ხადიჯა ას-სალამი
ხადიჯა ას-სალამი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი, 1966 (56 წლის) სანა, იემენის არაბთა რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | იემენი |
პროფესია | კინორეჟისორი, პროდიუსერი, დიპლომატი |
აქტიური | 1997-დან |
ხადიჯა ას-სალამი (არაბ. خديجة السلامي, დ.11 ნოემბერი, 1966, სანა, იემენი) — იემენელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ოპერატორი და ხმის რეჟისორი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე. პირველი კინოპროდიუსერი და რეჟისორი ქალი იემენში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხადიჯა ას-სალამი დაიბადა სანაში 1966 წელს (ჩრდილოეთ იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს) ღარიბ მუსლიმურ ოჯახში. 11 წლის ასაკში ბიძამ, ალი ას-სალამიმ გოგონა ძალით გაათხოვა თავის თავის ნაცნობზე, რომელიც ხადიჯაზე ბევრად უფროსი იყო. დედას ბიძა ირწმუნებოდა, რომ ქორწინება „ეკონომიკურ“ ხასიათს ატარებდა და ვიდრე გოგონა 14 წლის არ გახდებოდა, ძალაში არ შევიდოდა, ხადიჯა ქორწილიდან რამდენიმე კვირაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან სცადა თვითმკვლელობა და, ბოლოს ქმრისგან გაიქცა. (სხვა ინფორმაციის მიხედვით, წინააღმდეგობისგან დაღლილმა ქმარმა თავად დაუბრუნა იგი მეურვეს).ტრადიციულად, ეს ფაქტი განიხილებოდა, როგორც „ოჯახის სირცხვილი“. ხადიჯას ოჯახის წევრთა უმეტესობამ (გარდა დედისა, რომელიც უფრო ადრე გაათხოვეს) გოგონა უარყო.[2] ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილს მხოლოდ დედა (რომელმაც მარტომ გაზარდა კიდევ რამდენიმე შვილი) ჰყავდა გვერდში. გოგონამ დაიწყო სამუშაოს ძებნა საარსებო წყაროს მოსაპოვებლად. მეგობრის რეკომენდაციით, მან ბედი ადგილობრივ სტუდიაში სცადა, სადაც ეძებდნენ ახალგაზრდა წამყვანს საბავშვო სატელევიზიო გადაცემისთვის. კასტინგში გამარჯვების შემდეგ, ხადიჯა 1977 წლიდან 1982 წლამდე დილაობით სკოლაში დადიოდა, ხოლო შემდეგ ტელევიზიაში მუშაობდა ჯერ საბავშვო გადაცემების, შემდეგ კი ახალი ამბების წამყვანი გახდა. 16 წლის ასაკში ხადიჯა ას-სალამიმ მოიპოვა სტიპენდია ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. იქ დაამთავრა საშუალო სკოლა და 1983 წელს ჩაირიცხა ვაშინგტონში, მაუნთ ვერნონის ქალთა კოლეჯში. 1986 წელს მიიღო კომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხი. სწავლის პერიოდში იგი შეხვდა და დაუმეგობრდა იემენის ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაჰია ალ-მუთავაქილს. ეს მეგობრობა შემდგომში დაეხმარა მას იემენის გავლენიანი პოლიტიკოსები გაეცნო და თავისი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში ჩამდგარიყო.[3] იემენში დიპლომით დაბრუნებული ხადიჯა ოჯახთან უთანხმოების გამოობლოში დიდხანს არ დარჩენილა და იმავე წელს გადავიდა საფრანგეთში, სადაც 1987-1988 წლებში მუშაობდა იემენის საელჩოში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრად. მოგვიანებით სწავლა ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა. მისი ნამუშევარი ხელოვნების მაგისტრატურაზე კინოსა და სატელევიზიო წარმოებაში იყო დოკუმენტური ფილმი "ქალები იემენში", რომლის გადაღების დროს ერთდროულად იყო რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე. 1990 წელს იგი ცოლად გაჰყვა ამერიკელ ჟურნალისტ ჩარლზ ჰიუტს და მასთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა რადიო Orient-Paris-ში. 1993 წლიდან ასევე ბედი სცადა საგაზეთო ჟურნალისტიკაში. 1994 წლიდან მან განაგრძო მუშაობა იემენის საელჩოში საფრანგეთში პრეს ატაშესა და კულტურის ატაშეს პოზიციაზე, ასევე საელჩოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად. დიპლომატიური სამსახურის პარალელურად, მან განაგრძო მოღვაწეობა კინოში, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სატელევიზიო არხებისა უნივერსიტეტებისთვის შექმნა რამდენიმე ათეული დოკუმენტური და საგანმანათლებლო ფილმი. მისი მრავალი ნამუშევარი გარკვეულწილად უკავშირდება ქალის პოზიციას ისლამურ საზოგადოებაში. 2012 წელს მან დატოვა დიპლომატიური სამსახური, რათა კონცენტრირება მოეხდინა კინოზე და შეექმნა დოკუმენტური ფილმები მუსლიმ ქალთა მოძრაობაზე.[4] იყო რამდენიმე კინოფესტივალის ჟიურის წევრი. 2013 წელს ქმრის დახმარებით გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია The Tears of Sheba. შემოქმედებითი და დიპლომატიური საქმიანობისთვის მიიღო არაერთი პრემია და ჯილდო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hillauer, Rebecca (2006-02-02), „Other Filmmakers“, Encyclopedia of Arab Women Filmmakers, American University in Cairo Press, pp. 421–448, , ISBN 9789774249433
- ↑ „The most 500 powerful Arabs“. Arabian Business. 2013. ციტირების თარიღი: 17 July 2013.
- ↑ Khadija al-Salami, a Yemeni Child Bride Who Became a Diplomat. ციტირების თარიღი: 29 August 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ Brunning, Dennis. „IMDB.com and IMDB Pro“. doi:10.5260/cca.199294. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)