შინაარსზე გადასვლა

წმინდა მანუელ სათნო, წამებული

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წმინდა მანუელ სათნო, წამებული“
San Manuel Bueno, mártir

ქართული გამოცემა
ავტორი მიგელ დე უნამუნო
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1931[1]
მედია ბეჭდური

წმინდა მანუელ სათნო, წამებული (ესპ. San Manuel Bueno, mártir) 一 ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს 1930 წლის მცირე მოთხრობა. ნაწარმოები აღწერილია, როგორც ნივოლა, თავად ავტორი მიერ ჩამოყალიბებული ერთგვარი ლიტერატურული ქვეჟანრი. [2] მოქმედება მიმდინარეობს სოფელ ვალვერდე დე ლუსერნაში და ადგილობრივი მცხოვრების, ანხელიტას თვალით მკითხველი ეცნობა კათოლიკე მღვდლის, დონ მანუელისა და მისი მრევლის თანაცხოვრებას. ცნობილია, რომ მოთხრობა გამოსვლისთანავე იქცა კრიტიკის ობიექტად და, კათოლიკური ეკლესიის ჩარევით, ის აკრძალული წიგნების სიაში, ე.წ. Index Librorum Prohibitorum-ში იქნა შეტანილი. ეს ამბავი კი, ერთი შეხედვით, სხვა არაფერია, თუ არა რწმენა-ურწმუნობის ზღვარზე მდგარი პიროვნებისა და დაეჭვებული მღვდლის თავგადასავალი, თუმცა მონათხრობში ისეა ჩამალული რელიგიურ-ფილოსოფიური და, საზოგადოდ, ცხოვრებისეული სიღრმეები, როგორც ის სულიერი ქალაქი, რომელიც სოფელ ვალვერდე დე ლუსერნას ტბის ფსკერზეა დაფლული.[3]

ნოველა მოგვითხრობს ადგილობრივ კათოლიკე მღვდელზე, დონ მანუელზე, რომელიც ავტორის მიერ გამოგონილ ვალვერდე დე ლუსერნაში ცხოვრობს, რომელიც ესპანეთში მდებარეობს, ნარატორად კი ანხელიტა კარბალინო გვევლინება. სიუჟეტის მანძილზე, დონ მანუელი ახერხებს ხალხის გულის მოგებას, იხვეჭს რა სახელს და წმინდანის რეპუტაციასაც კი, ეს კი სხვადასხვა გარემოებითაა გამოწვეული: ის გამუდმებით თანასოფლელთა სამსახურშია, გამუდმებით ცდილობს, ადამიანთა შორის სიკეთე დათესოს და ახერხებს დაეხმაროს იმ ერთეულებს, რომლებიც საზოგადოებამ საკუთარი წიაღიდან გამორიყა. კათოლიკური დოგმატიკის გაუთვალისწინებლად, იმის ნაცვლად, რომ მან უარი თქვას თვითმკვლელი ადამიანის დაკრძალვასა და წესის აგებაზეც კი, ის ღრმადაა დარწმუნებული, რომ მსგავსი ქმედების ჩამდენ ადამიანს სიკვდილის წინ უნებურად უწევს მონანიება. გარდა ამისა, იმის ნაცვლად, რომ მან განკვეთოს უკანონო შვილის მყოლი ქალი, მას საკუთარ ყოფილ პარტნიორთან არიგებს. სოფლის მოსახლეობა მას, სწორედ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, „წმინდანად“ მიიჩნევს.

მთხრობელი 一 ანხელიტა 一, რომელიც განათლების მიღების შემდეგ კვლავ სოფელში ბრუნდება, დონ მანუელის მიმართ ისევ ძველ დამოკიდებულებას გრძნობს.

