც მზადდება ბადრიჯნის, კომბოსტოს, ჩაიოტის, ისპანახისა და სხვა ბოსტნეულისაგან. განსაკუთრებული არომატის მისაცემად უმატებენ ხახვს, ნიორს, ტომატ-პასტას და ზოგჯერ საქონლისა და კრაბის ხორცსაც კი. როგორც წესი, ლეგუმს ბრინჯთან ერთად მიირთმევენ, თუმცა მისი ჭამა ასევე შეიძლება სიმინდის, ფეტვის, ხორბლის, ან პოლენტას ფაფასთან ერთადაც.

სხვა პროდუქტები, რომელთაც კერძებში ხშირად იყენებენ, არის: იამი, ბატატი (რომელიც ხშირად ერევათ ამერიკულ ტკბილ კარტოფილში, თუმცა იგივე არაა), კარტოფილი და ა.შ. ხშირად მათ სპეციალურ სოუსთან ერთად ჭამენ, რომელიც მზადდება ტომატ-პასტით, ხახვით, სანელებლებითა და გამომშრალი თევზით. აღსანიშნავია ბულეტიც, რომელიც არის ხორცის გულსართიანი, ჰაიტური სუნელებით შენელებული პური.

საუზმეზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია სპაგეტი, რომელსაც ადგილობრივი ვარიაციებით ემატება პომიდვრის სოუსი, ნედლი წყალმცენარეები, ხმელი ქაშაყი, ან სანელებლები.

ჰაიტის ყველაზე ცნობილ საჭმელად მაინც პატე (აგრეთვე ცნობილია ჰაიტური ღვეზელის სახელით) რჩება. იგი მზადდება საქონლისა და ქათმის ხორცით, დამარილებული ვირთევზათი, შებოლილი ქაშაყითა და ინდაურის ხორცით, რომელიც ერთიანდება და გუნდის სახით იდება შენელებულ ცომში, შემდეგ ცხვება და იჭმევა ცივად. სხვა ცნობილი წასახემსებლებიდან აღსანიშნავია: აკრა, ბანანის ორცხობილები და ბეინიეტი.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიტში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სასმელი ყავაა, რომელსაც ადგილობრივები დღის ნებისმიერ მონაკვეთში სვამენ, აქ ასევე აქტუალურია ხილის (მანგოს, გრეიპფრუტისა და გუავას) ნატურალური წვენები, თუმცა ჰაიტური გასტრონომია უფრო ალკოჰოლური სასმელებითაა მდიდარი. უცხოური სასმელებიდან ყველაზე გავრცელებული ლუდი და რომია, რომელთა რამდენიმე ვარიაციას ჰაიტშივე აკეთებენ. ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელებიდან აღსანიშნავია კლერენი (გამოხდილი ტკბილი სპირტიანი სასმელი, რომელიც გამოიყენება ვუდუს რიტუალებშიც) და კრემასი, რომელიც არის ტკბილი და ნაღებიანი ალკოჰოლური სასმელი, დამზადებული ქოქოსის, ან ჩვეულებრივი რძისგან, რომელსაც ძირითადად დესერტებთან ერთად მიირთმევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Clammer, Paul, ed. (2012). "Haiti". p. 76. ISBN 9781841624150. Retrieved 4 December 2015.
  • Hall, Michael R. (2012). "Historical Dictionary of Haiti". p. 64. ISBN 9780810878105. Retrieved 12 June 2015.
  • Ménager, Mona Cassion (2005). "Fine Haitian Cuisine". p. 392. ISBN 158432256X. Retrieved 12 June 2015.
  • Paris, Barry (2000). "Song of Haiti: The Lives of Dr. Larimer and Gwen Mellon at Albert Schweitzer Hospital of Deschapelles". p. 116. ISBN 1891620134. Retrieved 12 June 2015.
  • Gold, Herbert (2004). "Haiti: Best Nightmare on Earth". p. 40. ISBN 9780765807335. Retrieved 12 June 2015.
  • Fick, Carolyn A. (1990). "The Making of Haiti: The Saint Domingue Revolution from Below". p. 285. ISBN 0870496581. Retrieved 12 June 2015.