ჟან რენუარი
ჟან რენუარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი, 1894 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
12 თებერვალი, 1979 (84 წლის) ბევერლი-ჰილზი, აშშ |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1924–1978 წწ. |
ჟან რენუარი (ფრანგ. Jean Renoir; დ. 15 სექტემბერი, 1894 — გ. 12 თებერვალი, 1979) — ფრანგი კინორეჟისორი. მხატვარ პიერ ოგიუსტ რენუარის შვილი. მისი როგორც სცენარისტის და რეჟისორის დებიუტი კინოში შედგა ფილმებში „უღიმღამო ცხოვრება“ (1924) და „წყლის ასული“ (1925). კინორეჟისორ ერიხ ფონ შტროჰაიმისა და გერმანული ექსპრესიონისტების შემოქმედების გავლენით მოახდინა ემილ ზოლას რომანის — „ნანას“ ეკრანიზაცია (1931).
მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმმა „ძუკნა“ (1931), რომელმაც რენუარის შემოქმედაბაში რეალისტური პერიოდი გამოამჟღავნა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სოციალურ პრობლემებს ანიჭებდა. სასიცოცხლო დამაჯერებლობის მსოფლიო პოეტურ აღქმასთან შეერთება დამახასიათებელია მისი საუკეთესო ნამუშევრებისათვის: „ბუდიუ, წყლიდან გადარჩენილი“ (1932), „ბატონ ლანჟის ბოროტმოქმედება“ (1936), „ადამიანი-მხეცი“ (1938), „თამაშის წესები“ (1939) და სხვა.
ნეორეალიზმის ერთ-ერთ წინამორბედად მიიჩნევენ სამხრეთ საფრანგეთის მუშა-იმიგრანტების ცხოვრების შესახებ ფილმს „ტონი“ (1935). ჰუმანიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმითა და სოციალური მახასიათებლის სიზუსტით აღნიშნულია ანტიმილიტარისტული სურათი „დიდი ილუზია“ (1937, ჯილდო ვენეციის კინოფესტივალზე). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან რენუარი მუშაობდა აშშ-ში. აქ გადაიღო ფილმები: „ეს მიწა ჩემია“ (1943), „სამხრეთელი“ (1945, ჯილდო ვენეციის კინოფესტივალზე) და „მოახლის დღიური“ (1946).
ჟან რენუარი ევროპაში 1951 წელს დაბრუნდა. ომისშემდგომ პერიოდში ჩამოცილდა რეალისტურ მანერებს, დიდ ყურადღებას უთმობდა სანახაობრივ და პლასტიკურ ჰარმონიას. იმპრესიონიზმის გავლენით შექმნა ფილმები: „მდინარე“ (1951), „ფრანგული კანკანი“ (1954), „ელენე და მისი კაცები“ (1956), „საუზმე ბალახზე“ (1959). სხვა ფილმებს შორისაა: „ჩარლსტონი“ (1927), „ასანთის პატარა გამყიდველი“ (1928), „ფსკერზე“ (1936), „ოქროს კარეტა“ (1952), „ექიმ კოდელიეს ანდერძი“ (1959), „ჟან რენუარის პატარა თეატრი“ (1970). უმეტესობა თავისი ფილმების სცენარის ავტორია, აგრეთვე გამოდიოდა როგორც მსახიობიც.
ჟან რენუარს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ოსკარის ჯილდო (1970).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cauliez A.-J. J. Renoir. P., 1962;
- Venegoni C. F. J. Renoir. Firenze, 1975;
- Sesonske A. J. Renoir. L., 1980;
- Базен А. Ж. Ренуар. М., 1995.