ლასარო, ანჯელას ძმა, რომელიც მალევე ბრუნდება, როგორც თავად დონ მანუელმა მოიხსენია, ახალი სამყაროდან, თავდაპირველად სიდუხჭირეს განიცდის და დონ მანუელის მიმართაც ინდეფერენტული დამოკიდებულებითაა განმსჭვალული, თუმცა, მალევე, ისიც მიიჩნევს, რომ „მანუელი სხვებს არ ჰგავს და რომ ის მართლაც წმინდანია“, თუმცა დასძენს, რომ, მისი აზრით, დონ მანუელი „ზედმეტად ჭკვიანია, დაიჯეროს თავად ის, რასაც სხვას უქადაგებს“. ნათელია, რომ ლასაროს რწმენა არ აქვს. მას შემდეგ, რაც ანხელიტასა და ლასაროს დედა გარდაიცვლება, ლასარო დონ მანუელის თანდასწრებით, დედის სარეცელთანვე, დებს ფიცს, რომ ის საკუთარი დედის სულისთვის ილოცებს. დედის სიკვდილის წინა სურვილს სწორედ შვილის რელიგიურობაზე მოქცევა წარმოადგენდა. ლასარო იწყებს დონ მანუელთან ერთად ტბის ბოლომდე ჩასვლას, სადაც, გადმოცემით, ამ უკანასკნელს სჩვევია თავისი თავისუფალი დროის გატარება და განმარტოება. დრო გადის და ლასარო იღებს ევქარისტიას და, როგორც თანასოფლელთა, ისე საკუთარი დისა და მოძღვრის წინაშე ის, როგორც ჩანს, მოექცევა ჭეშმარიტებაზე, თუმცა, სინამდვილეში, ლასარო მხოლოდ დედის გულისთვის ლოცულობდა და არა იმის გამო, რომ მას რწმენა დაუბრუნდა.

ზიარების დამთავრებისთანავე, ლასარო მოუხმობს ანხელიტას და ეუბნება, რომ მან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იცოდეს: ის ამცნობს, რომ დონ მანუელსა და მას არამიწიერი ცხოვრების რწმენა არ გააჩნიათ. ანხელიტა დაბნეული და სასოწარკვეთილია. მისი თქმით, მანუელს სჯეროდა, რომ რელიგიის ქადაგება ხალხისთვის კმაყოფილების მოტანის ერტადერთი გზა იყო 一 ლასარო, მათი პირადი საუბრისა და მრავალ საკითხში გაუთვიცნობიერებლობის მიუხედავად, მაინც ყველაფერში დაეთანხმა მას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ქმედებებს ანხელიტა ღვთაებრივს ვერ უკავშირებდა, ლასარო მაინც მიიჩნევდა, რომ დონ მანუელი წმინდანია იმის გამო, რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე ამ სოფლისთვის გაუკეთებია.

მანუელი სულ უფრო და უფრო სუსტდება. ის ვერ უძლებს აღდგომის ქადაგების სიმძიმეს მაშინ, როცა მის ჭეშმარიტებას თავადვე ეჭვქვეშ აყენებს, ან ვერ იაზრებს. ის, თანდათანობით, დეპრესიაში ვარდება, თანასოფლელები კი მასში ქრისტეს სახეს ამოიცნობენ. როცა მისი სიკვდილი მოახლოვდა, მან ითხოვა, საჯაროდ, ტაძარში, სადაც საკუთარი მრევლი იქნებოდა თავშეყრილი, დამშვიდობებოდა თავის სამწყსოს. მომხდარიდან მალევე თავად ლასაროც გარდაიცვლება, რის შემდეგაც ანხელიტა სოფლის გარეთ გადადის საცხოვრებლად. მისი ნარატივი სრულდება მისივე დაშვებული ნააზრევით 一 მისი თქმით, შესაძლოა თავად ღვთის მიერ იყო დაშვებული დონ მანუელისა და ლასაროს რწმენაში მერყეობა, რადგან სწორედ ამის დახმარებით შეძლეს მათ სიკეთის მოტანა თვისტომელთათვის. ანხელიტა გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, მათ სიკვდილის წინ აეიხილათ თვალი და შეიცნეს ჭეშმარიტება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Farmer, Michial (24 April 2020). „The troubling tale of a priest who loses his faith“. America Magazine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 26 April 2020.
  • English Translation by Armand F. Baker დაარქივებული 2023-04-11 საიტზე Wayback Machine.
  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. See Alan Hoyle, "A Re-examination of Unamuno's San Manuel Bueno, mártir y tres historias más in Spanish Film, Theatre and Literature in the Twentieth Century: Essays in Honour of Derek Gagen, ed. David George and John London, Cardiff, University of Wales Press, 2007, pp. 59–83. And Alan Hoyle, Trilogía de Miguel de Unamuno: "San Manuel Bueno, mártir y tres historias más", Ediciones del Orto, Madrid, 2014. ISBN 84-7923-509-8.
  3. https://saba.com.ge/books/details/8888/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98