შინაარსზე გადასვლა

მარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარი (მრავალმნიშვნელოვანი).
მარი შუამდინარეთის რუკაზე.

მარი — უძველესი ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის შუა დინებაზე, ახლანდელი თერ-ჰარირის ტერიტორიაზე (სირია-ერაყის საზღვარი).

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XXVIII საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად დასახლებული იყო ხურიტული მოდგმის ტომებით, რომელთა ასიმილაცია ძვ. წ. III ათასწლეულში მოახდინეს დასავლეთიდან შემოსულმა სემიტებმა. დაახლ. ძვ. წ. 2570 წელს გამეფდა სემიტური დინასტიის პირველი წარმომადგენელი ილიშერი. ძვ. წ. XXIV საუკუნეში მარი დაიპყრო აქადის მეფე სარგონ დიდმა. ურის III დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) მარის სამეფოს განაგებდნენ შუმერის მეფეთა მიერ დანიშნული მოხელეები. ძვ. წ. XX საუკუნეში ტახტზე ავიდა აქ გაბატონებული ამორეული მოდგმის ტომების წარმომადგენელი იაგიდლიმი, რომელიც მარის სამეფოს დამაარსებლად იწოდებოდა, ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში გამეფდა უკვე სხვა დინასტიის წარმომადგენელი იახდუნლიმი, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 1790 წელს დაამარცხა ასურეთის მეფე შამშიადად I-მა და მის მაგივრად თავისი შვილი იასმახადადი გაამეფა. 10 წლის შემდეგ მას აუჯანყდა ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი ზიმრილიმი, რომელმაც ბაბილონის მეფის ხამურაბის დახმარებით დაიბრუნა ტახტი. მისი მეფობის დროს (ძვ. წ. 1781-1757 წწ.) მარი გაძლიერდა, ფართო დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარა დასავლეთით სირიის, ხოლო აღმოსავლეთით ეშნუნასა და ელამის გამგებლებთან. მარის საგარეო ვაჭრობის სფერო ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე ვრცელდებოდა. შემდეგ ზიმრილიმსა და ხამურაბს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რითაც ისარგებლა ხამურაბიმ და ძვ. წ. 1758 წელს დაიპყრო მარი და მისი მოკავშირე ოლქები. ამის შემდეგ მარიმ საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა.

მეფე ზიმრილიმის ფირფიტა

მარის არქეოლოგიური შესწავლა 1933 წლიდან დაიწყო საფრანგეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ანდრე პაროს ხელმძღვანელობით. გამოავლინეს ძვ. წ. III-II ათასწლეულის დასაწყისის ტაძრებისა და მეფე ზიმრილიმის ალიზის სასახლის ნანგრევები (260-მდე ოთახი და რამდენიმე შიდა ეზო). ნაპოვნია საბჭდავები, ქვის ქანდაკებები, ბრინჯაოს ლომის ფიგურები; აქვე აღმოჩნდა კარგად დაცული სამეფო არქივი (20 ათასზე მეტი ლურსმული დოკუმენტი), სადაც წარმოდგენილია ძვირფასი მასალა მარის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მარი&oldid=2411461“-დან