ჰაინრიხ შარერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰაინრიხ შარერი (გერმ. Heinrich Scharrer) (დ. 21 ივლისი, 1828, მაგდებურგი, გერმანია, — გ. 24 სექტემბერი, 1906, ოდერის კროსენი, ახლანდ. კროსნო-ოჟანსკე, პოლონეთი) — გერმანელი ბოტანიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი.

სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში, შემდეგ მუშაობდა პოტსდამის პარკსა და პრინც შტოლბერგ-ვერნიგეროდეს ბაღში. 1859 წელს გერმანელი ბოტანიკოსის პროფესორ კარლ ჰაინრიხ კოხის რეკომენდაციით მოიწვიეს ბაღების ინსპექტორად თბილისში, სადაც არქიტექტორ ოტო სიმონსონთან ერთად შეიმუშავა გოლოვინის გამზირზე ალექსანდრეს ბაღის მოწყობის გეგმა (გაიხსნა 1863 წელს). ეს იყო ევროპული სტილის პირველი დასასვენებელი პარკი თბილისში. 1860-იან წლებში შარერის ხელმძღვანელობით განახლდა მეფისნაცვლის სასახლის ბაღი თბილისში და მოეწყო საზოგადოებრივი პარკები ბორჯომსა და თეთრიწყაროში.

1861 წლიდან შერარი ხელმძღვანელობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღს, რომლის ტერიტორიაზეც მან 1871 წელს ააგო მებაღეობის შენობა. შარერმა მოგვიანებით სათბურები ააშენა და დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი დეკორატიული მცენარეების მოშენება. 1886 წელს გაიხსნა ბოტანიკის მუზეუმი, ხოლო ბოტანიკური ბაღი საბოლოოდ გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად. 1889 წელს შარერი პენსიაზე გავიდა, გერმანიაში დაბრუნდა და ქალაქ ოდერის კროსენში მეღვინეობისა და მეხილეობის სკოლას კურატორობდა. დაჯილდოებული იყო რუსეთის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით (მახვილებით და ბაბთით, 1889), ასევე კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ოქროს მედლით (1875).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.303.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]