ძევრის გუდიელის ეკლესია
ძევრის გუდიელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი კირქვის კვადრების რეგულარული წყობით. აღმოსავლეთიდან დასრულებულია ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით. თითოეულ კედელზე, გარდა აღმოსავლეთისა, გაჭრილია სამი სწორკუთხა კარი. ინტერიერი ნათდება რვა თაღოვანი სარკმლით, რომლებიც სიმეტრიულად არის გადანაწილებული ფასადებზე. სამი სარკმელი დატანებულია აღმოსავლეთით, ორ-ორი ჩრდილოეთითა და სამხრეთით, ერთი - დასავლეთით. ნაგებობას შემოსდევს ცოკოლი, რომელიც უმეტეს ნაწილში ორსაფეხურიანია, ხოლო გარკვეულ ადგილებში - სამსაფეხურიანი. კედლების დასრულებულია პროფილირებული ლავგარდანით. ეკლესიის ძირითადი დარბაზი ორფერდა გადახურვითაა დაბურული, ხოლო აფსიდის წახნაგების შესაბამისად, ხუთფერდა გადახურვა აქვს. სახურავის მასალად გამოყენებულია თუნუქის ფირფიტები. ეკლესიას მხატვრულ ეფექტს სძენს პროფილირებული და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც კარ-სარკმლეთა და აფსიდის წახნაგებზეა გაკეთებული. სამივე კარსა და აფსიდის წახნაგებს შემოსდევს ორმაგი ლილვებით დეკორირებული თაღი და პილასტრები. თითოეული პილასტრი გაფორმებულია გეომეტრიული ფიგურებისა და ორნამენტული რელიეფების მქონე ბაზისებითა და იმპოსტებით. სარკმლების საპირეები შექმნილია საფეხურებად განლაგებული ლილვისებური და ბრტყელი სიბრტყეების მონაცვლეობით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17004