ხამურაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხამურაბის კანონების სტელის ზედა ნაწილი

ხამურაბი (დაახ. ძვ. წ. 1810ძვ. წ. 1750) — ბაბილონეთის მეფე პირველი ბაბილონური დინასტიიდან, ძვ. წ. 1792 - ძვ. წ. 1750. ისტორიაში ცნობილი პირველი კანონების კრებულის ავტორი.

მისი მეფობის პირველ წლებში ბაბილონი ლარსის მეფეს რიმსუენსა და ასურეთის მეფე შამშიადად I-ს ემორჩილებოდა. ასეთ ვითარებაშიც კი მან ფრთხილი დიპლომატიის წყალობით შეძლო სამხრეთ შუამდინარეთის ქალაქების ურუქის, ურისა და ისინის შემომტკიცება.

შამშიადად I-ის გარდაცვალების შემდეგ ხამურაბი აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაადგა — მარიდან გააძევა ასურელი მეფე იასმახადადი და იქ თავისი კაცი ზიმრილიმი დასვა; მეფობის 30-ე წელს ჩრდილოეთ შუამდინარეთში გაილაშქრა, ეშნუნას სამეფო დაიმორჩილა და ელამი დაამარცხა. მომდევნო წელს ლარსაც შემოიერთა. ზიმრილიმის მხრიდან ღალატში დაეჭვებული ხამურაბი მეფობის 32-ე წელს შეიჭრა მის სამეფოში და იავარჰყო იგი. მეორეჯერ მოწყობილი დამსჯელი ექსპედიციის დროს მარი საბოლოოდ შემოიმტკიცა. მალე ხამურაბიმ ასურეთის დედაქალაქი აშურიც დაიპყრო. ხამურაბის დროს ბაბილონის სახელმწიფო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდა, კულტურა აყვავდა. ხამურაბის პერიოდს განეკუთვნება მრავალი ადმინისტრაციული და დიპლომატიური მიმოწერის საბუთები, სააღმშენებლო წარწერები თუ იურიდიული დოკუმენტები. ჩვენს დრომდე მოაღწია ხამურაბის სახელით შედგენილმა კანონთა კრებულმა, რომელიც ძველი აღმოსავლეთის საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.

ჯეიმზ პრიტჩარდის წიგნში ჩამოთვლილია ხამურაბის 300-მდე კანონი, რომლებიც ძველ ბაბილონში მოქმედებდა. ამ კანონების თანახმად იმ დროს აუცილებელი იყო ბრძოლა აღმაშფოთებელ უპატიოსნობასთან, რასაც, როგორც ჩანს, ფეხი მოეკიდებინა მაშინდელ სავაჭრო სისტემაში. აი, რა ეწერა ერთ-ერთ კანონში: „თუ მიწათმფლობელი მოწმეებისა და წერილობითი შეთანხმების გარეშე შეიძენს ან შესანახად დაიტოვებს ვერცხლს ან ოქროს, მონას ან მხევალს, ხარს, ცხვარს ან ვირს ან ნებისმიერ ნივთს სხვა მიწათმფლობელის ვაჟის ან მონის ხელიდან, მაშინ ეს მიწათმფლობელი ქურდია და სიკვდილით უნდა დაისაჯოს“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: