შინაარსზე გადასვლა

ძუკნა (1931 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ძუკნა“

ფილმის პოსტერი
ჟანრი დრამა
რეჟისორი ჟან რენუარი
პროდიუსერი პიერ ბრონბერჟე
როჟე რიშბე
სცენარის ავტორი ჟან რენუარი
როლებში მიშელ სიმონი
ჟანი მარეზი
ჟორჟ ფლამანი
მადლენ ბერიუბე
კომპოზიტორი ეჟენი ბიუფე
ენრიკო ტოზელი
ოპერატორი თეოდორ შპარკული
სტუდია Les Films Jean Renoir
Les Établissements Braunberger-Richebé
ხანგრძლივობა 91 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული

ძუკნა (ფრანგ. La chienne) — ფრანგული დრამატული კინოფილმი. ჟან რენუარის პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი სურათი, რომელიც გადაღებულია ჟორჟ დე ლა ფურშადერის ამავე სახელწოდების რომანისა და ანდრე მუზი-ეონის სცენური ადაპტაციის მიხედვით. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ მიშეილ სიმონი, ჟანი მარეზი და მოყვარული მსახიობი ჟორჟ ფლამანი. ფილმის პრემიერა შედგა 1931 წლის 17 სექტემბერს ქალაქ პარიზში.

ფილმი მოგვითხრობს არცთუ ახალგაზრდა მოლარის მორის ლეგრანის შესახებ, რომელიც უბედურია ქორწინებაში და რომელიც ფერწერაში პოულობს ნუგეშს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ლულუს, რომელიც შეუყვარდება; ლულუს კი სუტენიორი დედე უყვარს, რომელიც მასში მხოლოდ შემოსავლის წყაროს ხედავს. მორისის გულწრფელი გრძნობა უკუგდებული და მასხრად აგდებული აღმოჩნდება და სწორედ ეს უბიძგებს მას დანაშაულისაკენ.

ზნეობის, სამართლიანობის, ორდინარულობისა და განკერძოებულობის ურთულესი თემების შეხებისას რენუარი შეფასებისაგან თავს იკავებს: თეატრალიზებულ პროლოგში ფილმი ირონიულად არის წარმოდგენილი როგორც „არც დრამა“ და „არც კომედია“, რომელიც „არ შეიცავს არანაირ მორალსა და არაფერს ამტკიცებს“. რენუარი გადაღების პროცესში ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა ხმასთან დაკავშირებით, ცდილობდა რა ბუნებრივი საქალაქო ხმაურის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემას.

ოპერატორული მუშაობა ხასიათდება კადრის სიღრმის ექსპერიმენტებით; გარდა ამისა, მრავალი სცენა გადაიღეს გრძელი პლანით, რათა შენარჩუნებულიყო ბუნებრიობა და სამსახიობო თამაშის უწყვეტობა. რეალისტურ და ნატურალისტურ მანერაში გადაღებული ფილმი, განიხილება როგორც კინემატოგრაფიული მიმართულების — პოეტური რეალიზმისა და ნუარის ერთ-ერთი წინამორბედი. მემარცხენე კრიტიკოსებმა სურათი აღტაცებით მიიღეს, მაშინ როდესაც ფრანგული საზოგადოების კონსერვატიულმა წრეებმა უარყოფითად. ფილმის გაქირავებას ეწინააღმდეგებოდნენ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციები და ასეთი მდგომარეობით სურათმა მხოლოდ უმნიშვნელო მოგება ნახა. ამჟამად, კინომცოდნეები ფილმს განიხილავენ როგორც რენუარის პირველ უპირობო შედევრს, რომელიც მისი შემოქმედების მოწიფულ პერიოდს გვაჩვენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]