წიწიხიდნის ეკლესია
წიწიხიდნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ჩრდილოეთით, ნასოფლარ შავქედის მიდამოებში, წიწიხიდნად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება, სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს.
დანგრეულია. კედლების დიდი ნაწილი დაშლილია და მიწითაა დაფარული, რის გამოც ეკლესიის გეგმა სრულყოფილად არ ვლინდება. ეკლესიის შიგნით და კედლებზე ხეებია ამოსული.
ეკლესია დარბაზულია, საშუალო ზომის. ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი სამრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ოდნავ ბრტყელი აფსიდია, რომელსაც ჩრდილოეთ გვერდი და ჩრდილო-დასავლეთ კუთხე შემორჩა.
ეკლესიის დასავლეთით, ორმოციოდათიოდე მეტრის მანძილზე, შემორჩენილია გეგმით კვადრატული, შირიმის სუფთად დამუშავებული კვადრებით ნაგები შენობა, რომლის დანიშნულების შესახებ დაბეჯითებით რაიმეს თქმა, გათხრა-გასუფთავების გარეშე, რთულია.
შენობა ძლიერაა დაზიანებული. ოთხივე კედელი დაახლოებით 3,7 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ინტერიერი მოზრდილი ხვებითა და მცენარეულობითაა ჩანერგილი. ერთადერთი შესასვლელი შენობის სამხრეთიდან, კედლის შუაში აქვს. გარედან იგი გადახურული ყოფილა მოზრდილი არქიტრავით. შენობის გეგმა სიმეტრიულია. სტრუქტურულად იგი გაყოფილია სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებულ ნაწილად, რომლებიც ბოლოებში ერთმანეთისგან ყრუ კედლებით არის გამიჯნული, შუაში კი ერთმანეთს ერთვის. შენობის გვერდითი ნაწილები ვიწროა, თანაბარი სიგანის. შუა ნაწილი კი მათზე თითქმის სამჯერ უფრო განიერია. შენობის ოთხივე კედლის ღერძზე განიერი, გარეთკენ შევიწროებული სარკმელია. ოთხივე სარკმლიდან მხოლოდ ქვედა ნაწილიღაა შემორჩენილი. ყველას შიგნითკენ მკვეთრად დახრილი რაფა აქვს.
თუ როგორ იყო შენობის ნაწილები გადახურული არ ჩანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 143.