ხოტევის ციხე
ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში, სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ციხე ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხეს გარს ერტყა გალავანი და ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზედ მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა. ხოტევის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს სოფელ ხოტევის აღწერისას:
„ხოტევის წყლის დასავლით, არ ხოტევი და ციხე დიდი, დიდ-შენი.“
|
მას მოიხსენიებს ასევე გერმანელი მეცნიერი, მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი. მისი სიტყვით ხოტევის ციხე მეფემ გადასცა თავად წულუკიძეს, მაგრამ რომელმა მეფემ და როდის, ამის შესახებ მეცნიერი არაფერს გვეუბნება. მისივე ცნობით ციხის ქვემოთ არის გაუვალი ტბა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 503.
- დავით კაციტაძე, სოფელ ხოტევის ისტორიიდან, ძეგლის მეგობარი, 62, თბ. 1983 წ. გვ. 55-59