ჭინჭრაქასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭინჭრაქასებრნი
Zaunkoenig2.jpg
ჭინჭრაქა (Troglodytes troglodytes)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Troglodytidae (Swainson, 1832)

ჭინჭრაქასებრნი[1] (ლათ. Troglodytidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი სხეულის სიგრძეა 8–22 სმ. სხეულის აგებულება მკვრივია; ფრთები მოკლე, ბლაგვი. ბოლო (კუდი) მოკლე ან საშუალო სიგრძისაა, მომრგვალებული ან საფეხუროვანი. ფეხები ძლიერია, გალო და თითები გრძელი; ბრჭყალები ბასრი და მოღუნული. ნისკარტი სწორი, ზოგჯერ ქვედა მხარეს მოღუნული, სიგანეში ვიწრო, იშვიათად მასიურია. შებუმბვლა ფაფუკი და ხშირია. შეფერილობაში ჭარბობს მურა, ჟანგმიწოვანი ან რუხი ტონები. მომქნევ და საჭის ბუმბულებს ხშირად მუქი ფერის განივი ზოლები გასდევს;[2] რამდენიმე სახეობას ყელი, მკერდი ან მთლიანი ქვედა მხარე ღია ერთფეროვანი აქვს. სქესობრივი და ასაკობრივი დიმორფიზმი ჩვეულებრივ არ არის გამოხატული. ჭინჭრაქასებრნი ფრენენ სწრაფად, როგორც წესი მოკლე მანძლზე. აგზნებული ფრინველი კუდს ვერტიკალურად სწევს, ატოკებს მას და ჩაჯდომებს აკეთებს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი აერთიანებს 20-მდე გვარის დაახლ. 80 სახეობას.[3] გავრცელებული არიან ახალი მსოფლიოს ტერიტორიაზე: ალასკიდან ცეცხლოვან მიწამდე. ჩვეულებრივი ჭინჭრაქა (Troglodytes troglodytes) ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც აღწევს,[2] საქართველოში იგი ჩვეულებრივ მობინადრე ფრინველის სახით გვხვდება.[4] ყველაზე მეტად მრავალფეროვანი ჭინჭრაქები სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში გვხვდება; მთებში ბუდობენ ზღვის დონიდან 4600 მეტრ სიმაღლემდე. სახეობათა უმრავლესობა ტყის ქვედა იარუსებზე სახლობს;[2] არიან ლერწმის ბარდებში და სხვა წყლის სიახლოვეს არსებულ მაღალ ბალახში (Cistothorus-ის გვარი), ზღვის კლდოვან სანაპიროებზე, არიდულ მთებსა და ცხელ უდაბნოებში[2] (კაქტუსის ჭინჭრაქა, Campylorhynchus) მცხოვრები სახეობები. ბევრ მათგანს მალული ცხოვრების ნირი ახასიათებს, თავს ააშკარავებს თავისი უჩვეულოდ მაღალი, ჩვეულებრივ მელოდიური გალობით; ზოგიერთი სახეობის დედალიც გალობს.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმთავრესად იკვებება მცირე ზომის უხერხემლოებით, ობობებით,[2] ზოგჯერ კენკრითა და თესლებით.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭინჭრაქებს შორის არიან პოლიგამებიც და მონოგამებიც. მამალი აგებს რამდენიმე (ცალკეულ შემთხვევაში 30-მდე) სქელკედლიან, დახურულ, სფეროსებრი ფორმის ბუდეს (ზოგჯერ საბუდრად ფუღუროებსაც იყენებენ),[2] საიდანაც ერთ-ერთში დედალი დებს 2–10 (ხშირად 2–5) კვერცხს; ინკუბაცია 12–20 (ჩვეულებრივ 14–18) დღე-ღამე გრძელდება. ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს 14–19 დღის განმავლობაში. რიგი სახეობები წელიწადში ორ თაობას ჩეკს.

დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IUCN-ის წითელი წიგნის მიხედვით, 2 სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება, 2 — საფრთხის ქვეშ, 4 მოწყვლადი სახეობაა, ხოლო კიდევ 4 სახეობა გადაშენების საფრთესთან ახლოს იმყოფება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Troglodytidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ჭინჭრაქასებრნი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
  3. ჭინჭრაქასებრნი (TSN 178539). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  4. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 400, თბ., 1987 წელი.