ხერხემალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანის ხერხემალი: ყავისფერი—კისრის ნაწილი
ლურჯი—გულ-მკერდის ნაწილი
ყვითელი—წელის ნაწილი
მწვანე—გავის ნაწილი
იისფერი—კუდუსუნი

ხერხემალიხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის საღერძე ჩონჩხის ძირითადი ნაწილი. ევოლუციურ პროცეში ხერხემალმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რასაც მოჰყვა ხერხემლის რამდენიმე განყოფილებად დიფერენცირება.

ხერხემალი ცხოველებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზების ხერხემალი შედგება 2 განყოფილებისაგან: ტანისა და კუდისაგან. ხმელეთის ხერხემლიანების ხერხემალში 4—5 განყოფილებაა:კისრის, მკერდის, წელის (ზოგ ჯგუფს არ აქვს), გავისა და კუდის. კისრის განყოფილებაში ამფიბიებს აქვთ 1 მალა; ქვეწარმავლებს საშუალოდ — 8; ფრინველებს — 11-იდან 25-მდე; ძუძუმწოვრებს ძირითადად — 7 (ზოგჯერ 6 —10). ამნიონებიანების კისრის პირველ ორ მალას — ატლასასა და აქსისს — აქვს განსაკუთრებული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს თავის როგორც დახრას, ისე ბრუნვას. ზოგ ქვეწარმავალს (მაგ. ჰატერია) ატლასის წინ აქვს კიდევ ერთი მალა — პროატლასი. მკერდის განყოფილების მალებს აქვთ კარგად განვითარებული ნეკნები, რათა უმრავლესობა ესახსრება მკერდის ძვალს და ქმნის გულმკერდს (ამფიბიებს არ გააჩნიათ). ძუძუმწოვრებში მკერდის მალების რაოდენობა იცვლება 9-იდან 24-მდე (უფრო ხშირად 12—15). წელის განყოფილებისათვის დამახასიათებელია რუდიმენტული ნეკნები და, როგორც წესი, უფრო მოძრავია, ვიდრე მკერდის განყოფილება. ძუძუმწოვრების წელის მალების რაოდენობაა 2-იდან 9-მდე. ამფიბიებსა და ქვეწარმავლების ხერხემალში მკერდისა და წელის განყოფილება აშკარად გამოყოფილი არ არის. კუდის განყოფილება კარგად აქვთ განვითარებული ქვეწარმავლებს, შეიცავს მრავალ (15—40) მალას და აქვს მნიშვნელოვანი როლი ლოკომოციაში. უკუდო ამფიბიების მალები შეზრდილია ერთ გრძელ ძვლად — უროსტილად. ფრინველების კუდის მალებიც ასევე შეზრდილია და ქმნიან პიგოსტილს.

ადამიანის ხერხემალი

ადამიანის ხერხემალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის ხერხემალზე ასხმულია სხეულის დანარჩენი ნაწილები. ხერხემალი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 34—35 მალისაგან, მათ შორის 24, ე.წ. თავისუფალი მალაა (7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის), 5 გავის და 4—5 კუდუსუნის მალა, რომლებიც შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალს და კუდუსუნს; მათ ერთმანეთთან ხრტილოვანი ქსოვილი აკავშირებს. ხერხემალი საიმედოდ იცავს ზურგის ტვინს. კისრის პირველი მალა (ატლასი) შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ ზამბარისებრ წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.

ხერხემლის დაავადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხერხემლის დაავადებებიდან შედარებით იშვიათი ანომალიების გარდა აღსანიშნავია ხერხემლის ტრავმული ხასიათის დაზიანებანი, დეფორმაციები: სკოლიოზი, ხერხემლის გამრუდება; ანთებითი დაავადებანი: სპონდილიტი, ოსტეომილეტი, დისტროფიული დაავადება ოსტეოქონდროზი და სხვ. ხერხემლის დაავადებებს სწავლობს და კურნავს ორთოპედია და ტრავმატოლოგია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]