წინამხრის მთავარანგელოზთა ეკლესია და კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინამხრის მთავარანგელოზთა ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამხრის აღმოსავლეთით, მდინარე ხადისწყლის მარცხენა ნაპირზე, ფერდობზე. განეკუთვნება lX-X საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (10,9 x 6,8 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია. სახურავზე აცვენილია ფიქლის საფარი, ჩამოშლილია კამარის სამხრეთ გვერდის ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ზედა ნახევარი. დანგრეულია სამხრეთ და ჩრდილო მინაშენები. შესასვლელი ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის კარი ტიმპანითაა გადახურული და ორივე მხრიდან თაღოვანია, ჩრდილოეთის და სამხრეთის შესასვლელებს მხოლოდ შიგნით აქვს თაღი. აღმოსავლეთით ნახევრწრიული ფორმის, სამი საფეხურით შემაღლებული აფსიდია. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი და ოთხი ნიშია, სარკმელს საფეხურიანი რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზის ქვა. აფსიდს მთელ პერიმეტრზე საფეხური გასდევს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია შელესილი და ღარებით შემკული ქვის კანკელით. იგი სამთაღიანია, თარები დაყრდნობილია ქვის ოთხ სვეტზე. კანკელს შუაში შესასვლელი აქვს, გვერდებზე - მოაჯირები. სვეტებს ერთლილვა კაპიტელები ამშვენებს. დარბაზში სამი თაღოვანი სარკმელია, ერთი - დასავლეთით, ორი - სამხრეთით (სამხრეთ-დასავლეთ სარკმლის მხოლოდ კვალიღაა შემორჩენილი). გრძივი კედლები მარტივი პილასტრების ორი წყვილით დაყოფილია სამ-სამ მონაკვეთად. მათგან შუა და აღმოსავლეთ მონაკვეთები ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. შუა მონაკვეთების თაღზე კამარის საბჯენი თაღის პილასტრია დაყრდნობილი. კედლებზე შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ორი ფენისა და ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. ინტერიერში, ჩრდილო კედელთან, ხის მაღალი (სიმაღლე 5 მეტრი), ორნამენტებით მოხატული ჯვარი დგას. მოგვიანებით, კამარის გამაგრების მიზნით, დარბაზის დასავლეთ ნაწილში (გრძივი ღერძის გასწვრივ) საკმაოდ განიერი (სიგანე 1,5 მეტრი) კედელი აუგიათ. კოშკი ეკლესიის თანადროულია, დგას მისგან ჩრდილო-დასავლეთით, 2 მეტრზე. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი (5,4 x 4,5 მეტრი) ზურგიანია. სწორი მხარით მდინარისკენაა (სამხრეთით) მიქცეული, ხოლო ზურგით - მთისკენ. შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის შვერილი აივნის ხის კოჭები. პირველი სართული მიწიდან 5 მეტრ სიმაღლეზე იწყება, ქვემოთ ყრუ კედლებია. კოშკში შესასვლელი პირველ სართულზეა. ოთხკუთხა კართან მისადგმელი კიბისათვის კედელში ჩაყოლებულია შვერილი ქვა, მეორე სართული ყრუკედლებიანია, მესამე და მეოთხე სართულის სწორ კედლებში, ერთ ღერძზე, თითო პატარა სწორკუთხა სარკმელია, დანარჩენი კედლები ყრუა. კოშკის პირველი და მეორე სართულები კამარითაა გადახურული (მეორე სართულის კამარის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია). მესამე და მეოთხე სართულებს ხის ბრტყელი გადახურვა ჰქონიათ (შემორჩენილია გადახურვის კოჭების საყრდენი ბუდეები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]