ძილის აპნოე
ძილის აპნოე — ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება.
ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძილის აპნოე შეიძლება რამდენიმე განსხვავებული ტიპის იყოს:
- ცენტრალური წარმოშობის ძილის აპნოე, რომლის დროსაც როგორც ჰაერის ნაკადის მიღება, ისე სასუნთქი მოქმედებები (მუცლით და მკერდით) წყდება აპნოეს შეტევის დროს და კვლავ ახლდება აქტივაციის (გამოღვიძების) რეაქციის დროს.
- ობსრტუქციული აპნოეს დროს ჰაერის ნაკადის მოდინება წყდება, თუმცა სასუნთქი მოქმედებები აპნოეს შეტევის დროს კიდევ უფრო ძლიერდება, მუცლის და მკერდის კუნთების მოქმედება უკიდურესად იძაბება იმისათვის, რათა ჰაერის ნაკადის გატარება მოხდეს. ეს ეპიზოდიც გამოღვიძებით სრულდება.
- აპნოეს შერეული ტიპი მოიცავს როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული ძილის აპნოეს ელემენტებს.
მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც პათოლოგიას, ძილის აპნოეს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ 1 საათის განმავლობაში მისი მინიმუმ 5 და მთელი ღამის განმავლობაში მინიმუმ 30 ეპიზოდი იჩენს თავს. ობსტრუქციული აპნოეს დროს იშვიათად ასეთი 300-მდე ეპიზოდი მეორდება. თითოეულ მათგანს მოსდევს გამოღვიძება, რის გამოც ფერხდება ნორმალური ძილი. ძილის აპნოე შეიძლება საშიშ მდგომარეობად იქცეს. ხშირ შემთხვევაში სწორედ მას ასახელებენ კვების დროს ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების მიზეზად. შესაძლოა სწორედ ძილის აპნოე იწვევდეს ხანშიშესული ადამიანების ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გამო გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს. აპნოეს ეპიზოდებმა შეიძლება გამოიწვიონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები, მათ შორის არითმია, ყოველი ეპიზოდისას არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობაში აპნოეს გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ბოლო პერიოდის შემთხვევების რაოდენობით მტკიცდება, რომ ეს დაავადება საკმაოდ ხშირად ვლინდება. მაგალითად, ჰიპერსომნიის მქონე პაციენტების 42%-თან იჩენს თავს.
სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ხშირად ძილის აპნოეს კლინიკური სურათი გამოხატულია საშუალო ასაკისა და ხანშიშესულ მამაკაცებთან, რომლებიც უჩივიან დაღლილობას, დღის განმავლობაში სიფხიზლის შენარჩუნების უუნარობას, თავის ტკივილს, გუნებგანწყობის ცვლილებას და ა.შ.
აპნოეს არსებობის ერთ-ერთი საწყისი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს ძლიერი ხვრინვა, მოუსვენარი ძილი, ძილში ამოსუნთქვის უუნარობა.
დიაგნოსტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპნოეს არსებობის რისკის შემთხვევაში პაციენტებს სხვადასხვა მეთოდით იკვლევენ, მათ შორის ელექტროენცეფალოგრამით (ეეგ), ელექტრომიოგრამით (ემგ), ელექტროკარდიოგრამით (ეკგ). დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ჰაერის ნაკადის და სასუნთქი მოქმედებების რეგისტრაცია. სირთულისდა მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს ეკგ-ს მონაცემების 24-საათიანი კონტროლი.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძილის აპნოეს მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობს, მათ შორის სასუნთქი ცენტრების სტიმულაციით, ღამის განმავლობაში ჟანგბადის მექანიკური კონტროლით, ქირურგიული ჩარევით და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც არსებობს რისკი აპნოეს არსებობის შესახებ, პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ალკოჰოლის მიღებას, რადგან ის უარყოფითად აისახება სუნთქვის პროცესებზე და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Клиническая психиатрия - Г.И. Каплан, Б.Дж. Сэдок. Москва, 1994